UFC-ის წამყვანმა კომენტატორმა ჯონ ანიკმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციის შიდა წრეებში აქტიურად განიხილება მსუბუქი წონის ჩემპიონ ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას რევანში. დიახ, ამერიკელმა მებრძოლმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქართველ მეტოქესთან მე-2 ჩხუბის ჩატარება არ შედის მის გეგმებში, მაგრამ მსოფლიოს მთავარ პრომოუშენს სხვა გეგმები აქვს.
UFC-ის უყვარს რემატჩები, ტრილოგიები და ყველაფერი ის, რასაც მდიდარი ბექგრაუნდი აქვს. „ჰაილაითის“ მიერ „ელ მატადორის“ დამარცხება არის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და შემზარავიც კი, რაც შერეული საბრძოლო ხელოვნებების ისტორიაში ყოფილა. ცხადია, მსოფლიოს მთავარი პრომოუშენი მხოლოდ 1 ჩხუბით არ დაკმაყოფილდება.
37 წლის ჩემპიონისა და თოფურიას რემატჩი კიდევ იმ მიზეზით არის აქტუალური, რომ პირველმა ბრძოლამ ძალიან ბევრი კითხვა დატოვა. როგორ და რატომ წააგო იდეალური კარიერის მქონე ქართველმა მებრძოლმა ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელიც არასდროს ყოფილა 70 კილოგრამ დივიზიონის დომინანტი, თანაც უკვე სოლიდურ ასაკში მყოფთან.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გეიჯიმდე, ილიას არც ისე შორეულ წარსულში დამარცხებული ჰყავდა ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა...მებრძოლები, რომლებიც ობიექტურად, ჯასტინზე სტატუსიანები და მაღალი დონის არიან. რაც მთავარია, 3-ვე ტოპშია, ავსტრალიელსა და ბრაზილიელ ლეგენდებს ახლაც ქამარი აქვთ.
ამერიკელი ჩემპიონი არიდებს თავს „ელ მატადორთან“ ბრძოლას, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, UFC-ში ყველა გააკეთებს იმას, რასაც დანა უაითი იტყვის. არარეალურია, რომ მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის პრეზიდენტმა უარი თქვას კომერციულად ასეთ მიმზიდველ ივენთზე, მხოლოდ იმიტომ რომ ეს „ჰაილაითს“ არ უნდა.
თუ 37 წლის ჩემპიონი არის გასული კარიერის ბოლოში, თოფურიას იქამდე ჯერ ძალიან ბევრი აშორებს. ის არის UFC-ის აწმყოსა და ასაკიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მომავლის ვარსკვლავი, რომლის გარშემო შეიძლება მთელი იმპერიის აშენება, როგორც ეს თუნდაც ჯონ ჯონსისა და კონორ მაკგრეგორის მიმართებით მოხდა.
აქედან გამომდინარე, გეიჯის სიტყვა აქ არაფერს წყვეტს. ვეტერან ჩემპიონს მოუწევს ქართველ მეტოქესთან ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯასტინის ქამარს ვაკანტურს გახდიან. თეთრ სახლში მოგებით, მან მიიღო თავისი დიდების 15 წუთი, მაგრამ ილიას მიმართებით აქ საუბარია წლებზე, მთელ ერაზეც კი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე შარვაძე შავ სამოსში პოზირებს - „საოცარი ადამიანი ხარ“
🎥 „მე ბუნებას ვეკუთვნი, ღმერთი ჩემი ფავორიტი არტისტია“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიზა ყენია
⭕რა მოსდის ტვინს, როდესაც ლოცულობთ? - ნეიროფსიქოლოგების განმარტება