ერთი პატრიარქის გზა დასრულდა, მეორის კი ახლა იწყება - ორივეს შორის მთავარი ხიდი კი მემკვიდრეობაა, რომელიც ქართულ ეკლესიას ათწლეულების განმავლობაში აყალიბებდა.
სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, აღსაყდრების შემდეგ პირველივე გზავნილში სწორედ ილია მეორის რთულ და ეკლიან გზაზე ისაუბრა - გზაზე, რომელმაც ქართველების არაერთი თაობა ურთულეს ქარტეხილებში გამოატარა.
სვეტიცხოვლის ეზოში შიო მესამის პატრიარქად აღსაყდრებას ილია მეორის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ილიას მოსაყდრის წმინდა ტახტზე ასვლა მათთვის განსაკუთრებით ემოციური იყო.
ტყუპმა დებმა, ნატალია და რუსუდან შიოლაშვილებმა, "კურიერი P.S."-ს, მცხეთაში იმ სახლში უმასპინძლეს, სადაც ობლადდარჩენილები, ბიძამ - ირაკლი შიოლაშვილმა გაზარდა.
ახლა აქ, მცხეთაში გამარჯვების ქუჩაზე, სადაც პატრიარქი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მამათა მონასტერია. ამ სახლში კელიებია მოწყობილი და მის კედლებში უწმინდესის ბევრი ნივთი და მოგონება ინახება.
ტყუპები და მათი ძმები აქ დედასთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც დაქვრივების შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. დედა ანა სამთავროს დედათა მონასტერშია დაკრძალული.
ძმისშვილებს პატრიარქმა მთავარი ასწავლა - ზრუნვა და სიყვარული.
სანამ პატრიარქი გახდებოდა, სოხუმში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო. დები სოხუმში ხშირად მიჰყავდა. როდესაც 44 წლის ირაკლი შიოლაშვილი პატრიარქად აღსაყდრდა, ნატალია და რუსუდანი 14 წლის იყვნენ.
მძიმე წლების მიუხედავად, ოჯახისთვის ყურადღება არასდროს დაუკლია. მეტიც, ბევრ მათგანს ტაძრისკენ გზა გაუკვალა. უწმინდესის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ნატალია შიოლაშვილის ვაჟი ბერად აღიკვეცა.
ბოლო წლებში პატრიარქი ხშირად ავადმყოფობდა. უწმინდესმა 4 იანვარს, საკუთარ დაბადების დღეზე ნათესავები მიიწვია.
ილია მეორე ერის მამა, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი 49 წელი იყო. მან ეპოქა შექმნა - თითქმის განადგურებული ეკლესია აღადგინა. ათეიზმით დაბნელებულ ქვეყანაში ადამიანებს რწმენა დაუბრუნა და ტაძარში დააბრუნა. ეპოქა შექმნა და წავიდა ზუსტად ისე, როგორც მას სურდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეშხიანი, შარმიანი და მომხიბვლელი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი ვენაში მოგზაურობს