Digest Logo

პირველი ივლისიდან თბილისში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები მკაცრდება - განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას დაეთმობა

1772312231
ძაღლი

პირველი ივლისიდან თბილისში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები მკაცრდება. განსაკუთრებული ყურადღება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას დაეთმობა. გაკონტროლდება ცხოველის გასეირნების წესები. იკრძალება საბელის ან ალიკაპის გარეშე ცხოველის ტარება სკვერებში, ტრანსპორტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯარიმა 150 ლარია. დადგენილება დედაქალაქის საკრებულომ უკვე მიიღო.

ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციის მიზნით, მეპატრონეს მკაცრად მოეთხოვება იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესის დაცვა. ეს პროცესი ცხოველისთვის ჩიპის ჩადგმას და ერთიან ბაზაში აღრიცხვას გულისხმობს. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით დაჯარიმდებიან. წესი ვრცელდება მიკედლებულ ცხოველებზეც. რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა შესაბამის დაწესებულებას უნდა მიმართონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცხოველის რეგისტრაცია ამარტივებს მეპატრონის იდენტიფიცირებას სხვადასხვა შემთხვევაში, მათ შორის ცხოველის მიერ მოქალაქის დაკბენის ან კერძო ქონების დაზიანების დროს.

სათანადო კვება, გეგმიური ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში დროული სამედიცინო დახმარება - რეგულაციები მეპატრონეს ცხოველის ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვასაც ავალდებულებს. სიახლეა მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებთათვისაც - თუ პირი 3-ზე მეტი ცხოველის აყვანას დააპირებს, მას მეზობლების თანხმობა დასჭირდება. მიზანი ხმაურისა და უსიამოვნო სუნის პრობლემების შემცირებაა.

თბილისში ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესები 2015 წლიდან მოქმედებს და პერიოდულად იცვლება. რეგულაციების ძირითადი მიზანი მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაა.