Digest Logo

რატომ არის სიხარული სულის და არა გარედან მოგვრილი მდგომარეობა - რას ამბობს მოძღვარი

1785431592
გურამ ოთხოზორია

ყველა კულტურა, ყველა ტრადიცია, ყველა მიდგომა, ყველა ფილოსოფიური ხედვა, მიუხედავად განსხვავებისა, მიმყვანია იმ ერთთან, რასაც ჩვენ ქრისტეს რწმენას ვუწოდებთ. რატომ დაიშალა თუ გაიშალა ღმერთი ამ მრავალგვარობაში, რომ ისევ გამთლიანებულიყო? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

„გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, მე მთელი სამყაროს სიბრძნეები, როგორც ფუტკარმა ყვავილების ნექტარი, მოვაგროვე და ქრისტეს ფეხებთან დავდეო. ამდენად, ქრისტე არ უნდა გავიგოთ, როგორც ქრისტიანების ან მართლმადიდებლების საკუთრება. ქრისტე, თავის დროზე, ქრისტიანი იყო?! მსოფლიო კრებებით ქრისტიანობად შეიკრა მისი მოძღვრება. ეს აუცილებელი იყო, რომ არ გაღვრილიყო და დატოვა გული. ჩვენ, ხომ, მიგვაჩნია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მემკვიდრეები ვართ?! ქართულ კულტურაზე გაზრდილები, ხომ, ვამაყობთ ავთანდილობით?! და თუ ვამაყობთ, მაშინ ავთანდილია ის, ვინც „უცხო-უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა“. – აი, ეს არის ქართული ცნობიერება და სული. ჯერ ერთი, მთელი „ვეფხისტყაოსნის“ ლანდშაფტი გადაშლილია ინდოეთს, ხატაეთს, არაბეთს... ვერ ეტევა და ავთანდილი სწორედ უცხო-უცხო ადგილებს ეძებს, რომ ტარიელს უწამლოს; თან, ემოყვრება მგზავრებს, ანუ არ ებრძვის და ვინ არიან მგზავრები?! რომლებიც გზაზე არიან გამოსული და ეძებენ. და რა არის ავთანდილობა ჩემში?! რომ შევკრიბო ყველა ის გამოცდილება, რომლებიც ამ კულტურებმა, ეპოქებმა დააგროვეს, რადგან სწორედ ამის შემდეგ შეძლებ ბოროტების არსის გაგებას, რომელსაც, თუ არ გაქვს ცოდნა და გამოცდილება, როსტევანივით ეტიკეტს მიაკრავ და შეებრძოლები. ხოლო მაშინ ის დაგლეწავს. ხომ გახსოვს, რა დღეში ჩააგდო როსტევანი, რაკი არ ეყო გაბედულება და ემოციამ და ამბიციამ პრობლემა შეუქმნა?! ავთანდილმა ეს იცის და თინათინიც ამიტომ უშვებს უცხო მოყმის საძებნელად, არ შეიძლება, ბუდე არ ჰქონდეს სადმეო. სამი წლის განმავლობაში ეძებს ავთანდილი ტარიელს, გადალახავს ცასა და ზღვას, ამოწურავს ყველაფერს და ბოლომდე რომ დაიცლება, მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება, ანუ ხედავს ტარიელს.

რას გვასწავლის ეს ჩვენ?! ისევ ებრაულ ცოდნას მოვიშველიებ: მათ აქვთ ასეთი ტერმინი: ურწმუნოს, მატერიალისტს, ათეისტს უწოდებენ ეპიკოროსს. რატომ გააიგივეს ეს ტერმინი, ეს მდგომარეობა ეპიკურელებთან?! ეპიკურელები აზროვნებდნენ, მაგრამ ეს იყო ერთგვარი სულიერი ონანიზმი, იმიტომ რომ ინტელექტუალურ უნარს, რომლითაც მათ უნდა შეეცნოთ ჭეშმარიტება, თვითტკბობად აქცევდნენ. ეს სჭირს ჩვენს ეპოქასაც: ამდენი ცოდნა დავაგროვეთ, ტექნოლოგიები განვითარდა, ინტერნეტი არსებობს, ხელოვნური ინტელექტი ხომ საერთოდ სიგიჟეა და ამ დროს საშიშროებაა, რომ ამ ცოდნის დანამატად ვიქცეთ. არადა ეს ცოდნა თუ არ გადავამუშავეთ და ენერგიად არ ვაქციეთ ჭეშმარიტების ძიების გზაზე და თუ უბრალოდ დავტკბით, ეს უკვე ეპიკოროსია. ამდენად, როდემდე შეიძლება, ვისაუბროთ, თუნდაც, რელიგიებზე?! საბოლოო ჯამში, ეს ცოდნა უნდა გადაიზარდოს ენერგიაში. ვინ არის ის ტარიელი, ვისაც უნდა ვუწამლოთ?! ქაჯეთში ვინ არის?! ეს ყველაფერი ხომ სიმბოლოებია?! აი, ეს გვავიწყდება და თვითკმარად ვრჩებით. სწორედ ეს არის ეპიკურეიზმი. არ უნდა დავრჩეთ ამ ტკბობაში, არ უნდა დავრჩეთ ამ ცოდნით გაბრუებულები. ეს ცოდნა ძალად უნდა იქცეს, მაგრამ როგორ აქცევ ძალად, თუ სურვილი არ გაქვს?! იმას ვამბობ, რომ, თუ თვითონ ეს პროცესი იმდენად გაგიტკბა, რომ უკვე კარგად ხარ და დიდი წვდომის, ანუ ფარდის გადაწევის, გარღვევის სურვილი არ გაქვს, რაც მთავარია – იმის მიწვდომის, რასაც ბოროტება ჰქვია და ყველაფერს აზრი ეკარგება.

ვინ არის ტარიელი?! ყველა ადამიანი არის ტარიელის სიმბოლო, იმიტომ რომ ნესტანს ეძებს. ვინ არის ნესტანი? სამოთხის ნეტარება! და ამით ყველა ადამიანია დაღდასმული, ვინც უნდა იყოს გარეგნულად. უბრალოდ, მატერიაში ეძებს და რომ ვერ პოულობს, გაბოროტებულია ან პროტესტს აცხადებს, უარს ამბობს თამაშზე, გებუტებითო და მიეძალება ნარკოტიკს, ღვინოს, აზარტულ თამაშებს... ეს ყველაფერი გაქცევაა. ადამიანი ვერ უძლებს, იმიტომ რომ მას ახსოვს ის ნათელი და აქ უჭირს. ამიტომ, თუ გვინდა, ძირამდე ჩავიდეთ, ის უნდა გავაკეთოთ, რაც ავთანდილმა გააკეთა. რისთვის ვიძენთ ამ ცოდნას?! რა არის ჩვენი ძიებების საგანი?! რა დევს ბოლოში ან იქ ვინ გველოდება?!

ტატიანა ჩერნეგოვსკაიას ბევრი ვუსმენთ, ბრწყინვალე პიროვნებაა, აკადემიკოსი და ის ამბობს, ვერ ვიგებთ, თუ როგორ იყურება პიროვნებიდან ის, რომელსაც ვერ დააფიქსირებ; შედეგს ზომავ, იმიტომ რომ ტვინი აფიქსირებს რეაქციებს, მაგრამ მისი აღქმა მოუხელთებელია ჩვენთვის. სწორედ ეს არის საინტერესო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთი ძალიან ნაცნობი რაღაც თემის შესახებ ორი ხედვა გვაქვს, ეს არის დამატებითობის პრინციპი. ურთიერთსაწინააღმდეგონი აღმავსებლები არიან ერთმანეთის. რატომ?! იმიტომ რომ, თუ ჩვენ რამდენიმე კუთხიდან ერთ არსზე, ერთ საგანზე, ერთ სიტყვაზე ურთიერთგანსხვავებული მიდგომებიდან ერთი შედეგი არ მივიღეთ, ის არ მტკიცდება. ამიტომ, რაც მეტი ხედვაა, მით ახლოს მივდივართ დამტკიცებამდე. მაგალითად, რა არის სიყვარული?! როგორ განმარტავ?! ან შეუძლია კი ერთ ენას ბოლომდე გამოხატოს მისი არსი?! ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვის წყობას. ქართულად არის მიყ-ვარ-ხარ. ვარ და ხარო, ესე იგი, სიყვარული ამთლიანებს ჩემს ყოფნას: მე ვარ, შენ ხარ. ხოლო, თუ შევაერთებთ, მათემატიკურად ორი არ შეიძლება, უნდა შევკვეცოთ და მაშინ რა რჩება?! ვხარ, ანუ ვხარობ. როდის ვხარობ? როდესაც მე და შენ ვმთლიანდებით. მიყვარხარ, ესე იგი, მეც ვარ და შენც ხარ და ამას ემატება - ვხარობ, ანუ როგორ ხარ ნიშნავს, როგორ ხარობ, იმიტომ რომ, თუ არ ხარობ, არ ხარ.

სიხარული, სულაც, არ ნიშნავს, რომ ხარობ. სიხარული არ არის გარედან მოგვრილი მდგომარეობა, სიხარული სულის თვისებაა, ისევე, როგორც, მაგალითად, წყლის თვისებაა სისველე. სული არის სიხარული და როდესაც ეს დავკარგეთ, გარეთ გავიტანეთ, უკვე გარედან მოგვაქვს; ჭა, წყარო გარეთაა და ამიტომ სიამოვნებას ვეძახით სიხარულს, რაც არაბუნებრივია. ეს უკვე ტრანკვილიზატორია, რომ როგორმე თავი გავიტანოთ. სამარიტელ დედაკაცს მაცხოვარი იაკობის ჭასთან ელაპარაკება. რის სიმბოლოა ჭა?! ეს არის წყარო, რომელიც მე ამ წუთისოფელში უნდა ვიპოვო, რომ დავიკმაყოფილო ხუთი გრძნობის ორგანოს მოთხოვნა სიხარულზე, სიამოვნებაზე. რატომ? იმიტომ რომ სიხარული ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა, სამოთხის მდგომარეობაა, სტანდარტია და როდესაც ამას ვკარგავ, იძულებული ვარ, ჭიდან ამოვიღო ის, ანუ მჭირდება თვალით დასანახი, ყურით მოსასმენი, ამიტომ მუდმივად ვქაჩავ ჭიდან წყალს და ვიღლები, თან, ვერც ვკმაყოფილდები... და რას ეუბნება ქრისტე? წყარო, რომელსაც მე მოგცემ, მოგიკლავს წყურვილს, არ დაგჭირდება გარეთ გასვლა, შიგნით გექნება წყლის ნაკადულები და ის უსასრულოდ იდენს. ანუ ადამიანში შიგნით არის სამოთხის სული, ოღონდ გადაფარული და დამტვერილი“, - ამბობს მამა გურამ ოთხოზორია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა

🎥 ქეთევან წამებულის ცხოვრების უცნობი დეტალები - ეს უნდა იცოდე!

„შენ გგონია, უფრთხილდები, იცავ... ამ დროს ძალადობ?“ - როდესაც მშობელი შვილის საზღვრებს არღვევს

წყარო: tbiliselebi.ge