მომღერალი მალუ მამფორია წლებია, სხვადასხვა კონკურსის მონაწილეა, რესტორნის სცენაზე დგას და იქ მისულ საზოგადოებას, თავისი გამორჩეული ხმითა და შესრულებით ხიბლავს.
მალუ მამფორია: მეოცნებე ბავშვი ვიყავი. მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, წარმატებული და ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ გამიმართლა – თავად მივაღწიე წარმატებებს, ყველას დახმარების გარეშე. ასევე, ვოცნებობდი ვყოფილიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი და ესეც შევძელი, ეს ოცნებაც ამიხდა. მადლობა უფალს ამისთვის!
– რას მიიჩნევ ყველაზე დიდ წარმატებად შენს ცხოვრებაში?
– ყველაზე დიდ წარმატებად ჩემს ცხოვრებაში ის მიმაჩნია, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამაყობენ იმით, როგორიც ვარ და რასაც ვაკეთებ. ეს ჩემი შრომისმოყვარეობით შევძელი, ყოველგვარი დახმარების გარეშე. როცა ბებო ტელევიზორში მიყურებს, ისეთი ბედნიერია, ეს ბედნიერება ყველაფრად მიღირს და ჩემთვის ესაა ყველაზე დიდი წარმატება.
– მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაგყვა? ოჯახში თუ მღერიან?
– ოჯახში ბებო მღერის კარგად და ბავშვობიდან უნდოდა სცენაზე ვმდგარიყავი. ამიტომ, მატარეს ცეკვაზე, სიმღერაზე და ამ თანდაყოლილი ნიჭის რეალიზებაში შემიწყვეს ხელი. ზოგადად, ხუთი წლიდან ვმღეროდი, დავდგებოდი სარკის წინ, დავიჭერდი სავარცხელს – ვითომ მიკროფონი იყო და თავგამოდებული ვმღეროდი, კონცერტებს ვატარებდი (იცინის). სკოლის დამთავრების მერე, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, პარალელურად კი – მუსიკალური შვიდწლედი, ფორტეპიანოს განხრით.
– დღეს, რესტორანში მღერი და ბევრი მსმენელიც გყავს. დიდი სცენის გამოცდილება თუ გაქვს?
– რასაკვირველია, მაქვს. იყო რამდენიმე კონკურსი, სადაც მივიღე მონაწილეობა. დღეს კი ერთ-ერთ კარგ რესტორანში ვმღერი და ეს ნამდვილად არ არის ჩემთვის „გრეხი“. ვშრომობ, ვიღებ ჩემს დამსახურებულ ანაზღაურებას, უდიდეს სითბოს მსმენელისგან და სიამოვნებას იმით, რასაც ვაკეთებ.
– კონკურსები ახსენე. რომელ კონკურსში მონაწილეობდი?
– იყო ასეთი კონკურსი – „საპოვნელა“ და პირველი ადგილი ავიღე. ეს პირველი და დიდი წარმატება იყო ჩემთვის. ასევე, იყო კიდევ რამდენიმე კონკურსი, რომელთა გახსენებაც კი არ მინდა, გული დამწყდა, სამწუხაროდ.
– რატომ გწყდება გული? ფიქრობ, ვერ დააფასეს შენი ნიჭი და უსამართლოდ მოგექცნენ?
– იმ პერიოდში, ფინანსურ მხარეს ანიჭებდნენ უპირატესობას ან ვიღაცის ვიღაცა უნდა ყოფილიყავი. სამწუხაროდ, მე არ აღმოვჩნდი ის ტიპი, რომელიც იყო ვიღაცის ვიღაცა და არც ფულიანი დედიკოსა და მამიკოს შვილი. სამწუხაროდ, გვერდით მომიწია გადგომა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია, არ მოეშვა, იბრძოლო, მოინდომო და ყველაფერი გამოგივა. დღეს ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ, არ მრცხვენია იმის, რომ რესტორანში ვმღერი, პირიქით. იმის თქმა მინდა, რომ ის გამოცდილება, რაც საკონკურსო-მუსიკალური კონკურსებიდან მივიღე, ჩემთვის სტიმული აღმოჩნდა, რომ მომავალში არ ჩამომეშვა ხელები და ჩემი საქმე მეკეთებინა. ზოგადად, ძალიან მაგრად უნდა დავეცე, რომ მერე მყარად წამოვდგე ფეხზე – ეს ჩემი ცხოვრების სტილია. ძალიან მაგრად დავეცი, ვეცადე ფეხზე წამოვმდგარიყავი და გამომივიდა. მიზანდასახული ადამიანი ვარ და არც სიახლეები მაშინებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ბევრი სიახლე და დაცემა, რომ ვიბრძოლო და მერე მყარად დავდგე ფეხზე.
– ამბობენ, გარემოდან გამომდინარე, რესტორანში სიმღერა ძალიან რთულია. უფრო სწორად, იქ მისული საზოგადოების გემრიელი კერძებით გაწყობილი სუფრიდან, სცენისკენ ყურადღების მიპყრობა...
– ნამდვილად რთულია რესტორანში მოსული ადამიანის სცენისკენ ყურადღების მიპყრობა, მაგრამ მე მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი და ზოგადად, ადამიანები. ამ შემთხვევაში ძალიან გამიმართლა, რადგან მყავს ჩემი მსმენელი და როცა სამსახურში მივდივარ, ბევრ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ. ეს კი მოტივაციაა, უფრო მეტი გავაკეთო. გეთანხმებით, რთულია, როცა ხუთი საათი დგახარ რესტორნის სცენაზე, გემღერება თუ არ გემღერება, აუცილებლად უნდა იმღერო, მსმენელს უნდა უღიმოდე და იქ მოსულ ადამიანებს ბევრი პოზიტივი გადასცე. როცა რესტორანში მღერი, ეს ერთ-ერთი ვალდებულებაა. რესტორანში შესვლისას ჩემს პრობლემებს კარს მიღმა ვტოვებ, სცენაზე რადიკალურად სხვა ადამიანი გამოვდივარ და ვცდილობ, ყოველდღიურადაც სხვადასხვანაირი ვიყო. ცამეტი წელია, რესტორანში ვმღერი და ამ ვალდებულებებს ვასრულებ. შეიძლება, ხმამაღლი ნათქვამია, მაგრამ ჩემს მოსასმენად ბევრი ადამიანი მოდის და ძალიან უყვართ იმედო პაპაჯანაშვილის საღადაო-სახალისო სიმღერის მოსმენა – „ერთხელ მოგეცი, ორჯერ მოგეცი, სამჯერ მოგეცი ფიცი“ (იცინის). ზეპირად იციან და მყვებიან კიდეც, „ტიკ-ტოკზეც“ აქტიურია. უამრავ თაიგულს მჩუქნიან, სუნამოებს, სამკაულებს... ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი, ჩემთვის, ყვავილია და ძალიან მანებივრებენ.
– მალუ, როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, როცა არ გემღერებოდა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო?
– არ დამავიწყდება, ბაბუ რომ გარდამეცვალა, დაკრძალვიდან ეგრევე სცენაზე მომიწია ასვლა. დამანგრეველი იყო ეს ყველაფერი, ნამდვილად არ მემღერებოდა, მაგრამ ვიმღერე. პირად ურთიერთობებშიც მქონია რთული პერიოდები, მაგრამ არავისთვის მიგრძნობინებია, ვიღიმოდი სცენიდან და ვმღეროდი. მივხვდი ერთ რამეს – როცა შეყვარებული არ ვარ, წარმატებასაც ვაღწევ, ყველაფერი გაცილებით კარგად გამომდის, ვიდრე მაშინ, როცა შეყვარებული ვარ. დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ, თავისუფალი. მოკლედ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც პირადი ურთიერთობა და წარმატება, ორივე ერთად, არ გამოსდის. მირჩევნია, ამ ეტაპზე წარმატებული ვიყო, ვიდრე შეყვარებული.
– რომ ამბობენ, ქალის სრულფასოვნად წარმატებაში მამაკაცი დიდ როლს ასრულებს და საყვარელი ადამიანის გვერდით დგომა სტიმულს აძლევსო?
– ეს ჩემს შემთხვევაში არ არის. მობილიზებული, შრომისუნარიანი რომ ვიყო და წარმატებას მივაღწიო, მარტო უნდა ვიყო. მინდა გითხრათ, დღეს ბედნიერი ვარ. რაც შეეხება სტიმულს, ამისთვის გვერდით საყვარელი მამაკაცის ყოლა არ მჭირდება. ბევრ სიყვარულს გავცემ პირად ურთიერთობაში, ვარ მიმნდობი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნდობა კრახით მთავრდება და არ მართლდება. ყველას აქვს პრობლემა, რომ სცენაზე ვდგავარ და ვმღერი. ანუ, არ მყოლია გვერდით ადამიანი, ვინც სტიმულს მომცემს და კარიერაში ხელს შემიწყობს. აქედან გამომდინარე, დღეს მირჩევნია, ვიყო წარმატებული, ვიდრე შეყვარებული ქალი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕Netflix „ალესილი კეპების“ მიხედვით ფილმს გადაიღებს
⭕საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ მუშაობა დროებით შეჩერებულია
⭕ცნობილია, ვინ იყვნენ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დროს დაღუპული კაცები
წყარო: tbiliselebi.ge