
მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ დამარცხების (5:0) შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მან და კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგებით მთავარი მიზანს მიაღწიეს.
ლუის ენრიკემ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მწვრთნელის რანგში „ბარსელონაში“ 2015 წელს ბერლინშიც მოიგო, განაცხადა, რომ პსჟ-ში დანიშვნის დღიდან (2023 წელს) სულ ამ ტიტულის მოგებისკენ ისწრაფოდა.
„პსჟ-ში ჩემი დანიშვნის პირველივე დღეს ვთქვი, რომ მწვრთნელის რანგში ჩემი მთავარი მიზანი ტიტულების „კარადის“ შევსება იყო. ტიტულებიდან მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა არ გვქონდა მოგებული და ესეც მოვიპოვეთ. განსაკუთრებული პატივისცემა ჩვენს თავდამსხმელს უსმან დემბელეს, ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და „ოქროს ბურთის“ მოგებას იმსახურებს“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.
მწვრთნელმა პატივი მიაგო თავის ქალიშვილს ქსანას, რომელიც 2019 წელს, ცხრა წლის ასაკში ოსტეოსარკომით გარდაიცვალა. საფინალო სასტვენის შემდეგ ფრანგმა გულშემატკივრებმა გაშალეს ბანერი, რომელიც ლუის ენრიკეს შვილს მიუძღვნეს.
„ეს ემოციური და მშვენიერი ჟესტი იყო, გულშემატკივრებმა ჩემზე და ჩემს ოჯახზე იფიქრეს. ჩემპიონთა ლიგის ან თამაშის მოგება არ მჭირდება, ჩემს ქალიშვილზე რომ ვიფიქრო. ქსანა ყოველთვის ჩემთანაა, მის გვერდით ყოფნას ყოველთვის ვგრძნობ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რა ლამაზი ხარ...“ - მაკა ზამბახიძე ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ პარიზში 300-მდე ადამიანი დააკავეს