აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.
შეჯიბრების შემდეგ სპორტსმენმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ძალიან გახარებული ვარ, პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა.
ღმერთს მადლობა, რომ დღეს ასე გახარებულები ვართ, არამარტო მე, არამედ აქ მყოფი გულშემატკივარი, ჩემი ცოლ-შვილი, მთლიანად საქართველო“, - ამბობს ტატო გრიგალაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო (2022, 2023, 2024, 2026).
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პატარა კვირტი, უზარმაზარი ძალა - რატომ უნდა იყოს მიხაკი თქვენს ყოველდღიურობაში?