Digest Logo

მოძღვარი გურამ ოთხოზორია - „ადამსა და ევაში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ, ყველაფერი ღმერთთან შეერთების გზაა“

1751969991
გურამ ოთხოზორია

მოძღვარი გურამ ოთხოზორიას თქმით, ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროშია შექმნილი, ერთგვარი თვალსაჩინოებაა ადამიანის სულიერი განვითარებისათვის.

როგორც ის განმარტავს, სულიერი მომწიფების შემდეგ მრავალფეროვნებასა და დაყოფას ადგილი აღარ რჩება - საბოლოო მიზანი ერთიან ღმერთთან შეერთებაა.

„ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროშია შექმნილი, ერთგვარი თვალსაჩინოებებია, ერთ ღმერთამდე ამაღლების საშუალებებია ეს მრავალფეროვნება. შემდეგ, როდესაც სრულ გაგებამდე მივალთ, ამ მრავალგვარობის ადგილი აღარ დარჩება და გაქრება.

წუთისოფელი ჩვენს აღქმაშია მხოლოდ. ყველაფერი ერთიანი ღმერთის წვდომის სხვადასხვა გზაა, მდგომარეობაა, რაც გინდა, დაარქვი. ჩვენ იქამდე უნდა ვიზარდოთ, სანამ ეს გაშუალება ჩვენსა და ღმერთს შორის არ ჩამოიშლება, ანუ ჩვენშიც არ მოხდება ის, რაც ქრისტეში მოხდა: როდესაც ჩვენ უკვე უშუალოდ შევერწყმებით ღმერთს, რითაც დასრულდება ჩვენი ქმნადობის ისტორია. ამიტომ, რაც წმიდა წერილებში წერია, არ უნდა აღვიქვათ, როგორც ოდესღაც, წარსულში სადღაც მომხდარი ამბები. ადამსა და ევაში ჩვენი თავი უნდა დავინახოთ, ყველაფერი დანარჩენი საშუალებებია, რომ ამას მივხვდეთ.

ვინ როდის და როგორ მიხვდება, სხვა საკითხია, ამას დრო გამოაჩენს. რატომ აუკრძალა ღმერთმა ადამსა და ევას სიცოცხლის, ბოროტებისა და სიკეთის შეცნობის ხეების შეხება?! იმიტომ რომ ადამი უნდა გამოიცადოს თავისი ნების შეზღუდვაში, რაც მას გამოუმუშავებს თვითმყოფადობას: ადამიანის თავისუფალი ნება ვლინდება ნების დართვასა და შეზღუდვაში, ანუ გამოცდის მიზანია არა ადამიანის შეზღუდვა, არამედ პირიქით – რომ განვითარდეს, ამისთვის კი მას უნდა ჰქონდეს ბარიერები.

ადამმა საკუთარი თავი უნდა გამოცადოს შეზღუდვაშიც. რატომ?! იმიტომ რომ ის ღვთის ხატებაა, მაგრამ ღვთის ხატებაა, როგორც შესაძლებლობა. ადამიანი იდეაა. იდეაში კი ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, თვალებს დავხუჭავთ და წარმოვიდგენთ, მაგრამ, აბა, მიდი, განახორციელე?! ამიტომ ადამი, რომ შეძლოს და ღმერთს მიემსგავსოს, უნდა გამოიცადოს აკრძალვაში და არა იმიტომ, რომ, რასაც უკრძალავენ, თავისთავადაა ცუდი.

ბავშვებს ბევრ რამეს ვუზღუდავთ, მაგრამ, მართლაც, ცუდია, რასაც ვუკრძალავთ?! ცეცხლთან მიკარებას, ღვინის დალევას, ხეზე ასვლას, წყალში ჩასვლას?! ამ შეზღუდვების მიზანი ბავშვის დათრგუნვა და დაჩაგვრა კი არ არის, არამედ ის, რომ ბავშვმა ისწავლოს.

ის ჯერ მზად არ არის ამისთვის და ამიტომ შედეგი მძიმე იქნება, მაგრამ, როდესაც ბავშვი გაიზრდება, მას უკვე შეძლებაც მეტი აქვს და აკრძალვებიც მცირდება.

რას ნიშნავს არ შეიძლება? არ შეგიძლია, შეძლება არ გაქვს საამისო და არა იმას, რომ ცუდია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პავლე მოციქული გვეუბნება, ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდიაო; ორჯერ იმეორებს და ამატებს, მე არაფერმა უნდა მძლიოს. ანუ ყველაფერი ნებადართულია, ხოლო მე არაფერს დავემონებიო.

ნახე, როგორი ორმაგობაა?! ერთი მხრივ, ღმერთი ვარ, ღვთის ხატება, მაგრამ მე უნდა გავარჩიო, საჭირო არის თუ არა ამის გაკეთება. უფრო მეტად ისაა პრობლემა, რა სარგებლობას მომიტანს, როდესაც აკრძალულს შევეხები, დამიმონებს თუ არა. როდესაც მოუმზადებელი ხარ, შეიძლება, დაგიმონოს და თუ შეეხები, გაგანადგურებს, ამიტომ თუ ხედავ, რომ ვერ მოერევი, ჯობია, თავი შეიკავო.

თავიდან არის ბავშვური დონე, ამას ხელი არ მოჰკიდოო, აფრთხილებს ღმერთი, მაგრამ ადამი რთულ გზას ირჩევს. აქ კომენტატორების აზრი იყოფა. კომენტატორიც ადამიანია და რა დონეზეც ჩასწვდა, იმ დონეზე ხსნის, ამიტომაა, რომ ჩვენი ეკლესიაც უშვებს და „სახარებაშიც“ წერია, რომ განსხვავებული აზრები საჭიროა, სხვანაირად ღმერთთან ვერ მიხვალ...“,- ამბობს მოძღვარი.