საცხოვრებლის ხშირ გამოცვლაში რეკორდი რომ არსებობდეს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ონისე ონიანი, ნამდვილად უკონკურენტო იქნებოდა.
მეუღლესთან 27-28-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე 22 სახლი გამოიცვალა, ზოგი ნაქირავები იყო, ზოგი - საკუთარი, საბოლოოდ კი მხატვრების დასახლებაში იყიდა მიწა და ორსართულიანი სახლი აიშენა. ქუჩაზე, სადაც მსახიობი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ძირითადად კერძო სახლებია, შორიდან ეს ადგილი ევროპულ სოფელს მოგაგონებთ, რეალურად კი ნუცუბიძის მეოთხე პლატოდან მანქანით სულ 5-10 წუთის სავალია.
- ჩვენი სახლების ცვალებადობის ამბავი რომ გიამბოთ, მკითხველს ძალიან დავღლით (იცინის), ამიტომ გეტყვით, რომ ჯამში 22 სახლი გვაქვს
გამოცვლილი, ეს ოცდამესამეა. ძირითადად ვაკის ტერიტორიაზე „ვმოძრაობდით“, მაგრამ კორპუსი და ხმაურიანი ადგილები დიდად აღარ გვხიბლავდა, უფრო მშვიდ ადგილას, კერძო სახლში გვინდოდა ცხოვრება. ხომ იცით, რაც გულით გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ, ჰოდა, ასეც მოხდა. ჯერჯერობით ეზო არ გვაქვს შემოკავებული, არც გაკეთებული, მაგრამ ნელ-ნელა ესეც იქნება.
ონისეს ოჯახი ერთი წელია აქ, მთებით გარშემორტყმულ სახლში ცხოვრობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმოუდგენელი ფუფუნებაა, ცხოვრობდე თბილისში, არ გაწუხებდეს მანქანების ხმაური, ფანჯრიდან კი უმშვენიერესი ხედი იშლებოდეს.
- გარშემო სიმწვანე და სიწყნარეა, ჰაერიც კარგი გვაქვს, რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღვნიშნო, რომ სადაც კი ვცხოვრობდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, სახლი დიდი იყო თუ პატარა, ნაქირავები თუ საკუთარი, ვცდილობდით, კომფორტი შეგვექმნა და ჩვენი ბუდე ჩვენივე გემოვნებით მოგვეწყო. აქაც არაფერია ძვირფასი და განსაკუთრებული, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერში ჩვენი სული და გულია ჩადებული.
სახლი ორსართულიანია და პერსპექტივაში მესამე სართულის დადგმაც შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით ოჯახის მასპინძელი მშენებლობას არ გეგმავს, რადგან ამ პროცესმა ძალიან დაღალა.
- მშენებლობა და რემონტი ურთულესი რამაა, ძალიან გაგვაწვალა სამშენებლო კომპანიამ, რომლის სახელსაც შეგნებულად არ დავასახელებ, იყო ბევრი ტყუილი, უსიამოვნო საუბრები, სიტუაციები. მოგეხსენებათ, თავისუფალი დროით განებივრებული არ ვარ, სულ გადარბენები მაქვს და ამიტომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი მშენებლობას, მაგრამ ბოლოს სხვა გზა არ დამიტოვეს, საკუთარ თავზე ავიღე ყველაფერი და უშუალოდ ჩემი ზედამხედველობით მიმდინარეობდა საქმე. არ ვიცი, რა ჯადოქრობა ჩავატარე, მაგრამ აქამდე კი მოვიყვანეთ სახლი. რასაკვირველია, ყველაფერი დასრულებული არაა, თუმცა ცხოვრება შეიძლება.
სახლის მთავარი ხიბლი მეორე სართულის შემინული აივანია, საიდანაც მწვანე ხედი იშლება, თავად აივანზე კი დაახლოებით 30 სახეობის ქოთნის მცენარეა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უჰ, აი, მართლა დივა“ - შთამბეჭდავი კადრები ლელა წურწუმიას კონცერტიდან
🔵გვანცა დარასელიას ზღაპრული მოგზაურობა მაიამიში - როგორ დროს ატარებს ცნობილი ტელეწამყვანი
წყარო: www.shin.ge