Digest Logo

„ოჯახია ადამიანისთვის საგანძური... დღეს, გვყავს სამი შვილი და ამ კუთხითაც მინდა, რომ ჩემპიონები ვიყოთ“ - ლაშა ტალახაძის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე

1716033170
ლაშა ტალახაძე

საამაყო ქართველი სპორტსმენების რიგებში უდავოდ დიდი ადგილი უჭირავს ძალოსან ლაშა ტალახაძეს, რომელმაც საქართველოს სახელით მსოფლიო არაერთხელ გააოცა. 

მის ანგარიშზეა: ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონის ტიტული. იგი ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ, ლაშა ტალახაძე 2023 წლის საუკეთესო ძალოსნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს.

ლაშა აქტიურად ემზადება პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომ საკუთარი რეკორდები კიდევ ერთხელ მოხსნას.

გთავაზობთ ლაშა ტალახაძის გულახდილი ინტერვიუს, რომელიც მასთან „დაიჯესტმა“ ოჯახზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ჩაწერა.

- ვინ არის ლაშა ტალახაძე?

ლაშა ტალახაძე: ლაშა ტალახაძე არის, ერთ-ერთი ქართველი სპორტსმენი ძალოსანი, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში ბევრი წარმატება მოუტანა საკუთარ ხალხს, თავის ქვეყანას და ოჯახს. ჩემი დიდი სურვილია გავაგრძელო ასე და ვემსახურო ჩემ საქართველოს.

- როდის დაიწყეთ ძალოსნობა და რამ გადაგაწყვეტინათ? - გაიხსენეთ პირველი გამარჯვება რა ასაკში იყო და პირველი ემოცია?

ლაშა ტალახაძე: პირველად 2007 წელს გადავწყვიტე, რომ ამ სპორტში ვყოფილიყავი. 2013 წელს დავიწყე ვარჯიში. მამაჩემი იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. მამაჩემიც ძალოსანი იყო და მინდოდა, რომ მის კვალს გავყოლოდი. ასეც მოხდა, ცოტა ხანში შევიცვალე გარემო. ჩამოვედი თბილისში და ჩემი პირველი წარმატება იყო 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული 3 ოქროს მედალი და ეს შეჯიბრება იყო ყველაფრის საწინდარი, რასაც დღეს ვაკეთებ, იმიტომ რომ ამ შეჯიბრებამ ძალიან ბევრი რამ გადაწყვიტა ჩემს ცხოვრებაში, სპორტულ კარიერაში დავრჩენილიყავი თუ არა. გზაგასაყარზე ვიყავი. განსაკუთრებული მონაცემები სჭირდება ამ სპორტს და როდესაც სამი ოქროს მედალი მოვიპოვე, გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი ამ სპორტში.

- როგორი ბავშვობა გქონდათ, გაიხსენეთ მშობლებთან ურთიერთობა?

ლაშა ტალახაძე: მამა თავის ასაკთან შედარებით კარგი სპორტსმენი იყო იმ დროისთვის, თუმცა დაემთხვა 90-იანი წლები და ნაადრევ ასაკში მოუწია თავის დანებება. თუმცა ვინც იყვნენ წარმატებული სპორტსმენები  მეგობრობდა მათთან გიორგი ასანიძესთან და კახი კახიაშვილთან ასე ვთქვათ ერთი თაობა იყვნენ. მანაც გადაწყვიტა, რომ მწვრთნელის ამპლუაში გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა და მასაც ძალიან ბევრი მედლები აქვს მოპოვებული. როდესაც ვხედავდი ხოლმე ხშირად მის მედლებს, ხშირად გადმოგვილაგებია ხოლმე მე და ჩემ ძმას. მეც მინდოდა მამაჩემის მედლებისთვის ჩემი მედლები შემემატებინა და ასეც მოხდა.

როგორც მშობელი მაინც, ცოტა ლმობიერი იყო ჩემს მიმართ, თუმცა როცა ზღვარს გადავდიოდი ალბათ ყველაზე მკაცრი ჩემს მიმართ იყო ხოლმე. ბევრჯერ არასასიამოვნო საუბარიც გვქონია ხოლმე, იქიდან გამომდინარე რომ ვიცოდი კარგი უნდოდა ჩემთვის და სიმკაცრეს იჩენდა. როდესაც ან შეჯიბრზე არ გამოვიდოდი კარგად ან დარბაზში არ ვივარჯიშებდი  ნორმალურად და ვაცდენდი ამ შემთხვევაში იჩენდა სიმკაცრეს. ყოველთვის მახსოვდა მისი სიტყვები.

მშობელ დედას შვილისთვის ყოველთვის კარგი უნდა. ამიტომ ფიქრობდა რომ კარგად უნდა გვესწავლა. სულ ამაზე იყო ხოლმე ჩხუბი ოჯახში, რომ უფრო მეტი ყურადღება დაგვეთმო სწავლისთვის. სპორტიც კარგი იყო მისთვის თუმცა უფრო სწავლა-განათლებისაკენ იხრებოდა. პარალელურად ვახერხებდით, მაგრამ ჩემი ფიქრები მაინც სპორტისკენ იყო, რომ მას გავყოლოდი და წარმატებული სპორტსმენი გავმხდარიყავი.

დღემდე სწავლაზე მეუბნება დედა. დღესაც ვირიცხები უნივერსიტეტში ვაგრძელებ სწავლას და სპორტთან ერთად პარალელურად ვახერხებ, თუმცა სპორტის მნიშვნელოვანია და უნდა ვეცადო დავუდგე სხვა სპორტსმენებსაც გვერდით გიორგი ასანიძესთან ერთად. ჯერ დავამთავრე კოლეჯი შემდეგ ფიზკულტურის უნივერსიტეტი. გამოცდებზე გავედით ჩავაბარეთ და დღემდე ვსწავლობ.

- რა გაძლევთ სტიმულს ცხოვრებაში?

ლაშა ტალახაძე: მახსოვს ჩემს ბავშვობაში, როდესაც გიორგი ასანიძემ გაიმარჯვა და ზოგადად როცა ჩვენი სპორტსმენები აღწევდნენ წარმატებებს, რატომღაც კეთილი შურით მშურდა ხოლმე და მეც მინდოდა ვყოფილიყავი მათნაირი წარმატებული და შინაგანად მეც მათ მხარეს მივდიოდი. მჯეროდა კიდეც, რომ გავხდებოდი მათნაირი წარმატებული, თუმცა ამდენ წარმატებას თუ მივაღწევდი ეგ ნამდვილად არ მეგონა.

- არსებობს მოსაზრება, რომ სპორტსმენებს განათლებით ნაკლებად დაინტერესებულები არიან, სწავლის დრო არ აქვთ და ამიტომ უმეტესად გაუნათლებლები არიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

ლაშა ტალახაძე: ბევრჯერ გამიგია და მართლა გულსატკენია, რომ სპორტსმენზე ამბობენ არ არის განათლებულიო. ჩვენ ქართველ სპორტსმენებს ამ მოკლე სპორტული კარიერის განმავლობაში იმხელა ცოდნა, გამოცდილება გვიგროვდება. ძალიან  ბევრ რამეს ვნახულობთ და დამეთანხმებით, რომ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაც სჭირდება. ნამდვილად ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს ნანახი, შეიძლება იყოს ისეთის ვისაც მართლა არ აინტერესებს განათლება, თუმცა ასეთი შესაძლოა მხოლოდ სპორტსმენი არ იყოს. სპორტსმენებს დიდი გამოცდილება გვაქვს ძალიან დიდი თეორიაც და პრაქტიკაც.

- როდესაც სპორტში პირველ ნაბიჯებს დგამდით, ვინ იყო თქვენთვის სპორტში კუმირი?

ლაშა ტალახაძე: მე პირადად უფრო ძალისმიერი სპორტის სახეობა მიყვარს, თუმცა სხვა სპორტსაც პატივს ვცემ. ფეხბურთის ყურება კვარაცხელიამ დამაწყებინა სიმართლე, რომ გითხრათ. ჭიდაობაზეც დავდიოდი, ჭიდაობაც ძალიან მიზიდავდა, რამდენიმე წელიც ვიარე. გავედი შეჯიბრებებზე და იქაც მქონდა წარმატებები. ასაკობრივ ტურნირებზე გავედი და გავიმარჯვე. ძალიან კარგად მახსოვს 2004 წელი ათენის ოლიმპიური თამაშები, როდესაც ჩვენი ქართველი სპორტსმენები დაბრუნდნენ და ჩემი მთავარი მწვრთნელიც გიორგი ასანიძეც, ჩვენ ერთი რაიონიდან ვართ საჩხერიდან მოუწყვეს მას დიდი დახვედრა, მახსოვს ჩვენს სტადიონზე იყო ეს დახვედრა. რაღაცნაირად რომ დავინახე, რომ ამდენი გულშემატკივარი შეიძინეს, ამდენი ადამიანი ულოცავდა გამარჯვებას და ყველა ერთად ვზეიმოობდით მეც მინდოდა, რომ მათ დავმსგავსებოდი და გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი. გიორგი ასანიძე, კახი კახიანი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჩვენი პრეზიდენტი. ვინც აღწევდა საქართველოს სახელით წარმატებას ყველა მისაბაძი იყო ჩემთვის.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

ლაშა ტალახაძე: ჩემი ოჯახი არის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ისევ და ისევ. მაინც ოჯახია ადამიანისთვის საგანძური. რა თქმა უნდა ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი შევიძინე, თუმცა პირველ ადგილზე მაინც ჩემს ოჯახის წევრებს დავაყენებ.

- როდის იგრძენით, რომ თქვენი შრომა დაფასდა?

ლაშა ტალახაძე: ჩემი შრომა, ალბათ ჯერ კიდევ ფასდება იქიდან გამომდინარე, რომ ვაღწევთ წარმატებებს დღემდე. ბევრს ვიბრძვით და ვვარჯიშობთ, რომ შევინარჩუნოთ მოპოვებული ტიტულები და გავზარდოთ მათი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, როცა კარიერას დავასრულებ მინდა კმაყოფილი წავიდე და ვთქვა, რომ შრომა დამიფასდა.

 - რა არის თქვენი ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა, რა დაგრჩათ მოსაგები?

ლაშა ტალახაძე: პირველ რიგში, რაც დამრჩა და რაც ყველაზე ახლოსაა ოლიმპიური თამაშები გვაქვს მოსაგები, მესამედ ვიასპარეზებ და მესამე ჩემპიონის ტიტული მინდა მოვიპოვო. რა თქმა უნდა ევროპის და შემდეგ მსოფლიო 7 ჯერ მაქვს მოგებული, თუმცა სანამ შემიძლია მინდა მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

- როგორ გაიცანით მეუღლე, გვიამბეთ თქვენი სიყვარულის ისტორია...

ლაშა ტალახაძე: ინტერნეტში მქონდა ჩემი მეუღლის სურათები ნანახი, საერთო მეგობრები გვყავდა, ისე მოხდა, რომ ბათუმში ერთ-ერთ კაფეში სრულიად შემთხვევით ვნახეთ ერთმანეთი. ამის შემდეგ მივწერე დავეკონტაქტე მანაც მიპასუხა, რამდენიმე თვე ასე გრძელდებოდა. ხან ვკითხულობდით ერთმანეთს, ხან არა და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ გადაგვედგა ნაბიჯი, შევხვედროდით ერთმანეთს უფრო ახლოდან გაგვეცნო და სადღაც წელიწად-ნახევარში დავოჯახდით. დღეს გვყავს სამი შვილი და ამ კუთხითაც მინდა, რომ ჩემპიონები ვიყოთ. ჩემი აზრით ეს იყო ბედი, რადგან ერთი დღით ვიყავი ბათუმში ჩასული და სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ალბათ ასე უნდა ყოფილიყო.

- როგორი მამაა ლაშა ტალახაძე?

ლაშა ტალახაძე: ცუდი მამა ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ დროის უქონლობის გამო ხშირად ვერ ვარ მათ გვერდით. თვეში შეიძლება ერთი ორი მაქსიმუმ 3 დღე ვიყო ხოლმე. თუ რაიმე შუალედი მაქვს ისე ვახერხებ რომ ბავშვებთან ვიყო ხოლმე. ისეც მომხდარა, რომ ჩავსულვარ სახლში ბავშვებთან შეკრებიდან მინახავს ისინი და ნახევარ საათში უკან დავბრუნებულვარ. მაინც ვერ ვიტყვი რომ ცუდი მამა ვარ და ის თავისუფალი დრო რაც მაქვს მათ გვერდით ვატარებ ხოლმე. როგორც ყველა მშობელს უნდა მათი შვილები კარგად იყვნენ, მზრუნველობას ნამდვილად არ ვაკლებ. ალბათ ეს არ არის  საკმარისი. ისეთ ასაკში არიან მათ გვერდით სჭირდებათ როგორც მამა ისე დედა. ჩემმა უფროსმა შვილმა და შუათანამ იციან რომ ვარჯიშზე ვარ წასული, როდესაც ტელევიზორში გამოვდივარ უყურებენ და იციან რომ მათმა მამამ უნდა გაიმარჯვოს.

გოგონებზე ასე რომ ვთქვათ მე მხვდა პატივი სახლები დამერქმია. მოვიდნენ და მითხრეს რა გინდა დაარქვაო და ასე უცებ გადავწყვიტე ხოლმე. მარიამი ელენე და და ნიცა.

- რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს და რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს მომავალ სპორტსმენს, რომ მან წარმატებას მიაღწიოს?

ლაშა ტალახაძე: დამწყებ სპორტსმენებს ვურჩევდი რომ, ჩვენ ქართველებმა რაც გავიარეთ და ამ გზას დღემდე გავდივართ, სპორტი ისეთი რაღაცა არის, რომ გაჩერება და დათმობა მას არ უყვარს. პირიქით, როგორც ვახსენე ჩვენს ინტერვიუში სპორტსმენის კარიერა ძალიან მოკლეა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ წარმატებას და შემდეგ შევინარჩუნოთ. ამისათვის პირველ რიგში არის სიყვარული საჭირო და იმისათვის არ უნდა ვაკეთებდეთ ამ საქმეს, რომ ვინმეს ვაჩვენოთ. ეს შინაგანად უნდა გავითავისოთ და უნდა გვქონდეს, ის რომ მაქსიმალური ვეცადოთ და მაქსიმალური შრომა ჩავდოთ. ამისთვის ყველაფერი უნდა მოიკლო. სპორტი და გართობა ერთად ნამდვილად არ გამოდის ყველაფერს თავისი დრო აქვს რაღაც ეტაპზე ისიც კარგია მაგრამ, თუ თუ გვინდა რომ ვიყოთ წარმატებულები მაქსიმალური უნდა ვეცადოთ და უნდა გვწამდეს იმისი რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

- რა არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას?

ლაშა ტალახაძე: მოდუნების საშუალებას არ მაძლევს ჩემი გულშემატკივრები. რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი შევიძინე, ყველა ელოდება ჩემს გამარჯვებას და სწორედ ამიტომ არ მინდა რომელიმე მათგანმა თქვას ან მე ვიზარმაცე ან რაიმე დავაკელი. სწორედ ამით ვახერხებთ ყველა შეჯიბრებაზე გამარჯვებას.

- რა არის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენს ცხოვრებაში?

ლაშა ტალახაძე: ყველაზე დიდი საჩუქარი არის ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები. ამდენი გამარჯვების შემდეგ, მაინც ჩემ შვილებს ვიტყოდი.

- ქართული ტრადიციებიდან, რომელს გამოარჩევდით დადებითი ან უარყოფითი კუთხით?

ლაშა ტალახაძე: ქართული ტრადიციებიდან თითქმის ყველაფერი მომწონს. ჩემი თაობა უფრო მეტად გათვითცნობიერებულები ვართ ასე მგონია, მთავარია, არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი. მე მაინც ჩემი წინაპრების გავლილ გზას მივყვები და პატივს ვცემ იმას, რაც მათ დაგვიტოვეს. ზოგიერთი რამ შეიძლება მიუღებელი იყოს ახლანდელი თაობისთვის, მაგრამ მე, მაქსიმალურად ვცდილობ წინაპრების დანატოვარს გავუფრთხილდე.

- ემოციური თუ ხართ, ბოლოს რაზე იტირეთ?

ლაშა ტალახაძე: ემოციური ადამიანი ზოგადად არ ვარ. თუმცა ზოგჯერ ემოციების კონტროლი რთულია და ასე ვერ განსაზღვრავ. მომრევია ხოლმე ცრემლი თვალზე ისე, რომ ვერც მივხვდი რატომ მეტირებოდა. ბოლოს ცრემლები გადმომივარდა ბებიაჩემის გარდაცვალებისას ეგ იყო და ეგ.

- თქვენი აზრით უნდა იყოს თუ არა სპორტსმენი პოლიტიკაში ჩართული ან პირიქით პოლიტიკა სპორტში, როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?

ლაშა ტალახაძე: ყველა ადამიანს თავის შეხედულება აქვს სხვადასხვა საკითხზე. ყველამ ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი და უნდა გავითავისოთ, რომ ამის გამო ერთმანეთი არ უნდა გავაკრიტიკოთ.

ბევრჯერ მომისმენია, რომ სპორტსმენის საქმე არ არის პოლიტიკა. თითოეულის საქმეა ჩვენი საქართველო და უნდა გავუფრთხილდეთ. არ ვერთვები პროცესებში იმიტომ, რომ ჩემს საქართველოს უნდა მოვუტანო წარმატება ჩემი გამარჯვებით. ბევრი ნეგატიური წერილი მოდის, მაგრამ მაინც თავშეკავებას ვამჯობინებ, რადგან ორთვე-ნახევარში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მივემგზავრებით და გეზი მაქვს აღებული მესამედ შევინარჩუნო ოლიმპიური ჩემპიონობა.

ავტორი: ნინი ჭიჭინაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ლაშა ტალახაძეს ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადაეცა

🎥 ლაშა ტალახაძე: მამაჩემმა მანქანა გაყიდა თბილისში რომ გადმოვსულიყავი

🎥 „მთავარი მიზანია ავიღოთ ოლიმპიური ლიცენზია“ - ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სამომავლო გეგმებზე