Digest Logo

🎥 „რაპუნცელ, თმები გადამიგდე, ლეიკემია მაქვს“ - ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები სკანდალური ვიდეოს გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ

1782380587
სკეჩი, იუთუბერები

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ერთ-ერთმა ე.წ. იუმორისტულმა სკეჩმა საზოგადოების, განსაკუთრებით კი მკურნალობის პროცესში მყოფი ბავშვების ოჯახების უმწვავესი პროტესტი გამოიწვია. საუბარია ვიდეოზე, სადაც გაჟღერდა ფრაზა: „რაპუნცელ, თმები გადამიგდე, ლეიკემია მაქვს“.

აღნიშნულ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურნენ ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახის წევრები. ისინი ვიდეოს ავტორებს მდაბიო იუმორსა და ადამიანური ტრაგედიის მასხრად აგდებაში ადანაშაულებენ.

„ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია.

მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მშობლები მიმართავენ გადაცემის შემოქმედებით გუნდს, კონკრეტულ პლატფორმებსა და წამყვანებს, რათა მათ საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრონ.

„ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილებისა და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს – მათ შორის, Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძესა და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: