დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე), საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ვინ იყვნენ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დროს დაღუპული კაცები