
„2020 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57,000-ით გაიზარდა და მილიონს მიაღწია, უფრო ზუსტად კი ფიქსირებულ ინტერნეტს 998,000 ათასი აბონენტი იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ.
მათივე ცნობით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია და ბოლო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდის ტემპი ფიზიკური პირი აბონენტებისთვის 14%-ს შეადგენს. 998 ათასი აბონენტიდან ფიქსირებულ ინტერნეტს 950,000 ოჯახი იყენებს, შესაბამისად გაზრდილია ინტერნეტის პენეტრაცია, რომელმაც 86%-ს მიაღწია.
„აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა 45% ჰქონდა, დღეს ეს მონაცემი გაორმაგებულია. ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მონაცემებით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია.
მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების 84% ოპტიკურ ტექნოლოგიას მოიხმარს. საქართველო ოპტიკური ინტერნეტის მოხმარებით ევროპის წამყვან 28 ქვეყანას უსწრებს - ანალიზი საერთაშორისო ორგანიზაცია FTTH council-მა გააკეთა, რომელიც ევროპაში ოპტიკური ქსელის განვითარებას სწავლობს. ორგანიზაციის ბოლო, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპის 28 ქვეყანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის (FTTH/B) საშუალო პენეტრაცია 43.3% ჰქონდა, მაშინ როცა 2019-ის ბოლოს საქართველოში ოპტიკის პენეტრაცია 67% იყო. FTTH council-ის 2020 წლის ანგარიშის შედეგებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას გამოქვეყნებისთანავე წარუდგენს.
ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში ოპტიკური ტექნოლოგიის წლიური ზრდის ტემპი 2016 წლიდან 2019-ის ჩათვლით 12,2%, საქართველოში კი ორჯერ მეტი, 24% იყო. რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, საქართველოში 2016-2020 პერიოდზე იგივე მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.