Digest Logo

ლაშა ჯოხაძე: ამ პროცესში საკუთარი თავი დავინგრიე და თავიდან დავიწყე შენება

1767545814
ლაშა ჯოხაძე

დიზაინერ ლაშა ჯოხაძისთვის წლევანდელი წელი დიდი გადაფასების მომტანი აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები მოხდა, რაზედაც ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

ლაშა ჯოხაძე: 2025 ფანტასტიკური წელი იყო. ამ წელმა განვითარების კარგი საშუალება მომცა – ვგულისმხობ უფრო მეტად პირონულ და მენტალურ დონეზე განვითარებას. სხვა საფეხურზე გადავედი. პროფესიული კუთხითითაც ძალიან სტაბილური და კარგი წელი იყო. ნელ–ნელა ისეთ ეტაპს მივუახლოვდი, საიდანაც უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა შემიძლია. ყველამ იცის, რომ მე აქტიურად ვარ ჩართული სატელევიზიო პროექტებში, უფრო მეტად, ვიდრე მოდის ინდუსტრიაში. თუმცა, ახლა შეიძლება, უკვე მზად ვარ იმისთვის, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადავდგა მოდის ინდუსტრიაში. ვამზადებ კოლექციას, რომელიც ძალიან ტრენდულია.

– თუ გამოყოფ, რა იქნება ამ წლის მთავარი მონაპოვარი შენთვის?

– უფრო მეტად – მენტალური განვითარება და ზრდა. ამ მხრივ დავამუშავე საკუთარი თავი. რაზედაც ადრე ვღელავდი, დღეს აღარ ვნერვიულობ. მარტივად აღარ მეშლება ნერვები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სენსიტიური ვარ, დღევანდელობა კი უსიამოვნებებით არის სავსე. საკუთარ თავთან ბევრი მსჯელობის შედეგად სიმშვიდე ვიპოვე. თუმცა, არა მხოლოდ საკუთარ თავთან, ძალიან ვაფასებ ფსიქოლოგებს, ბევრს ვსაუბრობ ამ თემებზე, ბევრს ვუსმენ, რადგან როცა ადამიანის მენტალური მდგომარეობა მოწესრიგებულია, პროფესიულადაც მეტად ვითარდები.

ცხოვრების რაღაც ეტაპზე პრიორიტეტები იცვლება. ახლა ამაზე ვარ კონცენტრირებული.

– არის წლები, როცა დროს მთლიანად პროფესიულ განვითარებას უთმობ და საკუთარ თავს ცოტა ივიწყებ?

– ზუსტად ამას ვამბობ. მე ისევ ვუთმობ დროს ჩემს პროფესიას, მაგრამ თუ აქამდე 24 საათს ვუთმობდი, ახლა ასე აღარ არის. საწყის ეტაპზე თავდადება აუცილებელიცაა, თავიც უნდა გაწირო, მსხვერპლი უნდა გაიღო. მე ეს გავაკეთე, მაგრამ მუდმივ რეჟიმში მსხვერპლის გაღება უკვე ძალიან დამაზიანებდა. დავანგრიე კიდეც საკუთარი თავი ამ პროცესში და თავიდან დავიწყე შენება. მომწონს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. ზღვარს არ გადავდივარ, ზომიერებისა და პიროვნული განვითარების, ჩემს თავთან ჰარმონიული მდგომარეობის ფარგლებში რაც მჭირდება, ის ნაბიჯები გადავდგი და აბსოლუტური ჰარმონია მოვიპოვე. დღეს სამუშაოს საკუთარ თავზე მეტ დროს აღარ ვუთმობ. შეიძლება, ითქვას, ახლა 50/50-ზეა.

როცა 24/7-ზე მუშაობ და მეორე დღეს „არაფრად ვარგიხარ“, ამას კი სისტემატური სახე აქვს, ეს ნიშნავს, რომ შენ შენი თავისთვის კი არა, სხვისთვის მუშაობ და ეს დანაშაულია. ჩვენთან დოგმასავითაა, თუ ბევრს ვმუშაობთ, ბევრს გამოვიმუშავებთ – ეს მცდარი აზრია. შეგვიძლია, ნაკლები ვიმუშაოთ და მეტი გამოვიმუშაოთ.

– როგორ?

– მუშაობის დროის შემცირება ხარისხის შემცირებას არ ნიშნავს. 24 საათი რომ მუშაობ, მეტი შანსია, რომ ნაკლებად ხარისხიანი შექმნა. რაღაც დროის შემდეგ შეიძლება, უუნარო გახდე. ხარისხი კი პირდაპირპროპორციულია ღირებულებასთან. ზუსტად აქ არის ბალანსი. იყო მომენტი, როცა ადამიანისთვის უარის თქმა არ შემეძლო. ასეთ მომენტში ჩემთვის თანხა არ იყო მნიშვნელოვანი. შეიძლება, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ ან სრულიად უფასოდ გამეკეთებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს „არა“ ვერ ვუთხარი. თუმცა, მთელი გულითა და სულით ვაკეთებდი. სანაცვლოდ კი დავიღალე, დავზარალდი, ადამიანად აღარ ვივარგე და ვერც თანხა გამოვიმუშავე. ეს არ არის სწორი. როცა რაღაც დროს აწესებ შენი თავისთვის, როცა გადაწყვეტ, რომ იმუშავებ იმდენს, რამდენიც არ გაგანადგურებს, შენ გარშემო ბევრი რამ შეიცვლება. მესმის ხელოვნებაა, მაგრამ წლები გადის და მერე უკვე საქმეს ისე უყურებ, როგორც ბიზნესს, ამიტომ საკუთარ თავზეც ფიქრობ და დროსაც სწორად ანაწილებ. ასე უფრო მეტ მოგებასაც ნახულობ, ვიდრე მანამდე, როცა საკუთარ თავს აზარალებდი მხოლოდ იმიტომ, რომ „არას“ ვერ ამბობდი. ცხოვრება და გამოცდილება თავისთავად გასწავლის ამ ყველაფერს. გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი აღარ უნდა დავაზიანო.

– ესე იგი, საკუთარი თავის ცოტა მეტად დაფასებისა და დანდობის დრო მოვიდა.

– აუცილებლად, გინდ – საქმეში და გინდ – პირად ურთიერთობაში. ამან ბევრი რამ გამიმარტივა. გამოცდილება ძალიან კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა. საკუთარი თავის საზიანო შეცდომების დაშვება კმარა.

– პირად ურთიერთობებში როგორი იყავი და რა შეცვალე?

– ყველას ცხოვრებაში არსებობენ პროვოკატორები, ნარცისები, მანიპულატორები. როდესაც ასეთი ურთიერთობებიდან გამოვდიოდი, სულ მსხვერპლი ვიყავი. დამაზიანეს, მატკინეს, არასწორად მომექცნენ. იცი, სად გავთავისუფლდი? როცა მივხვდი, რომ სხვამ კი არ გამიკეთა რამე ცუდი, მე მივეცი მას ამის უფლება. მათ კი ისარგებლეს. ამიტომ თითს სხვებისკენ აღარ ვიშვერ. სულ თავს ვაჯერებდი, რომ მე ვიყავი კარგი, მაგარი და სხვები მომექცნენ ცუდად. არადა, მე თუ არ მივცემ სხვას უფლებას, ცუდად მომექცეს, ის ამას ვერ შეძლებს. ვერავინ გადმოკვეთავს წითელ ხაზებს, თუ მე მას დავაწესებ, მაგრამ თუ მე ეს ზღვარი არ დაგიწესე, ჩემს ცხოვრებაში იჭრები და ნელ-ნელა დისკომფორტს მიქმნი, თუმცა სანამ ეს ყველაფერი ტოქსიკური არ გახდება, მანამდე ვერ ვაცნობიერებ. როცა ძალიან შემაწუხებელია, მერე ფაქტის წინაშე ვდგები და ვხვდები, რომ მე მივეცი ამას უფლება. სანამ გამოუცდელი ხარ, ასეა და მერე გწყინს ადამიანების უმადურება. კი, ბევრი მართლაც უმადურია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ იმდენი „სიკეთე“, რომელიც მერე უკუღმა, ჩვენდა საზიანოდ მოგვიბრუნდება. ნაკლები გააკეთე, ნაკლები მოლოდინი გექნება და ნაკლებ ემოციურ შოკსაც მიიღებ. ეს არის ბალანსი, რომელიც ჩემს თავში აღმოვაჩინე.

მწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და როცა ასეთი განწყობა გაქვს, ასეც იქნება. დრამას არაფრისგან არ ვქმნი. სამსახურეობრივადაც ყველაფერი რიგზეა და ეს, ბედნიერებასთან ერთად, კმაყოფილებისა და სიმშვიდის განცდას მაძლევს.

– რამდენად გიყვარს დღესასწაულები, როგორ ხვდები ახალ წელს?

– საოცრად, ვგიჟდები ახალ წელზე. ეს არის წელიწადის ის დრო, რომელიც ამ ასაკშიც კი ჯადოსნურ ხასიათზე მაყენებს. სახლიც გადატვირთულია სადღესასწაულო მორთულობითა და აქსესუარებით, ეს მიქმნის სიმყუდროვის განცდას. სხვათა შორის, ბევრს უთქვამს, კარგი რა, არ გეზარეობაო?! არ მეზარება და ნეტავ, კიდევ დიდხანს არ დამეზაროს. ყველაფერს განწყობამდე მივყავართ და თუ განწყობას დავკარგავთ, ძალიან ბევრს გამოვტოვებთ ამ ცხოვრებაში. ამიტომ პირიქით, დიდხანს მინდა, ეს დამოკიდებულება გამყვეს ახალი წლის მიმართ.

– როგორ ხვდები ახალს წელს – სადღესასწაულოდ გამოწყობილი თუ სახლის ფორმაში?

– პროექტებიდან გამომდინარე, ახალ წელს სულ გარეთ ვარ. ვახერხებ იმას, რომ უცებ გამოვრბივარ სახლში, ახალ წელს შინ შევხვდები, მერე ჩემებთან მივდივარ – მათი მეკვლე ვარ და მერე მეგორბებთან გავდივარ.

– როგორია წლევანდელი ტენდენციები?

– ქვიშისფერი, ჭაობისფერი, ლავანდისფერი, იასამნისფერი ამ წელს განსაკუთრებით აქტუალურია. მხოლოდ პასტელური ფერები აღარ არის მოდაში, მასთან ერთადაა, ნეონური ფერები, ელექტრული ტონები და მათი კონტრასტები. საერთოდ, ფერების მხრივ ექსპერიმენტების წელია. რაზედაც წარმოგვიდგენია, რომ ერთმანეთს არ უხდება, ზუსტად იმ ფერების შეხამებაა წელს მოდაში. ფაქტურულად ძალიან აქტუალურია ტყავი და მეც დიდი დოზით ვიყენებ ჩემს კოლექციაში.

რაც შეეხება ახალი წლის ჩაცმულობას, ძალიან ინდივიდუალური და განწყობის ამბავია. ვის წითელი ფერი აყენებს კარგ ხასიათზე, ვის – უბრალოდ, კომფორტული სამოსი. მთავარია საზეიმო განწყობა და კარგის მოლოდინი გვქონდეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბარბარა სამხარაძე: პირად ცხოვრებაში სიახლე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ

⭕ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის „პარიზთან“ სათამაშოდ მზად არის

🎥 „საიდან ამდენი ბოღმა?“ - შამპანურის აბაზანა ხელებისთვის და ფუფუნება: რა ვიდეოს აქვეყნებს დუბაიდან შორენა ბეგაშვილი, რის გამოც აკრიტიკებენ

წყარო: tbiliselebi.ge