1997-2007 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გამომძიებელი, შალვა ნიქაბაძე, 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ბუტა რობაქიძის საქმის დეტალებს გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ სტუმრობისას იხსენებს და აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის მხრიდან დანაშაულის კვალის დასაფარად იარაღის ჩადება და სცენარის დადგმა მოხდა.
შალვა ნიქაბაძის განცხადებით, იგი შემთხვევის ადგილზე, წერეთლის გამზირზე, ტრაგედიიდან მცირე ხანში მივიდა.
იქვე მყოფი სამართალდამცველებისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ საპატრულო ეკიპაჟის მიერ BMW-ს მარკის ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, ადგილზე გამოძახებულ სხვა პატრულ-ინსპექტორს, გრიგოლ ბაშალეიშვილს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც ბუტა რობაქიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„მე როდესაც შევდივარ შემთხვევის ადგილზე, მხვდება ასეთი სურათი, რომ არის დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ორი „ლიმონკა“ და ავტომატის ძალიან ბევრი ტყვიები - ამოვიღე, თუ სწორად მახსოვს, 230 ცალი სადღაც, ეს ძალიან ბევრი იყო.
მაგრამ მე იქ პოლიციელებმა მითხრეს, რომ ესენი არცერთი არ არის ამათი... მათ შორის მეც ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ ნუ, პატრულს გაუვარდა, ახლა ამ პატრულს ხომ არავინ დაიჭერს და ამიტომ ამ ბიჭებს ულაგებენ ამ იარაღს, რომ დააკავონ ბუტა რობაქიძესთან ერთად მყოფი ბიჭები.
მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ მომენტში მოქმედებდა არა გრიგოლ ბაშალეიშვილის გადასარჩენად, არამედ პატრულის იმიჯის შესანარჩუნებლად. მათ არ უნდოდათ, რომ გამოვლენილიყო, რომ პატრულს გაუვარდა იარაღი და მოკლა უდანაშაულო ადამიანი და მათთვის უფრო მისაღები იყო, რომ ჩაეწყოთ იარაღი, დანარჩენები დაეკავებინათ და ტელევიზიით მიეცათ ინტერვიუ... რომ ყაჩაღურ ჯგუფს გამოედევნენ, მოხდა ორმხრივი სროლა და ერთ-ერთი იმ ყაჩაღური ჯგუფიდან იყო ლიკვიდირებული. აი, უნდოდათ, რომ გმირებად წარმოეჩინათ ეს პატრულ-ინსპექტორები“,- იხსენებს ნიქაბაძე.
ყოფილი გამომძიებლის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, კორპუსის მცხოვრებლისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების, რომელთაც ადგილზე არანაირი იარაღი არ უნახავთ, ასევე, ექსპერტიზის დასკვნები აბსოლუტურად გამორიცხავდა პოლიციელების ვერსიას, თითქოს რობაქიძემ მათ ავტომატიდან ესროლა.
„პოლიციიდან დავურეკეთ ჩვენ პროკურორს, რომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ნარკოლოგიურში გადაგვყავს [პატრულ-ინსპექტორები] სიმთვრალეზე შევამოწმოთ და მერე მოვიყვანთ პროკურატურაში და დავკითხოთ-მეთქი. დამთანხმდა და სადღაც ხუთ წუთში დაურეკა ჩემთან ერთად მყოფ მეორე გამომძიებელს, რომ უთხრა - პირდაპირ მოიყვანეთო და დაკითხეთო, ნარკოლოგიურში აღარ გადაიყვანოთო.
ანუ ზემოთ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომ პატრულ-ინსპექტორები არ უნდა შეგვემოწმებინა სიმთვრალეზე... მოკლედ, არ მოგვეცა საშუალება ამ პიროვნებების ოთხივეზე ნარკოლოგიური შემოწმების.
პოლიციამ ესენი [ბუტა რობაქიძის მეგობრები] რომ დააკავა, მეორე დღეს საქმე გადმოგვცა ჩვენ... ისინი დაკავებული იყვნენ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში.
პოლიციის წინააღმდეგობა იმიტომ მიაწერეს, რომ ეს პროკურატურის ქვემდებარე საქმე იყო.
შევდივართ 48 საათში სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით. ხელმძღვანელობა, არავინ არაფერს არ გვეუბნება... ჩატარდა სასამართლო სხდომა, სპეცდანიშნულების რაზმმა მოიყვანა ხუთივე დაკავებული სასამართლოში და მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება მათი პატიმრობიდან განთავისუფლების, ხუთივე გაათავისუფლა პატიმრობიდან და შეუფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დარჩენა.
სანამ პროკურატურაში მივიდოდი, მირეკავს რაიონის პროკურორი, „სადა ხარო“. მოვდივარ, გზაში ვარ-მეთქი. პირდაპირ ჩემთან შემოდიო... შევდივარ პროკურორის კაბინეტში და მხვდება ასეთი სურათი:
„წეღან დამირეკა ადეიშვილმა და არის ასეთი ბრძანება გაცემული, რომ აღკვეთის ღონისძიება უკვე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და დილის 10 საათზე ჩანიშნულია პროცესიო... და იმ ხუთიდან ერთიც რომ გაიქცეს და არ მოვიდეს პროცესზეო, ბრძანებაა გაცემული - შენ და მოსამართლე უნდა დაგაკავოთო“.
ადეიშვილი პირადად შეგვხვდა თავის სამუშაო კაბინეტში. მას არ აინტერესებდა ჩემი აზრი და არც ის, თუ რა იყო საქმეში. მან თქვა ასეთი რამ: პატრული შექმნილია პრეზიდენტის მიერ, ამიტომ ამ ორგანიზაციას ჩირქი არ უნდა მოეცხოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რა ჩვენებასაც იძლევიან პატრულები, იმიტომ რომ მე მათი მჯერა. მან მოგცა პირდაპირი მითითება, რაც გინდა ის გააკეთე, საქმე უნდა წავიდეს ისე, როგორც პატრული ამბობსო.
წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა... დილის 10 საათზე რომ მივედი სასამართლოში, ხუთივე დამხვდა იქ და თან მიცინოდნენ: „რა იყო, გეგონა, რომ გაგწირავდითო და გავიქცეოდითო?“ ხუთივე დამხვდა იქ ცელოფნებით, ტანსაცმლით, რომ იცოდნენ, რომ აკავებდნენ.
მოსამართლეზეც იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ ყველა უნდა დაეკავებინა, მაგრამ ფიზიკურად არ ხერხდებოდა... ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამი დააკავეს და ორის მიმართ დატოვეს ის გადაწყვეტილება, რაც პირველი ინსტანციის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ დატოვება“,- იხსენებს ნიქაბაძე.