წმინდა გიორგი მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად ითვლება. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.
საქართველოში წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი – ბორბალზე წამების დღეს.
როგორ აღნიშნავდნენ გიორგობას ძველად
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს სხვადასხვაგვარად აღნიშნავდნენ.
მაგალითად, რაჭაში გაზაფხულის გიორგობა უქმე იყო. დილით ადრე ოჯახში ყველიან ან ქონიან რიტუალურ პურს, განატეხს აცხობდნენ, ორ სანთელს ჩამოქნიდნენ. კაცი იღებდა განატეხს, ერთ ბოთლ ღვინის ზედაშეს, სანთელს და ეკლესიაში მიდიოდა. წმ. გიორგის მშვიდობიან და მოსავლიან წელიწადს სთხოვდნენ. სანთლებს ეკლესიაში ანთებდნენ, განატეხს ეზოში ჭამდნენ და ღვინოსაც აყოლებდნენ. ამ წესის შესრულება ყველა ოჯახს ევალებოდა. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ისიც მიდიოდა, ვისაც ავადმყოფობის გამო ამ წმინდანისთვის შესაწირი ჰქონდა შეთქმული.
შემოდგომის გიორგობას მხოლოდ ხვნა და თესვა იკრძალებოდა. ქალებს ეკრძალებოდათ ქსოვა, თუმცა შეეძლოთ კერვა, რეცხვა და სხვა საქმე. ნოემბრის გიორგობას მლოცველი ღამისთევით მიდიოდა ეკლესიაში. უნდა ითქვას, რომ რაჭაში მთელ დასავლეთ საქართველოში ყველაზე სახელგანთქმული სალოცავი – მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს. აქ სასწაულმოქმედი ოქროს ჯვარი ყოფილა დაცული, რომლისთვისაც, გადმოცემის მიხედვით, შაჰ აბას I-ს ხმალი შეუწირავს. ამ ეკლესიაში შესაწირად მიჰყავდათ ძირითადად ხარი ან მოზვერი, მოგვიანებით კი - ცხვარი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავთ ყველაზე საოცარ დღეს...ღმერთის წყალობით ბევრი რამ შევძელით“ - რუსკა ქარქაშაძე
⭕„საით წახვედი მამაჩემო?... რატომ არ დამხვდი იქ...საათს დავხედე და მაშინ მივხვდი - დამაგვიანდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე