Digest Logo

🎥 „მამაჩემი ხევისბერი იყო და ასევე წინასწარმეტყველი, რომელსაც ხშირად ეცხადებოდა ანგელოზი...“ - გაიცანით 96 წლის თეკლე ბადრიშვილი

1731009254
თეკლე ბადრიშვილი

საინტერესო ადამიანები „სხვა რაკურსში“ - ასე ჰქვია გია ჯაჯანიძის წამოწყებას, რომლის სტუმარიც 96 წლის თეკლე ბადრიშვილი გახლდათ.

იგი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალივში ცხოვრობს და გადაცემაში განვლილ ცხოვრებას იხსენებს:

„შუაფხოში მარტო ვცხოვრობ ხოლმე, იქ გამოვიზამთრე. ძალიან მძიმეა მარტო ცხოვრება, თუმცა ღმერთი რასაც გარგუნებს  უნდა დაჯერდე.  12 წელი გათხოვილი ვიყავი, მაგრამ მშობლების გარეშე ვერ გავძელი და სახლში დავბრუნდი. მშობლების გარეშე ვერ ვიარსებებდი, ქმარმაც გამიშვა და ისიც წამომყვა მერე.

ყველაზე მტკივნეულად მახსოვს დედის გარდაცვალება. მარტო ვიყავით მე და დედაჩემი სახლში. თებერვლის 28 რიცხვი იყო. თოვლი და უბედურება. მარტომ დავასვენე და გავაპატიოსნე, არავინ არ იყო. ჩემი ძმა კიდე 32 წლის იყო ცხვარში, რომ წავიდა, საშინელი წვიმა წამოვიდა მეხი დაეცა და მოკვდა. აი ამას ყველაფერს რომ ვიგონებ ვსევდიანდები. თუმცა მამა და დედა ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი იყო. მამაჩემი ხევისბერი იყო და ასევე წინასწარმეტყველი, რომელსაც ხშირად ეცხადებოდა ანგელოზი. კურნავდა ბავშვებსაც. ჩემ შვილს სიცხე ჰქონდა ერთხელ მახსოვს, სად აღარ მივიყვანე, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ ექიმები. მამაჩემთან რომ მივიყვანე მეორე დღეს ბავშვს სიცხემ დაუწია. ლოცულობდა. 

19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. უმაღლესში ჩავაბარე, და აქაური კაცი მოვიდა წამომიყვანა ცოლად. მომწყვიტა ყველაფერს. მერე ვისწავლე უმაღლესში შვილები რომ გავაჩინე. რომ დავინახე ჩემი მეუღლე გავიფიქრე - ნეტავ ვინ არის ასეთი ლამაზი ვაჟკაცითქო. ძალიან ეჭვიანი და ქედმაღალი ვიყავი. არავის არაფერს ვაპატიებდი. თუ ვიღაც დამჩაგრავდა დედას ვუტირებდი.

ცუდია სიბერე, ჯან-ღონი აღარ გაქვს, მხედველობა და ყურთასმენაც გაკლდება. რომ ვეღარ ვმუშაობ და ვერაფერს ვაკეთებ ცუდად ვხვდები. კიდევ კარგი წინდებს ვქსოვ და წიგნებს ვკითხულობ. 12 კილომეტრს გავდიოდი ერთი სოფლიდან მეორეში. სულ მხიარულად ვიყავი და ჩემს დაღონებას არავის ვუზიარებდი, სხვასაც რომ არ გადასდებოდა“,- ჰყვება თეკლე ბადრიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„რანაირად ხდება, რომ აღარ ხარ, დაუჯერებელია...“ - ზურა ბერიკაშვილის დის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🎥 „მეამაყება, რომ მე ვიყავი საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების...“ - დავით ზალკანიანი

„კაცი, რომელსაც აქვს ჩემი გული, ჩემი სული და ჩემი სიყვარული...“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს