ტელეწამყვანმა გოდერძი შარაშიამ „თბილისელებთან“ ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მან სოციალური ქსელის მომხმარებელს ცუდი კომენტარის გამო დაურეკა და ცდილობდა გაერკვია, რატომ მიაყენა მას შეურაცხყოფა.
ჩემი და ერთ-ერთი იტალიელის ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე და ვიკითხე, სხვებიც თუ გვამსგავსებდნენ ერთმანეთს. მე ჩემს გვერდზე კი არა, ყველა ჩემი გადაცემის ქვემოთ ვკითხულობ კომენტარებს. შენიშვნებს და რეკომენდაციებს აუცილებლად ვითვალისწინებ, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო წასაკითხია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ. ამ ჩემს ერთ უბოროტო ფოტოზე ერთმა ქალბატონმა ძალიან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, გამეორებაც კი არ მინდა. ჩემი ცუდი საქციელი ისაა, რომ მე ამ კომენტარის ავტორს მივწერე და დავურეკე კიდეც. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ არ უნდა დამერეკა. რაც კომენტარში დაწერა, იმაზე უარესი მელაპარაკა. ენით აღუწერელი კომენტარი იყო, საშინელი და ვკითხე, გიცნობთ? შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ? ლოგიკურების ფარგლებში შენიშვნა მომეცით, მაგრამ ასეთ რამეს რატომ მიწერთ-მეთქი, ვკითხე. ამაზე ისეთები მიპასუხა, ვიფიქრე: ღმერთო, ახლა მიწა რატომ არ გამისკდება-მეთქი და გავთიშე. ეს სოციალური ქსელია და ყველაფერი „მოსულა“, მე აქ უარესებს ვწერო. მე რომ მსგავსი რამ თქვენ დაგიწეროთ ან თქვენს შვილს-მეთქი? - მაგას არ გაპატიებო, მითხრა, თუმცა თვითონ ეპატიება. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია სოციალურ ქსელში.
- მეორე მხარეც აქვს ამ ამბავს, ჟურნალისტისგან ცუდ ტონად მიიჩნევა პასუხის მოთხოვნა.
- ჰო, მაგრამ, მე მას პასუხი კი არ მოვთხოვე, უბრალოდ, მისი მოსაზრება მაინტერესებდა. მაინტერესებდა, ვინ იყო, რა ინტერესები ჰქონდა. რატომ წერენ ზოგადად ადამიანები ასეთ რამეს, თორემ მე ეს როგორ გამიბედე-მეთქი, არ მითქვამს. ასეთ ადამიანებს თავიანთი გაჭირვება ისედაც ჰყოფნით, მე რომ არ დავემატო ზემოდან. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სხვის აზრს ყურადღებას არ ვაქცევ. ყველაფერს ვკითხულობ აბსოლუტურად, მაგრამ ასეთ კომენტარზე, ასეთივე ფორმით პასუხს როგორ ვიკადრებ. თურმე კომენტარის მიღმა კიდევ უარესია, მეტჯერ ამას აღარასდროს ვიზამ. მე დავაშავე ამით, ჩემს თავთან დავაშავე და აღარ გავიმეორებ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება, სულ გულში ხარ“ - გელა დაიაური გარდაცვლილ ცოლზე
🎥 „რა საყვარელი გუნდი ხართ“ - იმედის დილის წამყვანების თამაში რეკლამის დროს
წყარო: tbiliselebi.ge