Digest Logo

„მიხარია, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი რეალობად ვაქციე“ - ნუცა ბურდულაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი

1640360001
ნუცა ბურდულაძე

2021 წელი ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და ყოველთვის დაიკავებს ჩემს ცხოვრებაში, რადგან შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მიმეღო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში სამაგისტრო პროგრამების სწავლის დაფინანსების თაობაზე. პროგრამაში გამარჯვების შედეგად ჩემი მრავალწლიანი ოცნება წავსულიყავი ინგლისურენოვან ქვეყანაში, ირლანდიაში და იქ გამეგრძელებინა სწავლა, რეალური და ხელშესახები გახდა. დღეს, ვიმყოფები ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტში, ქალაქ ლიმერიკში და ვეუფლები ახალ პროფესიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობა საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და მოტივაციას საჭიროებს. ჩემს შემთხვევაში, მონაწილეობისთვის აუცილებელი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის მიღება ლიმერიკის უნივერსიტეტისგან, თუმცა ყველაფერი მარტივად ახსნადი და მოსაპოვებელი აღმოჩნდა. კონკურსი უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, რადგან თითოეული ეტაპის შემდეგ შესაძლებლობა მქონდა თვალყური მედევნებინა მიღებული შედეგებისთვის და ქულების განაწილების მიხედვით მოვმზადებულიყავი გასაუბრების შემდეგი ეტაპისთვის.

ეიფორიისა და ბედნიერების განცდის ქვეშ, თავდაპირველად ყველაფერი მარტივად და ძალიან საოცნებოდ ჟღერს, თუმცა დროთა განმავლობაში უკეთ გავიაზრე რა სირთულეები ახლავს საზღვარგარეთ, შორს საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისგან ცხოვრებას, ახალ გარემოსა და კულტურაში საკუთარი ადგილის პოვნას. ჩემთვის საზღვარგარეთ სწავლა, არის კომფორტის ზონიდან გასვლა და საკუთარი თავის განვითარებისთვის ზოგჯერ სასიამოვნო, ზოგჯერ რთული და მრავალი დაბრკოლებით სავსე გზაზე სიარული.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ენობრივი, კულტურული ბარიერისა ყოველდღიურად საგრძნობია პიროვნული განვითარება და ზრდა. აქ ყველაზე მეტად დავრწმუნდი იმაში, რომ ადამიანები პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვედრებოდეთ და ვეჯიბრებოდეთ, ასეთ შემთხვევაში, უფრო ხელშესახებია ყოველდღიური თუ ყოველთვიური პიროვნული განვითარების დანახვა.

ასევე, ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა, ყოველთვის გამოვირჩეოდი ადამიანების სიყვარულითა და ლოიალურობით, განსხვავებული კულტურის, გემოვნების, ცხოვრებისეული არჩევანის, განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებთან ცხოვრებამ სრულიად შემიცვალა და გამიფართოვა ჩემი წარმოდგენები ადამიანების სიყვარულსა და ნამდვილ მეგობრობაზე.

მიუხედავად გარემოსა სადაც აღვიზარდეთ, მიუხედავად რელიგიისა რომელიც გვწამს, მიუხედავად ტრადიციებისა, რომელიც ბავშვობიდან მოგვყვება, ყველაზე მნიშვნელოვანია შევძლოთ ერთმანეთში იმ გამორჩეული თვისებების პოვნა, რაც ასე უხვად აქვს თითოეულ ადამიანს განურჩევლად მათი ცხოვრების წესისა და შეხედულებებისა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 2021 წლის 30 ივნისს მივიღებდი შეტყობინებას კონკურსში წარმატებით მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ზოგჯერ ყველაზე შორეული, მიუღწეველი ჩანაფიქრები ერთ დღეს ძალიან რეალურად და ხელშესახებად იქცევა. მთავარია შრომა, ცდა და იმედი, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი ფასდება რისთვისაც გაირჯები.

2021 წელი სანამ დადგებოდა, ჩემთვის სამომავლო გეგმების სია გავაკეთე, დღეს როდესაც 31 დეკემბერი ახლოვდება, და სიას ვუყურებ, სიამაყით და ბედნიერები ვივსები რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი რეალობად ვაქციე, რა თქმა უნდა, ცენტრის დახმარებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მოპოვებული ადგილი უნივერსიტეტში, უბრალოდ აუხდენელ ოცნებად დარჩებოდა.

სწავლის დასრულებისა და სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. სურვილი მაქვს, მოვამზადო სატრენინგო კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სამართლის მიმართულებით. ასევე, მსურს, ხელი შევუწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამების დანერგვას, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და სხვადასხვა ინსტიტუციების მონაწილეობას საჭიროებს, რაზედაც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვიზრუნებ.