„პატრიარქი იყო ეპოქალური ადამიანი“, - განაცხადა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, პატრიარქის თითოეული ნაბიჯი იყო სიბრძნესთან, უჩვეულო სიმშვიდესთან დაკავშირებული.
„ის იყო ძალიან ზეადამიანური. ადამიანმა იმას მიაღწიოს, რომ ყველაფერს სიმშვიდით და სიბრძნით უპასუხოს, ეს არის დიდი მაგალითი. მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ.
სიკვდილის შემდეგაც რა ამბავი დაატრიალა და როგორ გააერთიანა მთელი ერი. მგონია, რომ ამ სიკვდილითაც ჩვენი უწმინდესი ძალიან ბევრ გადატეხვას მოახდენს ერში და ბერში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინ სიკვდილი დგას, მაინც იმედიანად ვუყურებ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა თეონა ცირამუამ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ: