Digest Logo

„მოედანზე ნამდვილი მხეცია, ყველგან, დაცვაში, შეტევაში, არასდროს ვჩერდებით, ქართული მენტალიტეტია“ - ნინიაშვილი კვარაცხელიაზე

1778262570
ნინიაშვილი კვარაცხელიაზე

„ლა როშელის“ მორაგბე დავით ნინიაშვილმა „რასინგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტებთან დიალოგი სარაგბო თემების გარდა, ხვიჩა კვარაცხელიასაც დაეთმო:

„როდესაც გუნდში მოვედი, ახალი გუნდი გვყავდა, ახალი მოთამაშეები. ახლა ერთმანეთს უკეთ ვიცნობთ. უკვე ვიცით, ვინ რას გააკეთებს. ვფიქრობ, ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე სეზონის დასაწყისში“

- ისევ გჯერა ტოპ 6-ში მოხვედრის?

- კი. მომავალზე საუბარი რთულია, მაგრამ ასეთია ჩემი მენტალიტეტი. მხოლოდ გამარჯვება მინდა. სტუმრად თუ სახლში, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების მოგებაა. კი, მომწონს სინთეტიკური საფარი, რადგან ძალიან სწრაფია. კარგია ასეთ მოედანზე თამაში, დახურულ სივრცეში, რომელიც ხმაურიანი იქნება „რასინგის“ გულშემატკივრების გამო, რომლებიც ზეწოლას მოახდენენ ჩვენზე, რაც მეც მომწონს.

- პერპინიანში, მარტის ბოლოს „ბაიონთან“ მატჩში მიღებული ტერფის ტრავმის შემდეგ დაბრუნდით. ​​რას გრძნობდით?

- პირველ რიგში, თავდაჯერებულობა დავიბრუნე. თუმცა, ეს სერიოზული ტრავმა არ ყოფილა, მხოლოდ სამი კვირა გამოვტოვე. მეგონა, რომ „ბორდოსთან“ დაბრუნებას შევძლებდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამის შემდეგ მხოლოდ პერპინიანზე ვფიქრობდი. ბედნიერი ვარ, როცა ვთამაშობ, როცა მოედანზე მეგობრებთან ერთად ვარ.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლიდან მეორე დღეს რამდენიმე მორაგბე ვნახეთ, რომლებიც პსჟ-ს მაისურებში იყვნენ. ახსენეს თუ არა შესანიშნავ ფორმაში მყოფი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია?

- კი (იღიმის). ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ როდესაც „ნაპოლიში“ თამაში დაიწყო, მისი მატჩების ყურება დავიწყე. ის ძალიან კარგია, დიდ პატივს ვცემ, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგას მეორედაც მოიგებს.

- ფეხბურთში, ისევე როგორც რაგბიში, შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს დაცვა უყვართ...

- დიახ, ეს ქართული მენტალიტეტია, არასდროს ვჩერდებით. ვფიქრობ, რომ განსხვავებულები ვართ. მხოლოდ წინსვლაზე, პროგრესზე ვფიქრობთ. მისი შემთხვევაც ასეა. ის წარმოუდგენლად თამაშობს. მოედანზე ნამდვილი მხეცია, ყველგან, დაცვაში, შეტევაში. ქართველები, ჩვენ ყოველთვის კონცენტრირებულები ვართ და გუნდისთვის 100%-ზე მეტით ვიხარჯებით.

- პსჟ-ს დიდმა გულშემატკივარმა, ჟუდიკაელ კანკორიემ, მადლობა გადაგიხადათ?

- (იცინის.) დიახ, ის მუდმივად მასზე საუბრობს. მე „კვარას“ მეძახის, როგორც ყველა ქართველს. როდესაც საფრანგეთში, „ლა როშელში“ ხარ, ფრანგის დანახვა, რომელსაც ქართველის მაისური აცვია, შესანიშნავია. ისინი ყოველთვის ამბობენ, რამდენად ძლიერია ის, „მადლობა კვარას“ - მისი სახელის წარმოთქმა მათთვის ძალიან რთულია, არავინ ამბობს სწორად (იცინის). მაგრამ გუნდში არსენალის გულშემატკივრებიც არიან... ვნახოთ ფინლში რა მოხდება (იღიმის).

აქვე გეტყვით, რომ „ლა როშელი“ ტოპ 14-ში 22 ტურის შემდეგ 54 ქულით მეცხრე ადგილზეა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„როდესაც ადამიანი სისტემატურად თრგუნავს საკუთარ „არას“, სხეული რჩება ქრონიკულ დაძაბულობაში და იწყებს სხვა ენაზე ლაპარაკს...“ - რას წერს ნატა გაგუა

🎥 როგორ გავიკვლიოთ გზა SPF-ის შერჩევის ლაბირინთში? - „იყო ისტერიკა, პერიოდულად მწვავდება ეს თემა, რომ არის კანცეროგენული“

🎥 რა სჭირდება კანს გაზაფხულსა და ზაფხულზე? დერმატო-ვენეროლოგის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები