
ეთერ ლიპარტელიანი, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა და უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა, ჟურნალ „კვრის პალიტრასთან“ კარიერასა და ცხოვრებაზე საუბრობს:
ეთერ ლიპარტელიანი: პირველი ადამიანი იყო ბიძაჩემი - მალხაზ ლიპარტელიანი. პატარა გოგო წამომიყვანა სვანეთიდან რუსთავში და ვარჯიშზე თბილისში სულ მას დავყავდი. უდიდესი წარმატება მიუძღვის ჩემს მწვრთნელს, კახა მოცრაძეს და ჩემს მეუღლეს თემო ნოზაძეს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- „იშრომე, სანამ შენი ხელმოწერა ავტოგრაფი არ გახდება“. 14-15 წლის ვიქნებოდი, ეს სიტყვები რომ წავიკითხე და ცხოვრების დევიზად ვაქციე.
ალალი და მხიარული ვარ, არ მიყვარს დანებება. ცოტათი ჯიუტიც ვარ, მაგრამ შეიძლება ჩემს სიჯიუტეს მიზანდასახულობაც ეწოდოს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს...
- ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. ყოველი მარცხის შემდეგ საკუთარ თავს ვსჯი, რადგან სულ მაქვს სურვილი ყველაფერი იდეალურად გამომივიდეს. საკუთარ თავს ძალიან ბევრს ვთხოვ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე:
- როგორ მიმეღწია გამარჯვებისთვის. მქონდა ბევრი მარცხი, გულისტკივილიც, მაგრამ მარცხი თუ არ იქნება, გამარჯვებაც ძნელად მოდის. სწორედ საკუთარ დამარცხებებზე მაქვს ნასწავლი ის დიდი გამარჯვება, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.
- ძიუდომ შენს ხასიათში რა შეცვალა?
- დისციპლინის უნარი გამომიმუშავა, მებრძოლი გამხადა, ამ სპორტში გავიცანი ჩემი მეუღლე, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი. ამ სპორტმა მომცა სახელი, დიდება და ხალხის სიყვარული. თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ვერ მცნობენ, ტატამზე სხვაგვარად გამოვიყურები, ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვანაირი ვარ და ზოგჯერ უჭირთ ჩემი ამოცნობა. თუ მიცნობენ, ისე არავინ ჩამივლის არ მომესალმოს, თბილი სიტყვა არ მითხრას.
- სიყვარული ეს...
- არის... რამდენი რამის თქმა მინდა და თავს ვერ ვუყრი. პირველ რიგში, ძალაა, რომელიც ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევს. სიყვარული ერთგულება და მზრუნველობაა. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი გავახარო. ტატამზე თემოს ხმა რომ მესმის, ყველაზე მეტად მაძლიერებს.
- პირველად რომ შემიყვარდა:
- ჩემი პირველი სიყვარული თემო იყო. 14 წლის ასაკიდან ერთად ვართ. იმ ასაკში ცელქი და ბიჭური ვიყავი, სერიოზულად ამ ურთიერთობას ვერც წარმოვიდგენდი. სულ სადღაც დავფრინავდი. ცოტა დრო რომ გავიდა, გავიზარდე, უფრო ჩამოვყალიბდი... თემოს 2 წელი ვუყვარდი, მე კარიერა უფრო მიზიდავდა, მაგრამ მესიჯების წერაში თანდათან გრძნობა მეც გამიჩნდა.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს:
- თემოს და ჩემს მეგობრებს - სოფიო სომხიშვილსა და ეთერ ასკილაშვილს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე:
- ადამიანებს მარტივად ვენდობი. ამის გამო გული ბევრჯერ უტკენიათ, სამწუხაროდ, ახლობლებსაც.
- ამ დროს როგორ იქცევი?
- ვპატიობ, მაგრამ ისეთივე ურთიერთობა აღარ მაქვს, როგორიც მანამდე მქონდა. ვეღარ ვენდობი, ურთიერთობაში ნდობის დაკარგვა კი ყველაზე ცუდია.
- ხშირად მსაყვედურობენ:
- მშობლები, რადგან მათთან დიდ დროს ვერ ვატარებ. ახლაც სვანეთში მხოლოდ 3 დღით მოვახერხე ჩასვლა, ვარჯიში მეწყებოდა და ვერ გავჩერდი. ეს იყო პირველი ჩასვლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით. ჩემს მშობლიურ მხარეში დროს ყოველთვის სასიამოვნოდ ვატარებ, მაგრამ იქ ყოფნის პერიოდი ძალიან სწრაფად გადის.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება:
- პატარა რომ ვიყავი, ბებო სულ მარიგებდა, არასდროს დავნებებულიყავი, ადრე არ შემექმნა ოჯახი და კარიერისთვის მიმეხედა. ის ყოველთვის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. მაშინ, როცა დედას არ უნდოდა ძიუდოსიტი გავმხდარიყავი, ბებო მხარდაჭერას მიცხადებდა. საოცარი ქალი იყო, ახალგაზრდობაში ცხენით დაჯირითობდა, თოფიც თან ჰქონდა, კაცებს აშინებდა. 20 სამსახურში მაინც აქვს ნამუშევარი. აქტიური და გონიერი ადამიანი იყო. 95 წლამდე იცოცხლა. ჩემს დიდ წარმატებას ვერ მოესწრო, მაგრამ პატარა წარმატებებით მაინც გავახარე. სულ ლოცულობდა და დილა-საღამოს უფალს შესთხოვდა, გთხოვ, ეთოს მსოფლიოს ჩემპიონობას მომასწარიო. ვერ მოესწრო, მაგრამ იმ წუთებში, როცა მე ეს ტიტული მოვიპოვე, მახსოვდა ბებო. ყოველი შეჯიბრების დროს მახსენდება, ბებო ჩემთვის როგორ ლოცულობდა.
- და ბოლოს გეტყვით:
- არასდროს დანებდეთ, თქვენი მიზნებისთვის ყოველთვის დაუღალავად იბრძოლეთ!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სენაკში ქალი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს
🎥 „ცუდად თუ იქნებიან - ვუშველი...“ - რატომ უნდა ანა სულაბერიძეს ექიმობა
წყარო: kvirispalitra.ge