გათვალვა, იგივე ბოროტი თვალი ფართოდ გავრცელებული ცრურწმენაა. ხალხურ გადმოცემებში უხვადაა აღწერილი ხსენებული მოვლენა, რის მიხედვითაც ზოგიერთი ადამიანის მზერა („ბოროტი თვალი“) მავნე ზემოქმედებას ახდენს სხვაზე ან ამას ქმნის გარკვეული გარემოებები. ასეთი მზერის ადამიანები კი, მრავლად არიან ჩვენ ირგვლივ და შეიძლება, სრულიად მოულოდნელად მიიღოთ მათგან დაზიანება, რაც ენერგიის დაკარგვითა და ჯანმრთელობის შერყევით სრულდება. თუ როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ გათვალული ხართ და რა საშუალებებს უნდა მიმართოთ, რომ მისგან გათავისუფლდეთ, ამ ყველაფერზე ეზოტერიკოსმა „თბილისელებს“ ესაუბრა.
- ბოროტი თვალის გავლენით, ანუ გათვალვისას თქვენი ენერგეტიკული სხეული საკმაოდ ძლიერად ირღვევა, რაც ენერგიის დაკარგვასა და ჯანმრთელობის შერყევას იწვევს. ბოროტი თვალი სხვას ზიანს აყენებს ბოროტი, შურიანი მზერით, რაც მის სისუსტეს, დაუძლურებას, ავადმყოფობას იწვევს. მაგალითად, თუ ადამიანი აღფრთოვანებულია იმით, რასაც ხედავს, თავის მხრივ ის, ვისაც უჭვრეტს, იღებს უარყოფით იმპულსს და ნაწილობრივ ან მთლიანად კარგავს იმას, რითაც აღაფრთოვანებდა მჭვრეტელს. ზოგი ამბობს: „გათვალვისას ერთის თვალიდან გამოტყორცნილი შხამიანი ძალა მეორის თვალში შედის და წამლავს მას“. ყველა ადამიანს თავისი ენერგეტიკა აქვს. ერთისთვის ის ძლიერია, მეორისთვის - სუსტი, ზოგისთვის კი - ნეიტრალური, ანუ ადამიანს შეუძლია შექმნაც და განადგურებაც.
- ვინ შეიძლება გაგვთვალოს?
- გამთვალავი შეიძლება იყოს სისხლით ნათესავიც და სრულიად უცნობი ადამიანიც. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი თავის გათვალვაც ხდება. რაც შეეხება ბოროტ მზერას, ის შეიძლება იყოს შურიანი, ვამპირის, მოხუცისგან, მიზანმიმართული, შემთხვევითი ან ჯადოსმიერი. ყველაზე რთული მოსაშორებელი სწორედ ეს უკანასკნელია, რადგან არსებითად, ზემოქმედების ორი ეფექტი ხორციელდება ერთად - ბოროტი თვალი + ჯადო. ჯადოსგან განსხვავებით, ბოროტი თვალი და წყევლა, მოხსნის შემდეგაც ტოვებს კვალს მსხვერპლზე, რაც ნატიფ დონეზე ნაიარევად რჩება. არიან ადამიანები დადებითი ენერგიით და არიან - მხოლოდ უარყოფითი რომ აქვთ. ვისაც უარყოფითი ენერგია აქვს, მისი ყველა უარყოფით სიტყვა შეიძლება რეალიზდეს. თუ ენერგეტიკა ძლიერია, მაშინ მხოლოდ ერთი შეხედვითაც შეუძლია ადამიანს გაარღვიოს სხვისი აურა და ველი, „გახვრიტოს“ მისი ენერგეტიკა და ზიანი მიაყენოს „მსხვერპლს“. ანდა, სიტყვიერად ისურვებს, რაც უნდა და ისიც ახდება.
- თვითგათვალვა რა ფენომენია?
- არიან ადამიანები, ვისი უარყოფითი ენერგიაც საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული. რასაც იტყვიან, იმას აფუჭებენ, საითაც არ უნდა გაიხედონ, ყველაფერს აზიანებენ. მე მყავდა ერთი მეგობარი, რომლის სახლშიც ყველა ცდილობდა, მისგან ყველაფერი შორს დაეჭირათ. ლეკვები დაიბადებოდნენ, ის უბრალოდ უყურებდა მათ და დილით, მორჩა აღარ იყვნენ... წიწილები იჩეკებოდნენ და იგივე მეორდებოდა. რა უნდა გაეკეთებინათ ამ დროს?.. მისივე ოჯახი განუდგა - ყველაფერს არიდებდნენ მის თვალს. მერე აღარ ვიცი, როგორ წარიმართა იმ გოგოს ცხოვრება. თვითგათვალვა დესტრუქციული ენერგიაა, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის წინააღმდეგ. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტია, რომ ყოველ დილით წაიკითხოთ სპეციალური შელოცვა და დაიბანოთ სახე ისე, რომ არ შეხედოთ საკუთარ თავს.
- მაინც რა ნიშნებით შეიძლება გათვალვა აისახოს ადამიანზე?
- გათვალვის, ანუ ბოროტი თვალის ნიშნებია: ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება; ბავშვებმა შეიძლება დაიწყონ ყვირილი; თავის ტკივილი ან ზოგადი სისუსტე; წნევის ცვალებადობა - ქვემოთ ან ზემოთ; ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში; შესაძლებელია გულისრევა და ღებინება; ზოგჯერ შეიძლება სხეულზე გაჩნდეს წითელი ან თეთრი გამონაყარი; უძილობა ღამით, როცა ადამიანი ტრიალებს, ვერ ისვენებს, ვერ პოულობს კომფორტულ პოზას; განწყობა უარესდება, ხშირია ცრემლი; თვალების, ყურების და სხვა ორგანოების წვა, ქავილი; ძლიერმა გათვალვამ კი შეიძლება ცხვირიდან სისხლდენაც გამოიწვიოს... თუმცა, ეს არ არის ბოროტი თვალისგან გამოწვეული ზიანის ყველა ნიშანი... ახლა კი ერთ მაგალითს გავიხსენებ. მრავალი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი გვესტუმრა და ქუჩაში გავისეირნეთ. ამ დროს მეზობლის გოგონა მოგვიახლოვდა და მოგვესიყვარულა - თავზე ხელი გადაგვისვა, ლოყაზე გვიჩქმიტა. სახლში რომ დავბრუნდით, იმ მომენტიდან ბავშვს ისტერიკა დაეწყო. ისე ხმამაღლა ყვიროდა, უბრალოდ, აუტანელი იყო. ასე გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ ნაკურთხი წყლით არ დაბანეს და ტანსაცმელი არ გაურეცხეს.
- რა შეიძლება, იყოს პირველი დახმარება გათვალვის დროს?
- ჩაასხით ჭიქაში ან ქილაში ცივი წყალი, უმჯობესია, თუ ნაკურთხი წყალი იქნება; წაიკითხეთ უფლის ლოცვა „მამაო ჩვენო“ 3-ჯერ, თუ გათვალული ბიჭია და ღვთისმშობლის სადიდებელი, თუ - გოგოა; შემდეგ წყალს ჩახედეთ და 3-ჯერ წარმოთქვით: „წყალო, ჭურჭლიდან განაგდე ჩემგან ბოროტი თვალი,“ ამინ; 3-ჯერ გადასერეთ წყალი ჯვრით; დაიბანეთ სახე მარჯვენა ხელის ზურგით, საათის ისრის მიმართულებით, შემოხაზეთ 3 ოვალი; დალიეთ 3 ყლუპი წყალი; დარჩენილი კი დაასხით სარკეზე და მშვიდად დაელოდეთ, სანამ წყალი არ დაშრება. ეს მარტივი რეცეპტი შეინახეთ ტელეფონში - რა იცით, სად და როდის გამოგადგებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
⭕ნეკა დოროყაშვილი მორიგ პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს
წყარო: tbiliselebi.ge