პოეტმა და მომღერალმა გელა დაიაურმა გადაცემაში „თაიასთან“ სტუმრობისას განვლილ უმძიმეს ტრაგედიაზე, მარტოობასთან ბრძოლასა და ცხოვრების თავიდან დაწყების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
დაიაური იხსენებს, როგორ გადაატანინეს ურთულესი პერიოდი ახლობლებმა და აღნიშნავს, რომ 50 წლის ასაკში შექმნილმა ახალმა ოჯახმა და შვილმა, ვაჩემ, მის ცხოვრებას ახალი მიზანი და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.
„ტრაგედიიდან 11 წელი იყო გასული, როცა დავოჯახდი, ახლა 16 წელია გასული. თავისთავად არ ფიქრობ არასდროს ადამიანი დაოჯახებაზე - უნდა იგრძნო, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. პირველ რიგში მივხვდი, რომ ვერაფერს ვშველოდი ჩვენი მარტო ყოფნით. შემდეგ დამეწყო ფიქრები სიბერეზე, 70-80 წლის რომ გავხდებოდი, რა იქნებოდა. მქონდა უმიზნო ცხოვრება, მერე დედა გარდამეცვალა.
სიმარტოვის გამო არ დავოჯახებულვარ, უბრალოდ გავბედე ამაზე ფიქრი. მარტო ადამიანი ცოდოა. დაოჯახდე მარტო იმის გამო, რომ მარტო ხარ, ეს არ არის სწორი. დავოჯახდი იმიტომ, რომ კარგი ადამიანი შემხვდა. თუმცა გადაწყვეტილების მიღება ჩემთვისაც და მისთვისაც ძალიან რთული იყო .ბევრი ვიმსჯელეთ და ვიფიქრეთ, რადგან ჩემი ისტორია არ არის უბრალო, ეს არის ტრაგედია. საზოგადოებასაც უყურებ მაგ დროს.
ვაჩე კარგი ბიჭია, ჩვენში შვილის ქება არ იციან. ჩვეულებრივი ბავშვია. გაჩნდა მიზანი, 50 წლის ვიყავი რომ დავოჯახდი. ახლა უკვე ვფიქრობ დიდი ხანი ვიცხოვრო და ცხოვრება ავუწყო. ადრე ამაზე არ ვფიქრობდი. მინდა დიდხანს ვიყო ენერგიაზე.
ჩემი ცხოვრების ის პერიოდები არ მინდა ხშირად გავიხსენო. ძალიან დიდი ტკივილია, როგორი ბედნიერიც ვიყავი, უსაზღვროდ, ზუსტად იმის საწინააღმდეგოდ, ათმაგად უბედური გავხდი. ვერ ვიტყვი რომ მენატრება, რადგან დიდი ტკივილია და ვცდილობ იქით აღარ გავიხედო.
ჩემი მეჯვარე და ჩემი ძმა არასდროს მტოვებდნენ. თურმე საპირფარეშოში რომ გავდიოდი, მყარაულობდნენ, რაიმე არ დამეშავებინა ჩემი თავისთვის. მახსოვს დუშეთში ავედი სამსახურში, 40 დღე მარტო არ ვყოფილვარ და იმ დღეს შიშმა ამიტანა, როცა მარტო დავრჩი. მაშინ უფრო გავიაზრე და გადავლახე. ადამიანს რწმენასთან ერთად სჭირდება მეგობარი, რომელიც ამ ტკივილს გაიზიარებს და გადაგალახინებს“, - აღნიშნა გელა დაიაურმა.
ინფორმაციისთვის, გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ რატომ „გაქრა“ ციური ნიშნები ბიბლიის თანამედროვე რედაქციიდან - რას წერს ხათუნა ნოელი
⭕„საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ“ - ილია ზაბარნი