
ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ მათ პროკურატურა ხელს უშლით და ბრალდებულებს ეფექტურად ვერ იცავენ.
არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სასამართლოზე ზემოქმედებას.
ჩოფიკაშვილის თქმით, გამოძიებას საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას ჩატარებული არ აქვს.
„გრინსერვისმა“ შადრევნის საჭირო მოწყობილობები, ტექნიკა, შეიძინა ერთ-ერთ ცნობილი ბრენდისგან იმ პირობით, რომ მოხდებოდა ამ ტექნიკის დამონტაჟება, აწყობა. მონტაჟი განახორციელა ქარხნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა წესების შესაბამისად და სამი თვე იმუშავა ამ შადრევანმა.
4 თვიანი გამოძიების დროს გამოძიებამ არ დაადგინა, არ გადადგა არცერთი ნაბიჯი ამ ქარხნის რომელიმე წარმომადგენლის ან შადრევნის შემსრულებელი სპეციალისტის დასაკითხად, რაც წარმოუდგენელია და ამის გარეშე გამოძიება ვერ იქნებოდა ობიექტური.
პროკურატურის განცხადებაშივე აღნიშნულია, ბოლო წინადადებაში, რომ საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზები გამოძიებას არ აქვს ჩატარებული. ჩვენი მტკიცებულებების მიხედვით, გამორიცხულია, რომ სამუშაოების შესრულების დროს რაიმე დაზიანება მომხდარიყო ობიექტზე.
დაკავებული ექსპერტების გამოკითხვის ოქმები, რომელსაც ძირითადად, ეყრდნობა ბრალდება ამ დრომდე, არის გაყალბებული და შედგენილია კოპირების პრინციპით“, - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე, რომელიც სამი დაკავებულის უფლებებს იცავს, მათ შორის, ლაშა ფურცხვანიძისას, აცხადებს, რომ სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალიდან გამქრალია დაახლოებით 7-8 საათიანი მონაკვეთი.
„ვიდეოჩანაწერი, რომელიც 12 ოქტომბერს, შემთხვევის წინა დღეს არის ფაქტობრივად დაახლოებით 7-8 საათიანი მონაკვეთი არის გამქრალი სრულად. საორიენტაციოდ შუადღის 3 საათიდან, საღამოს 9 საათამდე. ამოღებული ვიდეომასალის ხანგრძლივობა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გამოძიებისთვის არ ემთხვევა ერთმანეთს და მინიმუმ 3-საათიანი მონაკვეთი არის უკვალოდ გამქრალი. ჩვენ მიერ მოპოვებული იქნა ჩვენებები მოწმეთა, სადაც მითითებულია, რომ წინა დღეს შადრევანში გადაადგილდებოდნენ „გრინსერვისის“ თანამშრომლები“, - აღნიშნავს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები, თანამშრომლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.
ასევე, დააკავეს საექსპერტო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.