
დედა და შვილები გურიიდან, სოფელ ლიხაურიდან, რომლებიც სიმღერითა და სტუმარ-მასპინძლობით უცხოელებს აკვირვებენ სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდნენ, სადაც საყვარელ პროფესიაზე ისაუბრეს:
„გოგონები შრომისმოყვარეები იყვნენ თავიდანვე. უყვარდათ სამზარეულოში ჩემთან ერთად ფუსფუსი და არასდროს ვუშლიდი. ჰქონდათ მათ ინტერესი. მათი მამაც ძალიან შრომისმოყვარე იყო და ყველაფერს ასწავლიდა, მათ შორის ბიჭის საქმეებსაც, ხერხი დრუჟბა, მანქანის რემონტი. არასდროს მითქვამს, რომ ეს არ არის გოგოს საქმე და თავი დაანებეთ მეთქი. ყველაფერი გამოადგათ მათ ცხოვრებაში. ჩემი მეუღლე ხშირად წასული იყო და ესენი აკეთებდნენ ყველაფერს. ასევე მე წისქვილში ვმუშაობდი ათი წელი და იქვე ვასწავლიდი გაკვეთილებს. წისქვილის საქმეც ვასწავლე.
განათლებით მუსიკოსი ვარ. 32 წელი ოზურგეთის მუსიკალურ ცენტრში ვასწავლიდი ფორტეპიანოს განხრით. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა რაღაცები შეიცვალა და პრობლემები გვქონდა. შესაბამისად 15-20 წელი ინსტრუმენტთან არ მივსულვარ და არ მიმღერია. შემდეგ შვილებმა მთხოვეს დავბრუნებოდი საქმიანობას და ასეც მოვიქეცი. 70 წლის ასაკში სიმღერების და ლექსების წერა დავიწყე. ჩემ სტუმრებს ასე ვეგებები, ესენი კერძებს აკეთებენ, მე სიმღერებს და ასე.
ჩემი მეუღლე არ მღეროდა, მაგრამ მღეროდა ჩემი დედამთილი, მეგრელი, ალანიას ქალი იყო და ჩონგურზე უკრავდა. ესენი პატარები რომ იყვნენ ჩვენთან ერთად მღეროდნენ. ჩემი მხრიდან უფრო მეტი იყვნენ, მამაჩემიც შესანიშნავად მღეროდა“, - აღნიშნა ნინო ღლონტმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რას გვპირდება მთვარის კალენდარი მაისისთვის?
⭕„ულამაზესი და უსაყვარლესი...“ - გვანცა დარასელია ახალ კადრებს აქვეყნებს