Digest Logo

„ქართველები იტალიაში უბრალოდ ცოცხლობენ, დამჭკნარ ყვავილებს ჰგვანან...“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ემიგრანტთან, რომელმაც უცხოეთში დიდ წარმატებას მიაღწია

1709283703
მაკა ხაჩოშვილი

სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც მიზანი დაისახა, რომ სწავლა აუცილებლად უცხოეთში უნდა გაეგრძელებინა. საკუთარ თავთან დადებული პირობა შეასრულა და 20 წლის ასაკში ურთულეს გზას დაადგა, რომლის გავლის პროცესშიც სულ მარტო იყო. ოპერის პროგრამით გერმანიაში ჩავიდა, შეისწავლა უცხო ენა და მალევე მიხვდა, რომ მისი კარიერისთვის ცხოვრება იტალიაში უფრო მოგებიანი იქნებოდა.

წარმოიდგინეთ, ერთი უცხო ქვეყნიდან გადადიხარ იმ ადგილზე, სადაც არ გაქვს წარმოდგენა რა დაგხვდებათ. რა რთული იქნებოდა მისი გზა, რომელიც დამოუკიდებლად და მარტომ გაიარა, თუმცა მას თავის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეუტანია. მაკას მონდომება და ცხოვრებისეული მიზანი იმდენად დიდი იყო, რომ არც ერთ პრობლემას არ შეუშინდა და იტალიაში გადასახლდა, სადაც არც ისე მარტივი მდგომარეობა დახვდა. 

ისწავლა, იშრომა, იწვალა, ღამეები ათენა, მოინდომა, არ გაჩერდა, არ შეშინდა და მიზანს მიაღწია. ქართველმა  იტალიაში დიდ წარმატებას მიაღწია, ის ჩამოყალიბებულ და დამოუკიდებელ ქალად ჩამოყალიბდა. სამსახურში გაიცნო საოცნებო კაციც, რომელსაც მისი ცხოვრება დაუკავშირა და დაქორწინდა.

როგორც განვითარდა მოვლენები, ამას იმ ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც „დაიჯესტმა“ იტალიაში მცხოვრებ მედიატორ და აკრედიტებულ თარჯიმან მაკა ხაჩოშვილთან ექსკლუზიურად ჩაწერა.

- გააცანით საკუთარი თავი საზოგადოებას, ვინ არის მაკა ხაჩოშვილი?

მე ვარ მედიატორი, თარჯიმანი, ვმუშაობ იტალიაში უკვე 5 წელზე მეტია, როგორც აკრედიტებული მედიატორი და თარჯიმანი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. ვეხმარები ქართველ ემიგრანტებს, როგორც იურიდიულ სფეროში, ასევე სკოლებში და საავადმყოფოებში. 

მწერალ გიორგი კეკელიძის თაოსნობითა და ჩემი ხელშეწყობით პირველი ქართული კერა, ბიბლიოთეკა დავაარსეთ ქალაქ ნეაპოლში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ დედალუს ორგანიზაციაში.

- როდის დაიწყო თქვენი ემიგრაცია და რამდენი წლის იყავით?

დაიწყო 2007 წლის მიწურულს, წავედი ჯერ გერმანიაში ოპერის პროგრამით, შემდეგ ჩავედი იტალიაში და 17 წელია იტალიაში, ნეაპოლში ვცხოვრობ.

- გაიხსენეთ დღე, როდესაც აეროპორტში მიხვედით და გაიაზრეთ, რომ თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა.

სიმართლე რომ ვთქვა, სკოლის ასაკიდანვე მინდოდა საზღვარგარეთ წასვლა. სხვანაირად წარმომედგინა ემიგრაცია, ისე როგორც ფილმებშია და როგორც უმეტეს საქართველოს მოქალაქეს წარმოუდგენია. მინდოდა უცხოეთში საგანმანათლებლო სფეროში გამეგრძელებინა სწავლა. ძალიან რთული იყო იმ დროში, დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ოჯახისთვის არ მითქვამს, 6 თვე ვიარე გერმანულის კერძო გაკვეთილებზე და როცა ენის ბარიერი გადავლახე, საკონსულოში გამოცდა ჩავაბარე წავედი გერმანიაში. 

გერმანიაში ძალიან გამიჭირდა, რადგან გერმანელებისგან რადიკალურად განვსხვავდებით. შემდეგ უკვე მალევე გადავედი იტალიაში, აქაც ვფიქრობდი, რომ ლამაზი ცხოვრება დამხვდებოდა, ადვილი იქნებოდა სწავლა და მუშაობა, თუმცა სულ სხვა სურათი დამხვდა. 

პირველი ჩემი თავის გადასარჩენად რაც ვიფიქრე, იყო იტალიური ენის სწავლა, რადგან რეალიზაცია შემძლებოდა. ვიყავი სრულიად მარტო, მაშინ ნეაპოლში ძალიან ცოტა ქართველი იყო. დამოუკიდებლად დავიწყე ენის სწავლა, შემდეგ უკვე მეგობრები შევიძინე, მოვიძიე სკოლები, სადაც გრამატიკულად ვისწავლიდი იტალიურს, რაც ძალიან დამეხმარა ინტეგრაციაში და გადამარჩინა. 

სწავლის პროცესი დღემდე გრძელდება, არასდროს მაკმაყოფილებს ცოდნა, მინდა ყოველთვის გავიზარდო. ვესწრები ტრენინგებს, გადამზადების კურსებს და მედიატორის ტიტულიც 2017 წელს მივიღე.  

- როგორია და რა გასწავლათ ემიგრანტობამ? 

პირველ რიგში, მე რომ ჩემი თავი ძალიან დამოუკიდებელი მეგონა, ასე არ აღმოჩნდა. ემიგრაციაში სხვანაირად იზრდები და აფასებ ადამიანებთან ურთიერთობებს. ხდები უფრო ფრთხილი, დამოუკიდებელი და მომთმენი. მე ისეთ ასაკში წამოვედი საზღვარგარეთ, რომ ჩემთვის გაცილებით მარტივი აღმოჩნდა ინტეგრაცია, ინტეგრაცია კულტურასთან. შუახნის ასაკი რომ ჩამოდიან, თითქოს მიუღებლობის განცდა აქვთ, რაც ხელს უშლით ბევრ რამეში.  მნიშვნელოვანია შეინარჩუნო პატივისცემა, თვითმყოფადობა. როგორც ჩვენ ვითხოვთ საქართველოში უცხოელებისგან ჩვენი კულტურის, რელიგიის და ენის პატივისცემას, იგივე მდგომარეობაა აქაც. აქ რასაც ვხედავ, ქართველი ემიგრანტები იტალიაში უბრალოდ ცოცხლობენ, ვერ ცხოვრობენ, დამჭკნარ ყვავილებს ჰგვანან, თავიანთ თავებს არ ეკუთვნიან, რაც ძალიან სამწუხაროა. 

- როგორი ურთიერთობა აქვთ იტალიაში მყოფ ქართველებს ერთმანეთთან?

ამ მხრივ კომპლექსური სიტუაციაა. ძირითადად თავის გადარჩენის პრინციპია, დაძაბული სიტუაციაც არის, თუმცა რა თქმა უნდა, არიან კარგი მეგობრებიც. არიან ქართველებიც, რომლებმაც იციან გვერდში დგომა, ერთმანეთის გატანა და დაგიდგებიან გვერდში, ემიგრაციის მძიმე გზის გავლაში დაგეხმარებიან.

- გაიხსენეთ, ხვიჩა კვარაცხელიასთან პირველი შეხვედრა

როდესაც მას პირველად შევხვდი, ამერიკულ ტელევიზიასთან „სიბიესთან“ ვიმუშვე, დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ. პირველი შთაბეჭდილება რაც მქონდა, ხვიჩა არის ძალიან უშუალო, უბრალო, თავმდაბალი და კარგი ადამიანია. აქაც ვეტყვი მადლობას, რომ საქართველო მსოფლიოს გააცნო და ძალიან მოკლე დროში გაიყვანა მსოფლიო ასპარეზზე.

- როგორც ემიგრანტი, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი და რა რჩევას მისცემთ ადამიანს, რომელიც გეგმავს გახდეს ემიგრანტი?

მთავარია ადამიანს ცხოვრებაში ჰქონდეს მიზანი, არასოდეს იფიქრონ ემიგრაციაზე დრამატულად. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, თუმცა თუ მიზანს დაისახავთ აუცილებლად გამოგივათ. ადამიანი ყველაფერს შეძლებს თუ მოინდომებს.

- როგორია თქვენი პირადი ცხოვრება? სად და როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე, რომელიც იტალიელია? 

ჩემი ქმარი სამსახურში გავიცანი, ძალიან ბევრი ქართული შტრიხები აქვს, ძალიან ჰგავს ქართველს. ძალიან უყვარს ჩვენი ხალხი, ქართული მუსიკა, „მეტეხის“ ფანია, მღერის შინ და გარეთ, დასასვენებლად და სამოგზაუროდ რომ მივდივართ „მეტეხის“ სიმღერებით ვმგზავრობთ. სიურპრიზი გავუკეთე და ჩოხა-ახალუხი ვაჩუქე. ამბობს საქართველოში ჩოხით უნდა წავიდეო და თავს იწონებს. რაც შეეხება ტრადიციებს, არის განსხვავებები. მაგალითად, ქორწილში საჩუქრით არავინ მიდის, ყველას ფული მიაქვს. მეორე თემა არის ქელეხი, რომელიც იტალიელებმა არ იციან. მათთვის მიუღებელია მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ წახვიდე და ჭამო. 

ავტორი: მედეა ლომიძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ არ ჩანდა ეკრანზე ნინო ღავთაძე - დიდი პაუზის შემდეგ მომღერალი სცენას დაუბრუნდა

🎥 მზია გეწაძე ეკრანზე უჩვეულო ფორმაში გამოჩნდა (ფოტოები) - „ძალიან გიხდება ეს სტილი, თავისუფალი“

🎥 როგორ გამოიყურება დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ - მომღერალი ეკრანზე გამოჩნდა