21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა. კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა წმინდათა უხორცოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა: რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე პოსტს აქვეყნებს:
„ყოველი წლის ნოემბრის 21 რიცხვი არის უდიდესი ნათელი ენერგიებით სავსე, რადგან ხარობს, როგორც მიწიერი, ასევე სულიერი სამეფო.
მთავარანგელოზი მიქაელი და თავად ეს სიტყვა ებრაულად ნიშნავს - ,,ვინ არის სწორი ღვთისა?" სწორი ღვთისა, რადგანაც მას ჩაბარდა დიდი ძალა და მოვალეობა. რა წამს შეებნენ ანგელოზნი ერთმანეთს და იმარჯვეს უფლის ერთგულებმა, ღმერთმაც სწორედ მიქაელი გამოარჩია.
მეცნიერულად კი მისი და მთავარანგელოზთა დასის ხსენების დღედ ნოემბერია მოხსენიებული, რადგანაც ადრე წელთაღრიცხვა იწყებოდა გაზაფხულზე, მარტიდან, ხოლო ნოემბერი კი გამოდის მე-9 თვე, რაც ჯამში ანგელოზთა 9 დასს შეესაბამება.
მის სახელს უკავშირდება ქანაანის ქალაქ ,,იერიქონის" დაპყრობა, ბევრი მოწამის აზრით კი მის სახელთანაა ასოცირებული საიდუმლო ცეცხლის სვეტი, რომელიც წინ უძღოდა ისრაელს ეგვიპტიდან ლტოლვისას.
მთავარანგელოზი მიქაელი ან შუბით ან მოელვარე ხმლით ხელში, მუდამ მზადაა მართალ ხალხთა დასახმარებლად და ბოროტთან საომრად. მას, რელიგიის მსახურების გარდა, ხშირად მოუხმობენ ენერგეტიკოსებიც თავიანთი სამუშაო პროცესის დროს, რომ გაიწმინდონ ნეგატივისგან და გაძლიერდნენ.
მთავარანგელოზი გაბრიელი კი ესაა სიმტკიცე ღვთისა. იგი არის უფლის საიდუმლოს კეთილი მაცნე და მახარებელი. მასთან სამოსში გვხვდება მწვანე ფერი. არის ზოგჯერ ოქროსფერი, მეწამული და ცისფერი ფერებიც. ხელში უჭირავს ზეთისხილის რტო ან შროშანი, ასევე კვერთხი და გამჭვირვალე სფერო ქრისტეს მონოგრამით, რაც გვაუწყებს, რომ ღვთის განგებულებისა და განკაცების საიდუმლო აქვს მინდობილი.
მთავარნგელოზი რაფაელი - ღვთიური მკურნალია, რომელიც ადამიანებს სნეულებათა დამარცხებაში ეხმარება. ხატებზე მარჯვენა ხელში მას უჭირავს ჭურჭელი წამლით, ხოლო მარცხენა ხელით მართალი ტობიას ვაჟი მოჰყავს.
მთავარანგელოზი ურიელი - იგი ბერმონაზოთა და ღვთისმეტყველთა, ასევე მონანულთა მფარველად ითვლება. ხატებზე ის ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული ხმლითაა გამოსახული.
მთავარანგელოზი სელაფიელი - ის ადამიანებს უხილავად ეხმარება ლოცვის დროს. გარდა ამისა, ვისაც გაწუხებთ ეპილეპსიური ან ამაკანკალებელი დაავადებები, ასევე მალარია … ის ყველას ეხმარება. გამოიხატება თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი. ზოგ შემთხვევაში, ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.
მთავარანგელოზი ეგუდიელი - ღვთის დიდებასთანაა ასოცირებული. ის ადიდებს უფალს და მასთან შუამდგომლობს ადამიანებს. იგი მოგზაურთა და გაჭირვებულთა მფარველია. ხატებზე მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, ხოლო მარცხენაში შოლტი სამი წითელი ან შავი ტოტით. შოლტი ნიშანია იმისა რომ ზარმაცებს და დაუდევრებს ამ ცხოვრებაში მრავალი მწუხარება დაატყდებათ თავს, ხოლო გვირგვინი ჭეშმარიტ უფლის მსახურებს დარჩებათ.
მთავარანგელოზი ვარახიელი - ძირითადად, მოწამეთა და მოსაგრე აღმსარებელთა მფარველად ითვლება. სხვანაირად კურთხევის ანგელოზსაც ეძახიან. მის სამოსელზე ხატწერაში შეამჩნევთ ვარდისფერ ყვავილებს, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოზე მიგვითითებს.
მთავარანგელოზი იერომიელი - საღვთო სიყვარულს აძლევს კაცობრიობას. ღვთისკენ ამაღლების და მისი გზით სიარულის დამცველია. ეხმარება ადამიანებს ცოდვებისგან გათავისუფლებაში. მას ხატებზე სასწორით ხელში გამოხატავენ.
გილოცავთ, მთავარანგელოზთა დასმა დაგვიფაროს თითოეული ჩვენგანი და სრულიად საქართველო!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: