მომღერალმა ნინი ქარსელაძემ იუთუბის არხზე ერთ-ერთ პოდკასტში „მძიმე წერტილი“ საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებზე, ოჯახურ ტრაგედიებსა და ახალ გეგმებზე ისაუბრა.
მომღერალმა ღიად ისაუბრა მამის წამალდამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრება, გარკვეულწილად, გადარჩენის გზად იქცა.
„მისი დაჭერით მამას სიცოცხლე გაუხანგრძლივდა. იმ ცხრა წლის განმავლობაში მე მისი ნახვის საშუალება მქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ დღეს ხათუნა ჯანმრთელია. მადლობა ღმერთს ამისთვის და ალბათ ყველა შვილი ასე მოიქცეოდა. ჩემს საქციელში არაფერი განსაკუთრებული არ არის და ვთვლი, რომ ასეც უნდა იყოს. ხათუნას ამბავი გავიგე 2019 წლის 21 ივლისს, 12 ივლისს გარდაიცვალა მამა...“, - განაცხადა ქარსელაძემ.
ნინიმ გაიხსენა 2019 წელი, როდესაც მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დედის მძიმე დიაგნოზის შესახებ შეიტყო. მისი თქმით, მთელი რესურსი დედის გადასარჩენად მიმართა, რის გამოც გლოვა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო. დღეს ხათუნა ჟორდანია თავს კარგად გრძნობს.
„მამაჩემის გარდაცვალება დამავიწყა ხათუნას დაავადებამ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყავი იმაზე, რომ სიკვდილი დამემარცხებინა და ამისთვის ხუთი წელი დამჭირდა. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ადამიანისთვის მშობლის დაკარგვა, მაგრამ ეს მე იმ პერიოდში ვერ აღვიქვი და რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი, რომ მამა აღარ მყავდა, ოღონდ დაახლოებით ალბათ ორი წელი გასული. ჩემი თერაპია არის ჩემი სულიერი მოძღვარი და მისი დახმარებით გავიარე ყველა სირთულე ჩემს ცხოვრებაში“,- იხსენებს ნინი ქარსელაძე.


