ყველა მშობელს სურს, რომ შვილი დაიცვას. ხშირად სწორედ სიყვარულის, ზრუნვისა და პასუხისმგებლობის სახელით ხდება ის, რასაც ბავშვი დაცვად კი არა, საკუთარი სივრცის დარღვევად აღიქვამს. პრობლემა ისაა, რომ საზღვრების დარღვევა ყოველთვის ყვირილს, ცემას ან აშკარა ძალადობას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს ძალიან კეთილი და „მზრუნველის“ სახელითაც ხდება.
„მე უკეთ ვიცი, რა გჭირდება“, „შენს გამო ვაკეთებ“, „შენ ჯერ პატარა ხარ, რომ გადაწყვიტო“ – ეს ფრაზები ბევრ ოჯახში ნორმად მიიჩნევა. თუმცა ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის არა მხოლოდ სიყვარული, არამედ მისი პიროვნული საზღვრების პატივისცემაც აუცილებელია.
საზღვრები არის უხილავი ხაზი, რომელიც განსაზღვრავს, სად იწყება და მთავრდება ადამიანი როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. ბავშვსაც აქვს საკუთარი სხეული, ემოციები, აზრები, სურვილები და არჩევანის გარკვეული უფლება, ასაკის გავალისწინებით.
როდესაც მშობელი ამ სივრცეს პატივს სცემს, ბავშვი სწავლობს, რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვანია. როდესაც მუდმივად ირღვევა ეს სივრცე, ის სწავლობს საპირისპიროს: რომ მისი სურვილები მეორეხარისხოვანია და სხვებს ყოველთვის მეტი უფლება აქვთ მის ცხოვრებაზე.
საზღვრების დარღვევა შეიძლება მაშინაც მოხდეს, როდესაც მშობელი ბავშვს აიძულებს ჩაეხუტოს ვინმეს, მიუხედავად მისი უარისა. მაშინაც, როდესაც მის ნაცვლად იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მაშინაც, როდესაც მის ოთახში უკითხავად შედის, ეცნობა მის შეტყობინებებს, აკონტროლებს მის პირად საუბრებს ან დასცინის მის გრძნობებს. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ სრული კონტროლი სიყვარულის გამოხატულებაა. სინამდვილეში, კონტროლი და ზრუნვა საგრზნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზრუნვა ბავშვს უსაფრთხოების განცდას აძლევს, კონტროლი კი თავისუფლების დაკარგვის შეგრძნებას.
მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომელთა ავტონომიას მშობლები პატივს სცემენ, მეტი თვითშეფასება, პასუხისმგებლობის უნარი და ემოციური მდგრადობა უყალიბდებათ. ხოლო ზედმეტი კონტროლი და ფსიქოლოგიური ჩარევა ხშირად უკავშირდება შფოთვას, არასრულფასოვნების განცდასა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს.
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ბავშვს საზღვრები სჭირდება ისევე, როგორც წესები. ბევრ მშობელს ეშინია, რომ ბავშვის თავისუფლების პატივისცემა ავტორიტეტის დაკარგვას ნიშნავს. რეალურად, ჯანსაღი აღზრდა არის ბალანსი კონტროლსა და თავისუფლებას შორის.
ბავშვს არ სჭირდება მშობელი, რომელიც მის ნაცვლად იცხოვრებს. მას სჭირდება მშობელი, რომელიც იქნება ახლოს, მაგრამ არა ზედმეტად ახლოს. დაეხმარება, მაგრამ არ ჩაანაცვლებს. მოუსმენს, მაგრამ არ დააიგნორირებს მის ხმას.
რა დოზით უნდა იყოს მშობელი ბავშვის ცხოვრებაში? იმდენად, რომ ბავშვმა იცოდეს: „თუ დამჭირდება, დედა ან მამა მის გვერდით იქნება“. მაგრამ არა იმდენად, რომ ვერასოდეს იგრძნოს: „ამას თვითონაც შეძლებს“.
როდესაც ბავშვი იზრდება, მშობლის როლი იცვლება. პირველ წლებში ის ფაქტობრივად ბავშვის მთელი სამყაროა. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გადაიქცეს გზამკვლევად. და ბოლოს, ადამიანად, რომელიც გვერდით დგას, მაგრამ გზას აღარ კარნახობს.
საზღვრების მუდმივი დარღვევისას ბავშვი ხშირად განიცდის დაბნეულობას. გარედან შეიძლება მორჩილი და „კარგი“ ბავშვი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად ვერ ხვდებოდეს, რა სურს სინამდვილეში. უჭირდეს უარის თქმა, საკუთარი აზრის დაფიქსირება, გადაწყვეტილებების მიღება ან ტოქსიკური ურთიერთობების დატოვება. ის ეჩვევა, რომ სხვებმა უკეთ იციან, რა არის მისთვის კარგი.
ხოლო როდესაც მისი საზღვრები დაცულია, ბავშვი სწავლობს ყველაზე მნიშვნელოვან რამეს: რომ მას აქვს უფლება თქვას „არა“, ჰქონდეს საკუთარი აზრი, დაუშვას შეცდომები და მაინც იყოს მშობლისთვის საყვარელი.
მშობლობას ხშირად შეცდომის შიში ახლავს. ამიტომ ღირს საკუთარ თავს ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ: „მე მართლა ვიცავ ჩემს შვილს, თუ მის ნაცვლად ვცხოვრობ?“.
ზოგჯერ ამ ორ რამეს შორის ზღვარი ძალიან ვიწროა. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე, რომ სიყვარულის სახელით გაკეთებული ქმედება ბავშვისთვის თავისუფლების დაკარგვისა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილებად იქცევა.
სიყვარული არ ნიშნავს ბავშვის ფლობას. სიყვარული ნიშნავს მის აღიარებას ცალკე ადამიანად. და სწორედ იქ იწყება ჯანსაღი ურთიერთობა, სადაც მშობლის სიყვარული და ბავშვის საზღვრები ერთმანეთის მტრები კი არა, მოკავშირეები ხდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფასდება არა ვნებიანი სიტყვები, არამედ პრაქტიკული ზრუნვა...“ - 30 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕შორენა ბეგაშვილის პარიზული დღეები გრძელდება - მოდელი რესტორანში „ბარონ“ პოზირებს