14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება შაქრიანი დიაბეტის, მისი პრევენციისა და მართვის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
სწორედ დიაბეტის თემას მიეძღვნა პოდკასტის „აქ ● AQ“ ეპიზოდი, რომლის სტუმარიც მუსიკოსი მაია ბარათაშვილი იყო. მას მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზი წლების წინ დაუსვეს და ჯანმრთელი ორგანიზმისთვის ყოველდღიურად იბრძვის.
როგორც თავად მუსიკოსი აცხადებს, მისი დიაბეტი გენეტიკური ხასიათისაა, რადგან როდესაც იგი 15 წლის იყო დედა სწორედ აღნიშნული დაავადებით გარდაეცვალა:
„მიზეზი რატომაც სისხლში შაქრის დონე გადავამოწმე ჭარბი წონა იყო. მთელი ცხოვრება ვეჭიდავები წონას და ჩემმა მეგობარმა მითხრა, წაგიყვან ისეთ ექიმთან, რომ დაგადნობსო. ჩვენი მშობლების თაობაში მნიშვნელოვანი იყო, ბავშვს ბევრი ეჭამა. დღევანდელი გადასახედით ეს მცდარი აზრია. ვცხოვრობდი ბებიასთან, რომელიც მიმზადებდა კომბოსტოს პეროგებს, ვარენიკებს, სასწაულ „პერაშკებს“, ნამცხვრებს და ამას მე ვერ ვაკონტროლებდი.
მივედი, ავიღე ანალიზები და აზრადაც არ მქონია, რომ შეიძლებოდა დიაბეტი მქონოდა. გენეტიკური განწყობაც მქონდა, დედა დიაბეტით გარდაიცვალა. ჯერ პრედიაბეტი მქონდა. დავიწყე ბრძოლა, რადგან შემეშინდა. მაქვს ნანახი დედას ტანჯვა, საავადმყოფოში მე ვუვლიდი დედას. მოჭრილი ხელ-ფეხი, მოჭრილი თითები, მოკვეთილი ფეხი - ეს ყველაფერი მე ვნახე 15 წლის ბავშვმა. დავინახე დიაბეტიკი ქალი, რომელსაც აჰყვა სილურჯე და დაიღუპა. არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მეც მომივიდეს და სხვანაირად შევხედე ყველაფერს.
ზუსტად მივყვებოდი ექიმის მიერ დაწერილ დიეტას, პირველი კლება იყო ძალიან კარგი.
არსებობს ორი ტიპის დიაბეტი: პირველი ტიპის არის ძალიან მძიმე, ინსულინდამოკიდებული და რთულია. მე მქონდა მეორე ტიპის დიაბეტი, შეძენილი, გენეტიკური ფაქტორი. არასწორმა კვებამ და სტრესმა გამოიწვია, 15 წლის ასაკში გარდამეცვალა დედა და სტრესის ნაკლებობა არ მქონია.
არ არის საჭირო იყო მდიდარი, რომ გიხაროდეს ცხოვრება. გამოვედი იმ დღეს და ვფიქრობ, რა ბედნიერებაა, რომ ხელ-ფეხი მაქვს, ჯანმრთელი ვარ, ენერგია მაქვს, ფეხით დავდივარ 12-14კმ ყოველ დღე!“, - ამბობს მაია ბარათაშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საუკეთესო პაემანი“ - თიკა ფაცაცია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
⭕დღეს, 14 ნოემბერს წმინდა მკურნალების კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა - ლოცვა მათ წინაშე საკითხავი