Digest Logo

🎥 ქრისტიანობის გზა საქართველოში - საუკუნეებით შემონახული რწმენის, გადარჩენისა და ეროვნული ერთიანობის ისტორია

1779049469
 ეკლესია ეკლესია

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად მიიჩნევა.

საქართველოში ქრისტიანობა ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს - სწორედ ამიტომ იწოდება საქართველოს ეკლესია სამოციქულოდ. ანდრია მოციქული საქართველოში სამჯერ ყოფილა.

საქართველოს გაქრისტიანება კაბადოკიელ განმანათლებელს, წმინდა ნინოს უკავშირდება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მისი ქადაგებისა და ლოცვის შემდეგ წარმართული კერპები დაემხო და მცხეთის სამეფო კარმა ქრისტიანობა აღიარა.

ანტიოქიის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ქართული ეკლესიის უმაღლესი იერარქს კათოლიკოსი ეწოდა.

ეკლესია ავტოკეფალიის მიღების შემდეგ სულ უფრო მეტად ძლიერდებოდა. წირვა–ლოცვა ქართულად აღევლინებოდა. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.

მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული საქართველო ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისთვის გამუდმებით იბრძვის: როცა ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან ქვეყანას.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მეთერთმეტე საუკუნიდან ჩნდება კათოლიკოს–პატრიარქის ტიტული. სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებულ საქართველოს ეკლესიას კი უკვე ორი მწყემსმთავარი მართავს.

მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს საქართველო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებად დაშლილ ქვეყანას ოსმალები შემოესევიან. მალევე, კახეთის სამეფოს რუსეთი გააუქმებს, იზღუდება ეკლესიის დამოუკიდებლობაც.

პეტრე პირველის მეფობისას რუსეთში პატრიარქის თანამდებობა საერთოდ გაუქმდა. რუსეთის ეკლესიის მართვა კი საერო პირს დაევალა. უმაღლესი იერარქი იმპერატორი გახდა.

მალევე, საქართველოს ეკლესიას ჩამოართვეს უძრავ-მოძრავი ქონება, სასულიერო პირები კი სახელმწიფოს ნების შემსრულებლებად იქცნენ.

1801 წლიდან 1811 წლამდე, ანტონ კათალიკოსის პატრიარქობის დროს, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია შეინარჩუნა, თუმცა მალევე ის პეტერბურგში გაიწვიეს და უკან დაბრუნების ნება აღარ მისცეს.

უმაღლესი იერარქი მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი გახდა, რომელსაც საქართველოს ეგზარქოსი ეწოდებოდა. 100 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიას 18 ეგზარქოსი მართავდა.

ამ დროს რუსეთმა გავლენების გაფართოება დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო. შეიქმნა იმერეთის სინოდალური კანტორა.

ნადგურდებოდა საეკლესიო სიძველეები, თეთრად გადაღებეს სვეტიცხოვლის, ალავერდის, სამთავისის და სხვა უნიკალური ტაძრები, მოშალეს გუმბათები. 26 ეპარქიიდან მხოლოდ 5 დატოვეს.

მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით აქტიურდება ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. 1917 წლის დასაწყისში, როცა პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული რუსეთის იმპერია დასუსტდა, საქართველომ სანუკვარ მიზანს მიაღწია - 25 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადებით ქართველმა ერმა ისტორიული სამართლიანობა აღადგინა.

17 სექტემბერს სიონში საეკლესიო კრებაზე პატრიარქად კირიონი აირჩიეს. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოს 9 პატრიარქი ჰყავდა –კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი ხელაია, ქრისტეფორე მესამე, კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე და ილია მეორე.

1990 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით, მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი - ტომოსი გადმოსცა, 4 მარტს მსოფლიო პატრიარქმა ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

ამ გადაწყვეტილებით მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებელი სტატუსი დოკუმენტურად აღიარა.

ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წელს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველომ ახალი პატრიარქი აირჩია.

ქართული ეკლესიის ისტორია - ეს არის საუკუნეებით შემონახული რწმენის, გადარჩენისა და ეროვნული ერთიანობის ისტორია. ეკლესია ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ენის, ტრადიციების და ისტორიული მეხსიერების დამცველი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მოგონებები ილია II-ის სახლიდან და გარდაცვლილი პატრიარქის ოჯახის წევრების ემოციები, სვეტიცხოვლის ეზოში, სადაც შიო III-ის პატრიარქად აღსაყდრებას ესწრებოდნენ

🎥 ახალგაზრდა, რომელსაც წარმატებულ მუსიკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მოულოდნელად მონასტერში წავიდა - საქართველოს ახალი პატრიარქის ცხოვრება ეკლესიამდე

„კლიმატური კრიზისი, უთანასწორობა, AI-კონტროლის დაკარგვა ან ბიო-ინჟინერიის შეცდომები...“ - რას წერს ლევან მათითაშვილი