
7-დან 21 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე ე.წ. დაბნელებების დერეფანმა საზოგადოების ნაწილში შიში და გაურკვევლობა გამოიწვია. სოციალურ ქსელებსა და მედია სივრცეში ასტროლოგებისა თუ ეზოტერიკოსების მიერ არაერთი ინტერპრეტაცია გავრცელდა, რაც ბევრმა ადამიანმა მძიმედ აღიქვა. ეზოტერიკოსი გოგა მანია „დაიჯესტთან“ ინტერვიუში საზოგადოებას ამ პერიოდში პოზიტიური ხედვისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, დაბნელებების კორიდორი არ უკავშირდება ტრაგედიებსა და ნეგატიურ მოვლენებს, არამედ ეს არის კოსმოსური გარდაქმნის ეტაპი, რომელიც ყველას შეგვეხება – „ეს არის შანსი, თავი დავაღწიოთ მოძველებულს და გზადაგზა ვეზიაროთ უკეთესს“.
„ბევრი ნეგატიური შინაარსის მასალას წავაწყდი დაბნელებების დერეფანთან დაკავშირებით. მინდა ყველა დავამშვიდო, ეს პერიოდი გლობალურ ცვლილებებს შეეხება, იქნება გაურკვევლობები პოლიტიკურ არენაზე, თუმცა ადამიანებისთვის პირად დონეზე ეს ტრანსფორმაციის, განახლების და ახალი შესაძლებლობების დროა.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. რაც არ უნდა მოხდეს, გაგიფუჭდეთ მანქანა, სამსახურში პრობლემები შეგექმნათ, ან ურთიერთობები დასრულდეს, დავკარგოთ მეგობრები უნდა გვესმოდეს, რომ სამყაროს არ სურს ცუდის შენარჩუნება. ის გვაშორებს ყველაფერს, რაც განვითარებაში ხელს გვიშლის.
დაბნელების კორიდორი არ ნიშნავს სიკვდილს, ეს არის უდიდესი ტრანსფორმაციის პერიოდი, ცხადია სასიკეთო კუთხით. შეგვეხება ყველას, და აუცილებელია ამ პერიოდში ვიყოთ გულწრფელები და არ ვიჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღების დროს.
რაც შეეხება აღნიშნულ პერიოდში მანიფესტაციებს, კარგია თუ ფანქრით ჩამოწერეთ თქვენს სურვილებს, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ და 22 სექტემბერს დაწვით, ქარს გაატანეთ. ეს არის ენერგეტიკული განთავისუფლების ფორმა და სურვილები რეალიზებას დაიწყებენ“, – უთხრა „დაიჯესტს“ გოგა მანიამ და დაამატა, რომ თავადაც დაბნელებების დერეფანშია დაბადებული.
შეგახსენებთ, რომ გოგა მანია საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსია, რომელიც საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: