ლუდომანია ანუ თამაშებზე დამოკიდებულება ცხოვრებისეულ ტრაგედიად არაერთ ოჯახში ქცეულა. „კურიერის" რესპონდენტი შვილის გადარჩენის შემდეგ უკვე დღეს ცდილობს დაეხმაროს სხვა ადამიანებს მსგავსი პრობლემებით.
მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხი პარლამენტის დაკვეთით შეისწავლეს. თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრირებულია მილიონზე მეტი ანგარიში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს გახსნილი.
უახლესი კვლევის შედეგები არ აკვირვებთ მათ, ვინც წლებია ამ უდიდესი პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ორგანიზაციაში „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ამბობენ, რომ დამოკიდებულთა სტატისტიკამ საქართველოში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად კი, კანონის სრულყოფილი აღსრულება მიაჩნიათ.
იმაზე, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა საკმაოდ მძაფრად დგას, თანხმდებიან საკანონმდებლო ორგანოშიც. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან ბრძოლა კიდევ უფრო მეტ რეგულაციებს საჭიროებს.
მოკვლევის პარალელურად, პარლამენტს რეკომენდაციებიც გაეგზავნა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოყალიბდეს პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი მარეგულირებელი ორგანო.
საქართველოში აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პარლამენტის მიერ დამტკიცდა კანონი. უკვე სამი წელია აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, ხოლო თამაშებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საჯარო მოხელეების, სოციალურად დაუცველებისთვის და 25 წლამდე მოქალაქეებისთვის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕კაცი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა, 26 წლის იყო