სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების ბოლო ნაწილის დაკავებების სერია დაიწყეს. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირს ძალოვანი სტრუქტურები სრულად აკონტროლებენ.
დაკავებულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ დამონტაჟებული ჯებირების მოხსნას და პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა მათ წყლის ჭავლი მიუშვირეს. ასევე, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი.
დაახლოებით 11:30 წუთზე თავისუფლების მოედანზე გამოჩნდნენ სპეცდანიშნულების რაზმები - მათ რამდენიმე წუთში დაიწყეს მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. მოქალაქეებმა ქაშუეთის ეკლესიასა და ეროვნულ გალერეას შეაფარეს თავი.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაშვებული ცრემლსადენი გაზი უჩვეულოდ დიდი რაოდენობის იყო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ დაძაბული სიტუაციაა.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა, რასაც ადგილზე არეულობა და მოგვიანებით სპეცდანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლა მოჰყვა.
მანამდე გიორგი ვაშაძემ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა: დაუყოვნებლივ გაიხმოს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლონ 7 მარტის აქციაზე დაკავებულები.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს, აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული პრორუსული ძალა“ - ზურაბიშვილი