ამ ინტერვიუთი მომღერალ მარკუს მეტრეველის ძალიან საინტერესო მხარეს გაიცნობთ. ნახავთ, რა გზები გაუხსნა მას სირთულეების გადალახვამ და საკუთარი თავისა თუ სამყაროს შეცნობის პროცესმა.
მარკუს მეტრეველი: ეზოტერიკა ფართო და ძალიან საინტერესო ცნებაა. ის გეხმარება, აღმოაჩინო შენი თავი, შინაგანი მდგომარეობა და მოაწესრიგო ის. გქონდეს დისციპლინა საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან. ის გასწავლის სწორად ცხოვრებას, იმასაც, თუ როგორი ადამიანები გჭირდება გარშემო და როგორები უნდა განდევნო შენგან, როგორი უნდა შეიყვარო და როგორი – უარყო. მე ეზოტერიკა ძალიან დამეხმარა ჩემი ცხოვრების დაბალანსებაში. ეს იდუმალი სამყარო მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან მაინტერესებდა. ეზოტერიკა ბერძნული სიტყვაა და შინაგანი სულიერი მდგომარეობის შესწავლასა და გაჯანსაღებას ნიშნავს. მე ავიღე შესაბამისი ლიტერატურა და თინეიჯერობის ასაკიდანვე დავიწყე ამ საკითხში განვითარება. ეზოტერიკის განშტოებებმა კიდევ უფრო ღრმად ჩამახედა ღმერთის სამყაროში. სიღრმეებში რომ შევედი, ბევრი დაფარული რამ აღმოვაჩინე. მაგალითად ის, რომ რიტუალი ასკეზა არის ფანტასტიკური საშუალება ღმერთთან თანამშრომლობისთვის.
– რას მოიაზრებს ეს რიტუალი?
– ასკეზა ძალიან მაგიურია. ეს არის 21-დღიანი რიტუალი, რომლის დროსაც, შენ ღმერთთან თანამშრომლობ. სულიერად სთხოვ იმას, რაც გინდა მომავალში მიიღო. მაგრამ ამ დროს აუცილებლად უნდა დათმო შენი ხასიათის მავნე ჩვევა – ყველაფერი ცუდი, რაც გაწუხებს, გინდა გადააგდო, მაგრამ ვერ აგდებ. შენ თუ ამას შეძლებ, მაგალითად, იქნება ეს სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის მოხმარება, თუ მასზე უარს იტყვი და არ დაარღვევ აღთქმულ პირობას, აუცილებლად მოგეცემა უფლისგან ის, რაზედაც ოცნებობ. ყველაფერი, რაც ასკეზას დახმარებით ღმერთისთვის მითხოვია, მომცემია. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ამ პროცესში, იმას თმობ, რაც შენ გვნებს. ასკეზა შენ სულიერ სამყაროს წვრთნის, იმისთვის, რომ უკეთესი შენი თავი გამოგავლენინოს. ამ პროცესში ახლიდან იბადები, იბადება შენი საუკეთესო ვერსია, სულიერად ჯანსაღი. უკვე იცი, რა გინდა სამყაროსგან, რა უნდა გასცე და რა უნდა მიიღო.
– როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, სასიყვარულო ჯადო გქონდა გაკეთებული, მისგან გათავისუფლება როგორ მოახერხე?
– როდესაც გავიგე, რომ ჩემში ეს საშინელი ენერგიაა, მაშინვე დავიწყე იმის შესწავლა, თუ რაში მდგომარეობდა მისი ძალა და როგორ უნდა მომესპო ის. მე საბერძნეთში ბუზუკებში ვმუშაობდი და სხვადასხვა ქალაქში მიწევდა ყოფნა. ერთ-ერთი ქალაქი მეტეორასთან იყო ახლოს. მოგეხსენებათ, მეტეორა არის დიდი სამონასტრო კომპლექსთაგანი, რომელიც მთის სვეტებზეა განლაგებული. ულამაზესი სანახაობაა. ყოველთვის მინდოდა მეტეორაზე ასვლა. ზუსტად იქიდან დაიწყო ჩემი სულიერი მდგომარეობის განვითარება. ავედი თუ არა კლდეზე და იქ შევედი, მამაომ დამინახა და მითხრა, რომ მე მაქვს ძალიან დაბინძურებული აურა და ჩემში სხვა, ბოროტი ენერგიაა, რომელიც აუცილებლად უნდა განვაშორო ჩემი სხეულიდან და სულიდან. ამაზე გამეცინა, მაშინ არ მჯეროდა. მერე ამ ადამიანთან ყოველდღიური შეხება მქონდა. სამი თვე ვიყავი ამ ქალაქში, სამი თვე დავრჩი მეტეორაზე და მამაოებმა ძალიან ბევრი იმუშავეს ჩემს სულიერ წვრთნაზე. ვხვდებოდი, როგორ გადიოდა ჩემი ორგანიზმიდან ეს ბოროტი ენერგია. დამჭირდა ძალიან ბევრი ლოცვა, მეტანიები, კვეთებულები და ათასი რამ, რასაც ახლა ვერ მოვყვები. გრძნობ, რომ ეტაპობრივად ამისგან თავისუფლდები. ბოროტს ებრძვის კეთილი ძალა, ეს ძალიან, საშინლად და აუტანლად რთული მდგომარეობა იყო. მხოლოდ დედაჩემმა იცის, რამდენად რთული. სამწუხაროდ, მისთვის იყო ეს ხილული, ის გვერდით მედგა და საკუთარი თვალით ხედავდა, თუ რა მემართებოდა, როცა ეს ყველაფერი ჩემგან გადიოდა. ძალიან ვმძიმდები ამაზე საუბრით და მეტ დეტალებში ნუღარ შევალთ.
– სერიოზული ზიანი მოგაყენა?
– ეს ძალიან გვნებს, ჯანმრთელობას გინადგურებს. სულიერად თუ ფიზიკურად საშინლად გრძნობ თავს. ღებინება გაქვს, თავი გტკივა, ძვლები გტკივა, სხეულის ყველა ნაწილი... დაზომბებული ხარ, რობოტივით მოქმედებ და აზროვნებ, არაფერი გაინტერესებს, გარდა იმ ერთი ადამიანისა. სულ სხვა ადამიანი ხდები. მაგრამ ეს ისე ხდება, რომ თვითონ ვერ აცნობიერებ. გგონია, რომ ისევ ისეთი ადამიანი ხარ, როგორიც აქამდე იყავი, უბრალოდ, გვერდში მდგომი ადამიანები გეუბნებიან, რომ შეიცვალე. სულ სხვა ადამიანი ხარ, სხვა თვალებით, შუშის გამოხედვით და ამ ყველაფერს ბუნებრივად აღიქვამ. არადა, ამ დროს, ყველაზე არაბუნებრივი და სხვა პლანეტიდან მოსული მხეცი ხარ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 შალვა რამიშვილი სკანდალურ ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - „არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს“
🎥 ნატა გულიაშვილს ახალი მანქანა ჰყავს - „ჩემს შავ თმას უხდება ხო?“
წყარო: tbiliselebi.ge