დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჯილდოზე - „ოქროს ბურთზე“ ნომინირებული პირველი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, მე-17 ადგილზე გავიდა. ინფორმაციას გამოკითხვის ორგანიზატორი გამოცემა France Football ავრცელებს.
ხვიჩამ ისეთ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორიც არიან: ჯუდ ბელინგემი, ლაუტარო მარტინესი, ჰარი კეინი, ქარიმ ბენზემა და სხვები.
2023 წლის „ოქროს ბურთის“ რიგით 67-ე დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში იმართება, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი თავის მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად ესწრება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასევე უეფამ ის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
ასევე ცნობისთვის, „ოქროს ბურთი“ (ფრანგ. Ballon d'Or) - საფეხბურთო ჯილდოა, რომელიც ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა დააწესა და ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებენ.