თუ ტოკიოს ოლიმპიადამდე, ყველაზე ღიმილიან ჯუდოკას მხოლოდ ძიუდოს მოყვარულები იცნობდნენ, ოლიმპიადის შემდეგ კვარცხლბეკიდან ნათქვამმა „წარმომიდგენია, როგორი ბედნიერია ჩემი ხალხი“, ის მთელი ქვეყნის ფავორიტად აქცია.
თუ რა გზა გაიარა ოცნების ასრულებამდე, გაიგეთ ჟურნალ OK-სთვის მიცემული ინტერვიუდან.
ლაშა ბექაური: ძიუდომდე მამამ მიმიყვანა თავის ძველი „ნივით“. 7 წლის ვიყავი, ჩემზე უფროსი ბიჭი დავამარცხე, მაგრამ არ მომეწონა. მამას ძალით დავყავდი ძიუდოზე. თავად მკლავჭიდელმა იფიქრა, რომ ძიუდო ბევრად პერსპექტიულია, მეუბნებოდა, რომ დიდი სპორტსმენი გავხდებოდი. მწვრთნელი, კახა წიკლაურიც ამას მეუბნებოდა − აუცილებლად ოლიმპიური ჩემპიონი გახდებიო. მამა ყველაზე წესიერი და პატიოსანი კაცია. მან შემაყვარა სამშობლო, გამზარდა პატრიოტად, ისაა ჩემი მთავარი მოტივატორი. ძალიან ქართველია, კაცური კაცია, არაფერი ეშლება. როცა რაიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა, გასვლის წინ მამას ვურეკავ, ვესაუბრები, მახსენებს ყველა დიდ წინაპარს… მოკლედ, როცა ტატამზე გავდივარ, ჩემი ომი მაქვს.
„პირველი ხელფასი 15 წლის საკლუბო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ დამენიშნა − 200 ლარი. არ გამოგვივლია იოლი პერიოდი, მაგრამ ვისაც გაჭირვება არ უნახავს, მისთვის უფრო ძნელია გაუძლოს სირთულეებს. 200 ლარი… თბილისში სახლიც ვიყიდე, ოლიმპიადამდე“.
- მითხრეს, რომ 300 არაგველი გიყვართ ძალიან. ტატამზე სამასმეერთე არაგველი ხართ?
ლაშა ბექაური: არა! 300-ში პირველი არაგველი! გამარჯვებაში დახმარებას ყოველთვის წმინდა გიორგის ვთხოვ, ღმერთს არ ვაწუხებ. თან ღვთისმშობლისა და 300 არაგველის ხატი დამაქვს. ძიუდო 2016 წლიდან შემიყვარდა, როცა პირველი საერთაშორისო ტურნირები მოვიგე. მერე ჭაბუკებში, ახალგაზრდებში, ევროპა-მსოფლიო, „მასტერსი“ და წავიდა!.. მანდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად იყო საქმე! არ ვიცი, რა ვთქვა, ღმერთი მფარველობს, აბა ამ ხელით ოლიმპიადა როგორ მოვიგე? ტრავმა რომ მივიღე, 2 დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი. ვიფიქრე, ყველაფერი დამთავრდა-მეთქი. მამა მოვიდა და გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, მერე უკვე ზურა კახაბრიშვილი, ექიმები, მწვრთნელები − ყველა ერთად დამეხმარა და მადლობა მათ. ისეთი განადგურებული ვიყავი, საშინლად მძიმე იყო მდგომარეობა. დღეში რამდენიმე კლინიკაში მივდიოდი, 15 ნემსს ვიკეთებდი, არადა, ხომ ნახეთ, ევროპაზე როგორ ვიყავი, გიჟივით… ოლიმპიადაზე რომ ასე ვყოფილიყავი, ალბათ, დავიმხობდი იქაურობას!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სოფიო სომხიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
🎥 „ვითომ ჩვენ ნაყინი ვჭამეთ და ბუდუს არ ვაჭამეთ“ - შაი ზივზივაძის უსაყვარლესი კადრები
წყარო: okmagazine.ge