Digest Logo

„3 წლის თაია დედას რომ იკითხავს, რას ეტყვიან? თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე გვაწუხებდა, ერთ წამში უმნიშვნელო გახდა“ - ბარბარა სამხარაძე ფონიჭალის ტრაგედიაზე

1795258197
ბარბარა სამხარაძე

მომღერალი ბარბარა სამხარაძე  ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ყველაფერზე მეფიქრება…

3 წლის თაია დედას რომ იკითხავს, რას ეტყვიან?

ექიმები, რომლებიც ამ ყველაფრის შუაგულში არიან, როგორ გაუმკლავდებიან იმ ემოციებსა და სიცარიელეს, რასაც ეს კითხვა და ტრაგედია დაუტოვებთ..

კი, ბევრი უსამართლობა ხდება, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა 3 წლის ბავშვის კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ გქონდეს…

მაშველები როგორ შეძლებენ ამ ყველაფრის შემდეგ იმ სიმშვიდისა და შინაგანი ძალის დაბრუნებას, რომლითაც აქამდე ამდენს აკეთებდნენ?

ამ ტრაგედიამ ყველა შეგვცვალა.

თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე გვაწუხებდა, ერთ წამში უმნიშვნელო გახდა.

უცებ მივხვდით, რამდენ რამეს ვაქცევდით პრობლემად, მაშინ როცა ყველაზე ძვირფასი რამ - სიცოცხლე და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა - ასე მყიფე და დაუცველია“, - წერს ბარბარა სამხარაძე.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მიხეილ ჩოხელს ბებია გარდაეცვალა - „მადლობა სიყვარულისთვის, მოგვენატრება შენი ღიმილი და ცისფერი თვალები“

⭕სახლის რომელ ზონაში ჯობს ნაძვის ხის დადგმა ფენშუის მიხედვით, რომ იღბალი, ახალი შესაძლებლობები და ფინანსური ზრდა მოიზიდოთ

⭕ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, აქტიურად შემოდიან კონტაქტში

✕