
Ocean Side – ბარბარა სამხარაძის ახალი სიმღერაა, რომელმაც მას საოცარი წარმატება მოუტანა. სოციალურ ქსელებში სიმღერას საოცარი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან მოკლე დროში უამრავმა ადამიანმა შეიყვარა.
ბარბარა სამხარაძე: ეს სიმღერა 2020 წელს პანდემიის პირობებში შეიქმნა. მუსიკის ავტორი მე არ ვარ, ინტერნეტში ვიპოვე, ის ერთ-ერთი უცხოური ბენდისაა და მე ამ მუსიკაზე დავწერე სიმღერა. ჩემი ნამუშევარი მაშინვე ძალიან მომეწონა, ყურსასმენების ვერსია ჩავწერე და „იუთუბზე“ დავდე. მაშინაც საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი რესურსის გამოყენების გარეშე მქონდა ჩაწერილი. ორი თვის წინ, ტიკ-ტოკზე ვიდეო დავდე, სადაც ამ სიმღერის ისტორია მოვყევი და გამომწერებს მივმართე, თუ მოგწონთ ეს სიმღერა, ვიდეო მოიწონეთ-მეთქი. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყველა მიწერდა, აუცილებლად ჩაწერე ამ სიმღერის ორიგინალი ვერსია კარგი ხარისხით და ისეთი ჟღერადობა აქვს, ისე ახლოს მიდის ადამიანის გულთან, რომ ის აუცილებლად ჰიტი გახდებაო. ბევრი მეკითხებოდა, სრული ვერსია სად ვნახოო და დავკომპლექსდი, რადგან სრული ვერსია მხოლოდ ყურსასმენებისთვის მქონდა ჩაწერილი და ისიც ტექნიკურად ისეთი გაუმართავი იყო, შხრიალი გაუდიოდა (იცინის). მალე ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ხმის ჩამწერი აქვს, რამე სიმღერის ჩაწერა შემომთავაზა. მე კი ზუსტად ეს სიმღერა შევთავაზე. არც ამჯერად ჩამიწერია სტუდიაში, ყველაფერი ჩემთან, სახლში გავაკეთეთ. ეს სიმღერა ჩემს მისაღებ ოთახში ჩაიწერა და ფაქტობრივად, ყველაფერი ერთ დღეში გავაკეთეთ. ამხელა შედეგს არ ველოდი, რადგან მე არ მყავს პროდიუსერი. არ მყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ელოდება ჩემს თითოეულ ნაბიჯს, რომ მერე ტაში დამიკრან, სხვებსაც დააკვრევინონ, კარგად შეფუთონ ჩემი ნამუშევარი და იმაზე იზრუნონ, რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს მის შესახებ. ბოლომდე ჩემი თავის იმედად ვიყავი. თუ ჩემი სიმღერა ნახვებს დააგროვებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მე გავაზიარებდი სოცქსელში. თუმცა, იმის გამო, რომ ამ სიმღერის ჩაწერა მეგობარმა აიღო საკუთარ თავზე, ანუ, ფინანსები არ მჭირდებოდა, სულ რომ არ გამომექვეყნებინა, მე მაინც დამრჩებოდა ნორმალური ხარისხის სიმღერა და ღირდა. როცა ამ სიმღერის შესახებ დავაანონსე, დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, მაგრამ როდესაც უკვე ანონსი გამოვაქვეყნე, იქიდან დაიწყო ყველაფერი.
– დღეს „ტიკ-ტოკზე“ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ვიდეოს მაინც, მუსიკალურ ფონად ეს სიმღერა ადევს...
– კი, დღეს უკვე ძალიან ბევრი გამოყენება აქვს ამ სიმღერას. მსმენელისგან ყოველდღიურად საოცარი შეტყობინებები მომდის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ თითოეული ადამიანი თავის ისტორიას მიყვება და იმ განცდებს მიზიარებს, რაც მათში ჩემმა სიმღერამ გამოიწვია. ბევრი მწერს, რომ ეს სიმღერა ამშვიდებს. მწერენ მშობლები, ვისაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილები ჰყავთ, რომლებსაც მეტყველება უჭირთ, მაგრამ ჩემს სიმღერას ჰყვებიან. შვილმკვდარი დედა მწერს, შენი სიმღერით გადამაქვს დარდები, მისი მოსმენა მამშვიდებსო. უნდა გქონდეს მენტალური მზაობა იმისთვის, რომ დაჯდე და ეს შეტყობინებები იკითხო ისე, რომ ბედნიერებასთან ერთად, ძალიან არ დაითრგუნო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს ია ფარულავა - კადრები ტელეწამყვანის საცხოვრებლიდან
წყარო: tbiliselebi.ge