Digest Logo

„მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს, რათა ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება“ - თემურ მღებრიშვილი

1691134620
თემურ მღებრიშვილი

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიასთან და მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა გააკეთა. მან ოფიციალურად დაადასტურა 2 ცხედრის გამოყვანა. მისი თქმით მაშველები ეპიცენტრში ყველგან არიან შესულები გარდა რამდენიმე კონკრეტული ლოკაციისა.

„ამ დროისთვის, სამწუხაროდ 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება - ეს მდგომარეობა გვაქვს ამ დროისთვის“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.

მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, რომლის მუშაობა მაქსიმალურად კონტროლდება მეხანძრე - მაშველების მიერ.

„მოგეხსენებათ, რომ მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ, შესულია ეტაპობრივად ტექნიკა. ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს, რათა ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება.

გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან, მეხანძრე-მაშველების მხრიდან მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და ამ ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ.

დილიდან, 7-ის ნახევრიდან, დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების გამოყვანა ეპიცენტრიდან, რომლებიც გუშინ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში, დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი, მოგეხსენებათ და კიდევ გეუბნებით, ყველგან აბსოლუტურად შესულები ვართ, გარდა რამდენიმე რთული ლოკაციისა.“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მღებრიშვილის თქმით, იმ ადგილებში, სადაც კოტეჯები იყო განთავსებული, ახლა იქ ფაქტობრივად არაფერი აღარ არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მისვლას, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სქელი მიწის ფენაა და მეხანძრე მაშველებს გადაადგილებაში უშლის ხელს.

„სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას“, - ამბობს მღებრიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

შოვში მაშველებმა კიდევ 4 ცხედარი იპოვეს

„განმეორების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს“ - გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი

„ამ დრომდე მათ ვერ ვუკავშირდებით, მეგი, მალე გვითხარი რომ კარგად ხარ“ - შოვში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ, რომელიც ძმასთან ერთად იმყოფებოდა