
გიორგი გველესიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელია. იგი 33 წლის ასაკში, ნაკრებში ხანდაზმული დებიუტანტია.
გიორგი გველესიანმა ევრო 2024-ზე შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. იგი ნაკრებში მცველის პოზიციაზე თამაშობს.
გიორგი გველესიანი დაოჯახებულია, მისი მეუღლე ლინდა კოკოლაშვილია. ამჯერად ფეხბურთელის მეუღლე ჟურნალ „თბილისელებთან“ ოჯახსა და საქმიანობაზე საუბრობს:
– დიდი ოჯახი გაქვთ, თქვენ და გიორგი 5 შვილის მშობლები ხართ და მინდა, ჩვენს მკითხველს ძალიან პრაქტიკული გამოცდილებები გავუზიაროთ – როგორ ათავსებთ საქმეს და ოჯახურ პასუხისმგებლობებს?
– დიახ, ჯამში, 5 შვილი გვყავს. პირველი ქორწინებებიდან ორივეს გვყავს შვილები და ერთი საერთო ბიჭი გვყავს. ჩვენ ხუთივე ბავშვს ერთნაირ ყურადღებას და სიყვარულს ვაძლევთ. გიორგი ფანტასტიკური მამაა, მუდამ ჩართული შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვცდილობთ, კარგი ადამიანური მაგალითი მივცეთ ბავშვებს და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და პატივს სცემს.
– გამომდინარე იქიდან, რომ მეუღლე ირანში თამაშობს, ფიზიკურადაც ვერ იქნებით მუდმივად ერთ ქვეყანაში, როგორია თქვენი ცხოვრების გეოგრაფია, სად რა დროს ატარებთ?
– მე, ძირითადად, საქართველოში ვარ, თუმცა ყოველთვე ჩავდივარ გიორგისთან, ხან – 1 კვირით, ხან – 10 დღით. საქართველოში ბავშვები სწავლობენ, მე საქმეები მაქვს. შეუძლებელია, მუდმივად ირანში ვიცხოვროთ, რთულად საცხოვრებელი ქვეყანაა ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის.
– ალბათ, ამას ყველა ინტერვიუში გეკითხებიან, მაგრამ არც მე გავუშვებ შანსს ხელიდან. მინდა, იმ საამაყო მომენტების გახსენება გთხოვოთ, რაც ირანში თქვენი თვალით გინახავთ და რაშიც კარგად ჩანს ირანელების პატივისცემა და სიყვარული გიორგის მიმართ.
– მართლაც მუდმივად ვგრძნობთ საოცარ სიყვარულსა და პატივისცემას. არ ნელდება ეს სიყვარული. ირანში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ფეხბურთელები ნამდვილ კერპებად ჰყავთ. გიორგი ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ, რაც ყოველდღე იგრძნობა. არ არსებობს, ქუჩაში გავიდეთ და ეს არ გამოხატონ. სავახშმოდ რომ შევდივართ რესტორანში ან მაღაზიაში – საყიდლებზე, გამორიცხულია, არ მოვიდნენ, სიყვარული და პატივისცემა არ დააფიქსირონ, ფოტოები არ გადაიღონ და გიორგის ხელმოწერები არ სთხოვონ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაშიც ვვარდებით ხოლმე, მაგალითად, მაღაზიაში რომ შევდივართ, რაღაცას გვჩუქნიან; სავახშმოდ მისულებს, თანხას არ გვახდევინებენ და ასე შემდეგ. ძალიან კეთილგანწყობილები არიან ჩემ მიმართაც. ეს სოციალურ ქსელშიც იგრძნობა და ადგილზე – განსაკუთრებით. ირანში ჩასულ ბევრ ქართველს უთქვამს, ყველამ გვიხსენა გიორგი, გვეუბენებიან, ეს ფეხბურთელი თქვენი ქვეყნიდან არის და ძალიან გვიყვარსო. საერთოდ, ირანში ძალიან უყვართ საქართველო და ქართველები, პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას.
– როგორი მეუღლეა თავად გიორგი და რამდენად აქტიურია ოჯახურ თემებთან დაკავშირებით?
– ძალიან ყურადღებიანი მეუღლეა, მუდმივად ინტერესდება ყველა საოჯახო დეტალით და სულ ჩართულია როგორც ჩემს, ასევე, ბავშვების ცხოვრებაში.
– გამოდის, ასეთი კარიერის მიუხედავად, ძალიან აქტიური მამაა.
– კი, ძალიან ჩართულია ყველა დეტალში. მეტსაც გეტყვით, პედაგოგებთან ურთიერთობაშიც კი ჩართულია. სულ ხაზზეა. ყველა დეტალი იცის თავის ყველა შვილზე. რა მიღწევები აქვთ, რაში სჭირდებათ დახმარება და ასე შემდეგ. ფანტასტიკური მამაა და ძალიან დიდი სიამოვნებაა ამის ნახვა.
– ყველა ბავშვი ამაყობს მამით, გიორგის შვილებს კი განსაკუთრებული მიზეზი აქვთ საამისოდ. როგორია მათი დამოკიდებულება, როცა მამის მიმართ ასეთ სიყვარულსა და პატივისცემას ხედავენ?
– ჩვენი უმცროსი ბიჭი პატარაა, ჯერ ხუთი წლის არის და ნაკლებად ხვდება ასეთ რამეებს. მისთვის მამაა ყველაზე ძლიერი და მაგარი. ფეხბურთს რომ უყურებს, ჰგონია, რომ ყველა გოლი მამამისს გააქვს, ყველგან მამამისი თამაშობს. უფროსებს ძალიან უხარიათ, ამაყობენ, თავს იწონებენ ამით და ვხედავ, რომ მათთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის.
– თვითონ ძალიან კარგად იცის შრომის ფასი და რამდენად მომთხოვნია შვილებთან, მკაცრია?
– სხვათა შორის, კი. ბავშვებს ყველანაირ შესაძლებლობას აძლევს განვითარებისთვის, თუმცა, ეს მათ წილ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს. ზოგადად, ოჯახში ეს მიდგომა გვაქვს, ვცდილობთ, ბავშვს ძალიან მარტივად არ მივცეთ ყველაფერი, ზედმეტად არ გავათამამოთ. თავისი წილი პასუხისმგებლობა პატარა ბავშვსაც უნდა ჰქონდეს და მოზარდსაც, რომ ისეთ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, როგორებადაც გვინდა, ჩვენი შვილები ვნახოთ.
გიორგი საკმაოდ მკაცრიც არის. ბავშვებთან ძალიან თბილი და ყურადღებიანია, მაგრამ თან, წესრიგის მოყვარული. ცდილობს, საკუთარი ცხოვრებაშიც ყველაფერი მოწესრიგებული იყოს და მის გარშემო მყოფებთანაც. ამაში კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მეც ყველაფერი გაწერილი მაქვს. წინასწარ ზუსტად ვიცი, რას როდის და როგორ ვაკეთებ. ამ საკითხში პედანტი ვარ. ყველაფერს დამენეჯმენტება სჭირდება, თორემ ხუთი ბავშვი, სახლი, კარიერა – ამ ყველაფერთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არ არის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა სახით უბრუნდება ადამიანს სამყაროში გაშვებული უარყოფითი იმპულსები?
🎥 იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი