„ეს იყო ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. აქციებზე ყოველდღე დავდიოდით, ლექციებსაც ვაცდენდით, მაგრამ იქ ვსწავლობდით ქვეყნის სიყვარულსა და თავდადებას. ეროვნული გმირებისა და მოშიმშილეების წინ 19 წლის ასაკში პირველად წარმოვთქვი „მამაო ჩვენო“ და ეს ემოცია არასდროს დამავიწყდება. მე ამაყი ვარ იმ 19 წლის გოგოთი და ის სულისკვეთება მუდამ იქნება ჩემში,“ - გოგონა შეუვალი სახითა და შავი დროშით - ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ნანა მახარაძე 34 წლის შემდეგ PIA.GE-სთან საუბარში საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს იხსენებს და ამაყობს, რომ სწორ მხარესა და სწორ ადგილას იდგა.
🔵9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
„9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, სავსე ტრაგიზმით და სიამაყით. საბჭოთა სივრცეში, ჩვენ პირველებს გვეყო გამბედაობა და სიმამაცე, მოგვეთხოვა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ამ იდეას ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მე ვარ ამაყი, რომ ვიდექი სწორ მხარეს, სწორ ადგილას და ჩემი ხალხის გვერდით. ჩვენ ბედისწერად გვექცა ყველაფრის ბრძოლით მოპოვება“, - ამბობს მახარაძე.
ემიგრაცია არის სიკვდილი... იქ, პირველ რიგში, სამშობლოს ნატრულობ... - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ 9 აპრილისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების სიმბოლო ემიგრაციაში წავიდა, სადაც 11 წელი გაატარა.
„ემიგრაციის 11 წელი. წასვლის მიზეზი არაფრით განსხვავდებოდა ნებისმიერი ქართველი ადამიანის მიზეზისგან. ემიგრაცია არის სიკვდილი და შემდეგ თავიდან დაბადება. ემიგრანტი ქართველი ქალები არიან გმირები საკუთარი „ზურგით მთრევი“ საქართველოსი. ძალიან რთულია ცხოვრების თავიდან დაწყება. იქ, პირველ რიგში, სამშობლოს ნატრულობ და ამ ერთ სიტყვაში იგულისხმება ოჯახი, შვილები, მშობლები, მეგობრები, გაზაფხულიც და წვიმის სურნელიც. გენატრება ის ერთი ნაგლეჯი მიწა, რომელზედაც, მიუხედავად ყველაფრისა, შემაძრწუნებლად ბედნიერი იყავი. რთულია, როცა შორიდან ადევნებ თვალს, ასე გგონია, იქ რომ ვიყო, აუცილებლად რაიმეს მოვიმოქმედებდიო... მერე ბრუნდები და ხვდები, რომ დიდი დრო გავიდა... სამშობლო ისევ ისეთია... ქვეყანა კი ცდილობს, გაუმკლავდეს გამოწვევებს... ხან ერთ ნაპირს ვეხეთქებით და ხან მეორეს უკეთესი ცხოვრების მოლოდინში... თაობები კი იცვლებიან...“, - ამბობს ნანა მახარაძე, რომელიც ამჟამად უკვე საქართველოში ცხოვრობს.
„ქართველები იმაზე მეტად ევროპელები ვართ ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ და ევროპელებს ჰგონიათ,“ - ამბობს 9 აპრილის სიმბოლო, რომელსაც ახალი თაობა ეიმედება და დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ქვეყანას განვითარების სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამის მაგალითად ნანა მახარაძე 7-8 მარტის აქციებს ასახელებს.
„7-8 მარტის აქციაზე ადამიანები მივიდნენ საკუთარი ნების გამოსახატავად, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა ეთქვათ რომ თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, გეზი ევროპისკენ უნდა ავიღოთ. იმ დღეს კიდევ ერთხელ ომახიანად გაისმა, „არა ოკუპანტ რუსეთს“... მავანნი ამბობენ, სად რუსის ჯარისკაცი და სად წყლის ჭავლიო... მე კი ვფიქრობ, დროშამ სიმართლისთვის უნდა იფრიალოს. ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემს თაობას ჰქონდა უდიდესი პატივი, მოეპოვებინა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დღეს ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ვხვდები ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომლებმაც ჩვენზე უკეთ იციან რა უნდათ, როგორი ქვეყნის აშენება სურთ. მე მჯერა, რომ ისინი დადგებიან სწორ მხარეს. შეძლებენ ჩვენი სამშობლოდან ღირსეული და სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნას“, - აცხადებს მახარაძე.
9 აპრილის სიმბოლოს სჯერა, რომ GEN Z თაობა ქვეყნის ისტორიას დაწერს და საზოგადოებას მათი მოფრთხილებისკენ მოუწოდებს.
„ე.წ. GEN Z თაობა - მომავლის თაობაა. ხვალ ისინი დაწერენ ქვეყნის ისტორიას. მინდა, თითოეული ადამიანი ვუფრთხილდებოდეთ მათ, შევძლოთ მეტი მხარდაჭერა და გვერდით დგომა. ისინი განათლებული, ფერადი, ჭკვიანი და გონიერი ახალგაზრდები არიან“, - ამბობს 34 წლის წინ ასევე მომავლის თაობად წოდებული ახალგაზრდობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ამავდროულად, 9 აპრილის სიმბოლო აცხადებს, რომ საზოგადოებას თუ რამე პრეტენზია აქვს ვინმესთან, პრობლემები, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ეძებოს.
„დღეს თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს, საკუთარ თავებს მოვკითხოთ. მე, რიგით მოქალაქეს, მაქვს სურვილი, ჩემი ქვეყანა მყარად იდგეს ფეხზე, ვიყოთ დამოუკიდებლები და წინდახედულები. კარგად გვესმოდეს რა არის პრიორიტეტი. ვწუხვარ, რომ ვხედავ ოკუპირებულ სამშობლოს. ქართველი ერი იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. ხელისუფლებას კი მოვუწოდებდი, უკეთ მოუსმინონ ხალხის ხმას, განსაკუთრებით ჩვენ ახალგაზრდებს, ჩვენ მომავალ თაობას“, - ამბობს ნანა მახარაძე.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.
ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და, ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილად, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას საბჭოთა კავშირისთვის მოულოდნელი განვითარება მოჰყვა. თავისუფლებისთვის ბრძოლამ ქვეყანაში შეუქცევადი სახე მიიღო და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.
1989 წლის აპრილს, საქართველოს სახალხო ფრონტი წინადადებით გამოვიდა, რომ მომხდარიყო მთავრობის სასახლის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია და იქ აგებულიყო 9 აპრილს უდანაშაულოდ დაღუპულთა მემორიალი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს სავსემთვარეობაა - მძიმე კოსმიური ენერგიების დღე“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ბედნიერებაა ღორის ქელეხი... შენ რომ შეშლილი კითხულობ, ეს რა სადიზმია? და გლეხკაცი გპასუხობს - „რას ამბობ ოო, ინდე ე მაგ ღორითა მთელი წელი თავი უნ ვირჩინოთ...“ - ლალი მოროშკინა
🔵6 აპრილს ვარდისფერი სავსე მთვარეა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ
წყარო: pia.ge