Digest Logo

„მე და ბექას გვქონია ჩავარდნები, ქარცეცხლში გამოგვივლია, მაგრამ ეს უფრო მყარ და სტაბილურ ურთიერთობას ქმნის...“ - მანიკა ასათიანი 13-წლიან ქორწინებაზე

1654240112
მანიკა ასათიანი

მანიკა ასათიანისთვის დადებითი ემოციების გაზიარება და კომპლიმენტები ყოველდღიურობის ნაწილია. როგორც თავად ამბობს, ამით იკვებება და მისთვის გულწრფელად ნათქვამი ფრაზები დიდი მოტივაციაა… „იმედის“ წამყვანი და მოდელი fortuna.ge-ს კითხვებს პასუხობს.

მანიკა, 26 მაისის კონცერტზე ავთანდილის ულამაზეს წითელ კაბაში იყავი გამოწყობილი. ვნახეთ ვიდეო, სადაც კაბას იზომავ და პატარა ბავშვივით გიხარია. როგორც ჩანს, ეს ემოციები სულ გაქვს…

როცა რაღაც მოლოდინი გაქვს და ის მართლდება, უფრო გიხარია. სიხარულის გამოხატვის მომენტი ყველაფერთან მიმართებით  მაქვს და ძალიან მადლობელი ვარ. პატარ-პატარა რაღაცებით თუ არ ავივსებთ ჩვენს ყოველდღიურობას, დღევანდელ დღეს ძალიან გაგვიჭირდება.

კომპლიმენტი შენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ როგორი შეგრძნება გაქვს, როცა კარგ კომენტარებს კითხულობ?

რომ ვთქვა, არ მიხარია -მეთქი, ტყუილი იქნება. თან, განვეკუთვნები ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც მოტივაციისთვის სჭირდება ერთი ტკბილი სიტყვა, კომპლიმენტი. ზოგი რაც უფრო მეტ წინაღობას შეეჩეხება, მით უფრო მებრძოლი ხდება. ჩემი მოტივაცია არის დადებითი ემოციები და კარგი კომენტარები უცხო ადამიანებისგან. არ მქონია შემთხვევა, რომ ცუდი კომენტარი წამეკითხოს. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად მაკრიტიკებს. ჩემი ყოველდღიურობაა კომპლიმენტები, ძალიან მივეჩვიე და ამის მიუხედავად, ძალიან სასიამოვნოა.

ოჯახის წევრები ახსენე და მინდა, შენს შვილზე გკითხო, როგორია თქვენი ურთიერთობის დრო? რამეს სწავლობ მისგან?ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ. მე და გიო ერთად ვიზრდებით. მიუხედავად იმისა, რომ როცა შვილი შემეძინა, პატარა ვიყავი, სრულიად სხვა თაობაა, უფრო განვითარებული, უფრო მეტი ინფორმაციით სავსე, ზოგჯერ ისეთ შეკითხვას მისვამს, რომ არ ვარ მზად და ზოგჯერ თემაც გადამიტანია, მერე ვისაუბროთ-მეთქი, რომ უფრო მომზადებულს მეპასუხა. გიო 10 წლის ხდება და ზოგჯერ ისეთ კითხვებს მისვამს, რომლებზეც მე არც მიფიქრია. ურთიერთობის დრო საკმარისად გვაქვს და ამ მხრივ დანაკლისი არ გვაქვს. შეუძლებელი არაფერია, თუ სურვილი გაქვს. მის თამაშებს კი არ ვესწრები მხოლოდ, ვარჯიშებზეც დავყვები – ვიცი, რა დროს უნდა შევაქო, როგორ უნდა მივუდგე. ძალიან მაგარი მეგობრები ვართ. ვერ ვიტყვი, რომ დედა ან მამა აკლია. ძალიან ვარ ჩართული მის ყოველდღიურობაში.

უნდა, რომ გაჰყვეს კალათბურთს? არ იქნება გასაკვირი ისე…

ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, მაგრამ მის არჩევანში არ ვერევით. ფეხბურთზე დადიოდა, რადგან თავად ასე უნდოდა, რამდენიმე თვეა, კალათბურთს დაუბრუნდა. მე, უბრალოდ, მინდა, რომ ჩემი შვილის ცხოვრებაში სპორტი იყოს, რადგან ეს ჯანსაღ ცხოვრებას უკავშირდება. ნებისმიერი სპორტის სახეობას მივესალმები, მთავარია, რამით იყოს დაკავებული. 10 წლის ასაკში რთულია პროგნოზის გაკეთება, რამდენად დააინტერესებს პროფესიონალურად, ამიტომაც სპორტის პარალელურად, გადართულები ვართ სწავლაზეც. უმთავრესი მაინც სწავლაა ჩემთვის.

შენი ქორწინება კალათბურთელ ბექა წივწივაძესთან რამდენ წელს ითვლის? რა არის შენი ოჯახური წარმატების საიდუმლო?

მეცამეტე წელია, დაქორწინებულები ვართ. ჩვენი ოჯახი დგას პირველ რიგში, გრძნობაზე, ურთიერთპატივისცემაზე. მთავარი პრობლემების მომგვარებელი წყვილს შორის არის კომუნიკაცია. პრობლემა ყველა ოჯახშია. არ მჯერა წყვილების, რომლებიც ამბობენ, რომ არ უკამათიათ, მაშინ ზღაპარში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, თანაცხოვრებას საინტერესოსაც ხდის ჩავარდნები, ერთად რაღაცების გადალახვა, პრობლემების ერთად მოგვარება. ამისი საწყისი ბერკეტი არის კომუნიკაცია, საკითხზე საუბარი და მის მოგვარებაზე. სირაქლემას პოზაში თუ დავდგები, პრობლემა უფრო გაღრმავდება. მე და ბექა ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ბევრი ჩავარდნაც გვქონია, გავიარეთ აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, 13 წელია, ერთად ვართ და გაგვივლია ქარცეცხლში, მაგრამ ეს უფრო მყარ და სტაბილურ ურთიერთობას ქმნის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ნიკა გვარამიას პირველი ინტერვიუ 212-ე საკნიდან - ნახეთ, რას ამბობს „მთავარი არხის“ დირექტორი

🎥 „რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი? ევროპა გარყვნილი, ათეისტური, რასისტული და ფაშისტურია“ - მეუფე იოანე

🎥 ფეხბურთელმა თამაშის დროს გოგოს ხელი სთხოვა - ემოციური კადრები სათამაშო მოედნიდან

წყარო: fortuna.ge