მსახიობი ვაჟა ჯოჯუა 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაყურებელმა ის „მამლუქში“ მონაწილეობის დროს გაიცნო, როცა 11 წლის ასაკში გოჩას როლი შეასრულა.
ცნობისთვის, ვაჟა ჯოჯუა 1947 წლის 14 იანვარს დაიბადა, დაამთავრა აბაშის N1 საშუალო სკოლა და ტექნიკური უნივერსიტეტი.
1958 წელს, 11 წლის იყო, როდესაც ფილმ „მამლუქში“ გადაიღეს. „მამლუქი“ მისი ერთადერთი ფილმია, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა.
ფილმის დამდგმელ რეჟისორსა და სცენარის ავტორს, დავით რონდელს, ვაჟა ჯოჯუა ურეკის სანაპიროზე შემთხვევით უნახავს. რონდელს უკვე ნაპოვნი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა.
როდესაც ვაჟა დაუნახავს, უთქვამს: “აგე, ვიპოვე, ვიპოვე”. შეშინებული ვაჟა სანაპიროზე მირბოდა, უკან კი რონდელი მისდევდა.
„მამლუქის“ გადაღების შემდგომ რონდელმა ვაჟას მშობლებს სთხოვა, რომ ვაჟი მისთვის მიებარებინათ, რადგან ამ ბიჭუნას წინ დიდი მომავალი ჰქონდა. თუმცა, მამამ უარი განაცხადა. მას ერთი 29 წლის შვილი გარდაცვლილი ჰყავდა და მეორე შვილსაც სხვაგან გასაგზავნად, კალთიდან მოსაწყვეტად ვერ იმეტებდა.
ფილმის მიხედვით, თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას – ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მაჰმუდს შეარქმევენ და მეომრად აღზრდიან. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. გადის დრო. სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. ხვიჩა-მაჰმუდს თვალწინ საქართველოში გატარებული ბავშვობა წარმოუდგება. ვენეციელ მებრძოლში ის ბავშვობის მეგობარს, გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები მაჰმუდს ღალატად ჩაუთვლიან და მოკლავენ.
ასე დაიწყო და დამთავრდა პატარა ბიჭის დიდი სამსახიობო ცხოვრება. თუმცა ქართველ მაყურებელს გოჩა კარგად დაამახსოვრდა.
ვაჟა ჯოჯუა 1976 წელს იამზე კიკალიაზე დაქორწინდა. ჰყავს ქალ-ვაჟი ივეტა და გივი ჯოჯუა და 4 შვილიშვილი: ნიკა და ლუკა ჯოჯუები, მესხები 6 წლის თეკლე და ელენე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„რას მოვესწარი, ქუთაისში იმიგრანტი ტაქსისტები გვყავს“ - რას წერს ლევან ჭანჭალეიშვილი