Digest Logo

„მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს, რომ საუბრები ხშირად ზღვარს სცდება და არის ცილისმწამებლური, ეკლესიას ვერ შეარყევენ, ერთობას ვერ დაარღვევენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

1777727320
ანდრია ჯაღმაიძე

„მინდა, მოვუწოდო მორწმუნე მრევლს და ადამიანებს, რომლებიც საეკლესიო წიაღში მოიაზრებენ თავს და არიან ეკლესიის წევრები, თავი შეიკავონ საუბრებისგან, რომლებიც ძალიან ხშირად ზღვარს სცდება და არის ხოლმე ცილისმწამებლური შემადგენელი, რაც ზოგადად ეკლესიას აზიანებს. საუბრები, რომლებიც იქნება მიმართული რომელიმე მათთვის არასასურველი საპატრიარქო კანდიდატის, თუ ეკლესიის სხვა მსახურის მიმართ, მთლიანობაში აზიანებს ეკლესიას, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სინოდის ყველა წევრი ისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული, ამიტომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ ამ ფარგლებში მიმდინარეობს.

„ამ პოლემიკებში ჩართულთაგან ზოგი გაითვალისწინებს ამ მოწოდებას, თუმცა ვიცით, რომ რაც არ უნდა მოვუწოდოთ, ზოგი მაინც არ გაითვალისწინებს ამას, ამიტომ მათ საყურადღებად ვამბობ, რომ მთლიანობაში სინოდის ყველა წევრი ისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული, ამიტომ ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ ამ ფარგლებში მიმდინარეობს. შიგნით არ იქნება რაიმე ისეთი თემა, რაც ერთობას საფრთხეს შეუქმნის, ამიტომ გარედან საჭიროა ნაკლები ემოციები და კონტროლი, რომ ცილისწამებები არ იყოს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, წლების განმავლობაში უშუალოდ პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ მიმდინარეობდა კამპანია, მისი ავტორიტეტის შელახვის მიზნით.

„სხვადასხვა ინტერესები შეიძლება, იყოს. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, რომ უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობდა კამპანია, მისი ავტორიტეტის შელახვის მიზნით, მერე ეს კამპანია გაგრძელდა მისი მოსაყდრის მისამართით. ნაწილს შეიძლება, ჰქონდეს მიზანი, რომ ეკლესია დაზიანდეს.

ვიღაც ფიქრობს, რომ ეკლესიის სიკეთისთვის უკეთესია მისთვის არასასურველი კანდიდატი გალანძღოს, ცილი დასწამოს, ესეც არასწორია. ჩვენ ასეთი მრავალფეროვანი ხარვეზების მომსწრენი ვართ. ძალიან ცუდია, თუ ვინმე გააგრძელებს იმას, რამაც მათთვის შედეგი არ გამოიღო, ეკლესიას ვერ შეარყევენ, ერთობას ვერ დაარღვევენ, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ეპისკოპოსებს, რომ ეს ერთობა შეინარჩუნონ“, - დასძინა ჯაღმაიძემ.