TSH ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნული ჰორმონული ანალიზია. რატომ ვიკვლევთ მას ასე ხშირად და რას გვეუბნება მისი მაჩვენებელი?
1️⃣ TSH ნიშნავს თირეოტროპულ ჰორმონს - ინგლისურად thyroid-stimulating hormone; ქართულად ასევე - ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი.
2️⃣ TSH ფარისებრ ჯირკვალში არ გამომუშავდება.
მას წარმოქმნის ჰიპოფიზი - პატარა ჯირკვალი, რომელიც თავის ტვინის ფუძესთან მდებარეობს.
3️⃣ მისი მთავარი ფუნქცია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის რეგულირებაა.
TSH ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვალის მიერ ჰორმონების (T4 და T3) გამომუშავებას საჭირო რაოდენობით. ეს ჰორმონები კი თავის მხრივ გავლენას ახდენენ ორგანიზმის ენერგიის ხარჯვაზე, სითბოს წარმოქმნაზე, გულისცემაზე და ნივთიერებათა ცვლის მრავალ პროცესზე.
4️⃣თირეოტროპული ჰორმონის მუშაობა შეიძლება მანქანის გაზის პედალს შევადაროთ.
როდესაც სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე მცირდება, ჰიპოფიზი ჩვეულებრივ უფრო მეტ TSH-ს გამოყოფს, რათა ფარისებრ ჯირკვალს ჰორმონების გამომუშავების გაზრდისკენ უბიძგოს.
ხოლო როდესაც ფარისებრის ჰორმონების დონე საკმარისია ან მაღალია, TSH-ის გამოყოფა მცირდება.
5️⃣ სწორედ ამიტომ TSH-ის მოქმედების ინტერპრეტაცია უკუკავშირის პრინციპს ეფუძნება. მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობას (ჰიპოთირეოზს) აქვს ადგილი, დაბალი მაჩვენებელი კი, პირიქით, ჰორმონულ სიჭარბეზე (ჰიპერთირეოზზე) მიუთითებს.
⭕️ მნიშვნელოვანი დეტალი: TSH-ის მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი თავისთავად დიაგნოზი არ არის. მისი შეფასება საჭიროა FT4-თან, ზოგჯერ FT3-თან, ანტისხეულებთან და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასთან ერთად.
6️⃣ რატომ არის TSH ასეთი მნიშვნელოვანი საწყისი ტესტი?
ჰიპოფიზი ძალიან მგრძნობიარეა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლილებების მიმართ. ამიტომ TSH-ის ცვლილება ზოგჯერ ფიქსირდება მაშინაც კი, როდესაც FT4 ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია. ამიტომ TSH ხშირად გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პირველადი შეფასებისთვის. მისი პერიოდული მონიტორინგი ასევე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ლევოთიროქსინით მკურნალობის დროს სწორი დოზირების შესარჩევად.
7️⃣ TSH-ის ნორმა ასაკთან ერთად შეიძლება შეიცვალოს.
განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში TSH-ის უფრო მაღალი მაჩვენებელი შეიძლება ფიზიოლოგიურ ასაკობრივ თავისებურებას წარმოადგენდეს. ამიტომ ლაბორატორიული პასუხი ყოველთვის უნდა შეფასდეს ასაკის, კლინიკური მდგომარეობისა და შესაბამისი ნორმის დიაპაზონის გათვალისწინებით.
8️⃣ TSH ორსულობის დროსაც იცვლება.
ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ჰორმონული ზემოქმედების შედეგად შეიძლება TSH ფიზიოლოგიურად შემცირდეს. ამიტომ ორსულებში TSH-ის შეფასებისას საჭირო ხდება ორსულობისა და ტრიმესტრის შესაბამისი ნორმების გამოყენება.
ℹ️ ამრიგად, TSH-ის ერთი მაჩვენებელი უბრალოდ „ნორმალური“ ან „არანორმალური“ პასუხი არ არის. მისი სწორად წაკითხვა სრულყოფილი ანამნეზური მონაცემების შეკრებას და გათვალისწინებას მოითხოვს.
ასევე დაგაინტერესებთ:
❌ როგორ კლიენტებს უნდა ერიდოს სპეციალისტი: პროფესიული საზღვრები და ობიექტური რეალობა
⭕ჭოხონელიძეების მოგზაურობა ბელგიაში გრძელდება - ოჯახური ფოტოები სოციალური ქსელიდან