
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ისრაელში, წმინდა მიწაზე ყოფნის პერიოდში გადამხდარ ისტორიებზე ისაუბრა:
„აღდგომა ჩემს რწმენასთანაა დაკავშირებული, 3-4 ჯერ ვარ იერუსალიმში ნამყოფი, ცეცხლის გადმოსვლას შევხვდი ტაძარში. ადამიანები ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ - მართალია, რომ იქ თავად ჩნდება ცეცხლი? ბოძიდან ცეცხლი გადმოდის? მე ეს შეკითხვა არასდროს დამისვამს, ჩემთვის მთავარია ის განცდა, რაც ამ ცეცხლის გადმოსვლას უკავშირდება.
2008 წელს ძალიან მძიმედ მომიწია შესვლა, პარასკევ დღეს გადიხარ გოლგოთას გზას, ტირი მთელი დღე, საოცრებაა. ვცდილობ, პარასკევს ვიფიქრო ღვთისმშობელზე, როგორი დედა უნდა იყო, როგორ გიყვარდეს, როგორ გჯეროდეს საკუთარი შვილის, ბოლომდე გაიტანო და ბოლოს განბანო.
შაბათი დღე ღამის სამ საათზე გავდივართ იმისთვის, რომ შევიდეთ ტაძარში, გზები ჩაკეტილია, შეიარაღებული ძალები დგანან. ბოლოს რომ ვიყავი ძლივს გადავრჩი, ახალგაზრდა გოგომ, პოლიციელმა მომაყენა შეურაცხყოფა, ჩვენები მეუბნებოდნენ დაგარტყამსო.
ბერძნები არიან ძალიან უხეშები, სულ ცდილობენ გაძრომას და აქვთ წვეტიანი ჯოხები, ერთ-ერთმა მომაჭირა გვერდიდან. ყველაფერს გადიხარ, ცოდვას იდენ, აზრებიც ისეთი მოგდის. გახდა 3-ის 20 წუთი და ცეცხლი არ გადმოდის, არის სიჩუმე, გმინვა ისმის, შფოთავს ხალხი და მე ამ დროს ვარ გოლგოთაზე, ქვემოდან მესმის მამაო ჩვენო, ქართველმა ბიჭმა დაიძახა, ვინც ვიყავით ისეთი სულისკვეთებით ვიყავით, თითქოს შენ უნდა იხსნა, წავიკითხეთ მამაო ჩვენო, როცა აგვყვნენ და თქვეს ამინ, მაშინ გადმოვიდა ცეცხლი“, - იხსენებს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეთამაშე შაზამს“ - „იმედის“ ეთერში 25 აპრილიდან აზარტული, ენერგიული, სახალხო პროექტი იწყება