საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიდი პარასკევის ღვთისმსახურება აღასრულა.
გარდამოხსნა სამების ტაძარში, სპეციალურ სადგამზეა დაბრძანებული და იგი იქ არასრული სამი დღე დარჩება. მსახურების დროს შესრულდა იესო ქრისტეს დატირების საგალობელი.
„აქ შეკრებილნი ვართ არა ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ ყვიროდნენ - „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი“, არამედ ვინც ვეუბნებით უფალს - „შეგვინდე, უფალო“. იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან. და ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც უფალმა გაათავისუფლა ამ ტვირთისგან? - ერთ-ერთი ჯვარცმული ავაზაკი, გონიერი ავაზაკი. ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის.
შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა - „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია, განმწმინდო“. რა მიუგო უფალმა? - „მნებავს, განიწმინდე“. ასე რომ, ჩვენი გამოსწორებაც, განწმენდაც უფალს უფრო მეტად სურს, ვიდრე ჩვენ ეს გვინდა. ჩვენი სურვილი თუ ნამდვილი, ძლიერი, სერიოზულია და მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს და განგვწმენდს“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ წითელი პარასკევი იერუსალიმში — ტკივილის დღე და სასწაულის მოლოდინი
⭕ „ნეტა აღდგომის სიხარულმა ყველა ბოროტება გადაფაროს...“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე
⭕ „ვაშენებ იმას, რაც მინდა მახსოვდეს“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე