შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი, ასევე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
აღნიშნულის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მინისტრთან გამართული დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული. ახალი უწყება ნებისმიერ იმ საჯარო კომუნიკაციაზე მოახდენს რეაგირებას, რომელიც სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებასა და ღირსების შელახვას შეიცავს.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიურ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, მოამზადებს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, მასალებს სასამართლოში გადააგზავნის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება, თუმცა ამავდროულად მიუღებელი გახდება სიძულვილისა და მტრობის წახალისება.
მან რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული ინიციატივაც გაიხსენა, რომელიც დებატების სივრცის გახსნის აუცილებლობას უკავშირდებოდა.
მდინარაძის განცხადებით, წლების განმავლობაში გარკვეული გარე აქტორების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა, რათა საზოგადოებაში არ ყოფილიყო არგუმენტირებული დებატები და კონსტრუქციული პოლემიკა, რამაც პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აგრესიული რიტორიკა დაამკვიდრა.
მისივე შეფასებით, დებატების სივრცის გახსნა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ახალი სამმართველოს შექმნით კი ქვეყანა ამ მიმართულებით მორიგ ეტაპზე გადადის.